გაეროს ექვსმა ექსპერტმა, მათ შორის, წამების საკითხებზე სპეციალურმა მომხსენებელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საქართველოს მოუწოდეს, მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართულ პროტესტების დროს მოხდა.
”ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან,“ – აღნიშნეს ექსპერტებმა.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ბრალდებების მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა, წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს.
”ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს ინციდენტები შესაძლოა იზოლირებული არ ყოფილიყო და მოიცავდეს ზემდგომი სუბიექტების პასუხისმგებლობას,“ – განაცხადეს ექსპერტებმა.
არსებობს სანდო ცნობები, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებლები. ცნობების თანახმად, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი – თავისა და სახის მძიმე დაზიანებებით.
ცნობილია, რომ ბევრი დემონსტრანტი დააკავეს და მათ არ მიეცათ ადვოკატთან წვდომის ან ოჯახებისთვის მათი ადგილსამყოფლის შეტყობინების შესაძლებლობა.
”ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ბევრი დაკავებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხანგრძლივი და განმეორებითი ცემის, გაუპატიურების ან სხეულის ნაწილების მოტეხვის მუქარის ქვეშ იყო, და მათთვის სამედიცინო დახმარება არ იყო ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნეს ექსპერტებმა.
მათ აღნიშნეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების შესახებ.
„ამ დრომდე, აღნიშნულ გამოძიებას შედეგი არ გამოუღია, მაშინ როდესაც ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება,“ – განაცხადეს მათ.
”ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ველით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“ – განაცხადეს ექსპერტებმა.
„ყველა თვითნებურად დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ეს უნდა მიეწოდოს.“
ექსპერტებმა გაიმეორეს, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილის ზომების მიღებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს და მკაცრად რეგულირდებოდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
მათ აღნიშნეს, რომ სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლება უმაღლეს პრიორიტეტად უნდა იქცეს.
ისინი თხოვენ უწყებებს აცნობონ “კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებებისა და დაკავების ადგილებში“
ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე უწყებებს წერილობითაც მიმართეს და აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებენ.