აღვირახსნილი ჩაგვრა – როცა მოქნეული ხელის გამო ქალს აპატიმრებ, ჟურნალისტებზე თავდამსხმელი “ტიტუშკა” კი დაუსჯელია

“როცა პოლიციელისთვის მოქნეული ხელის გამო ქალს პატიმრობით ემუქრები, ხოლო ოპერატორზე მოხტუნავე “ტიტუშკა” დაუსჯელი გყავს, ეს აღვირახსნილი ჩაგვრაა” – ამის შესახებ მოქალაქე დათო სიმონია სოციალურ ქსელში წერს.

დათო სიმონია გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ მზია ამაღლობელის მიერ დაწყებული შიმშილობა შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

”მზიას არ ვიცნობ. პირველად მასზე მაშინ გავიგე, როცა 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გათავისუფლებიდან მალევე ისევ დააპატიმრეს. ამჯერად პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავდასხმა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია იმ მოქნეული ხელისთვის, მაგრამ თურმე სტკენია კაცს.

პოლიციელისთვის მოქნეული ხელი სამაგალითო შეიძლება არ იყოს, მაგრამ როცა ამის გამო ქალს 7 წლამდე პატიმრობით ემუქრები, ოპერატორზე მოხტუნავე ტიტუშკა და დაცემული ბიჭების თავებით მოთამაშეები კი დაუსჯელი გყავს – აღვირახსნილი ჩაგვრაა.

ამ ჩაგვრას ზოგი ეგუება და ზოგი ისე უპირისპირდება, როგორც შეუძლია. მზიას შიმშილობა დაუწყია. მეგობრები ღელავენ, ქრონიკული დაავადებების გამო როგორ გადაიტანს, არ ვიცითო. მე მითუმეტეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა: თუ ცოტა შანსი მაინცაა, ეს ამბავი ფატალურად დასრულდეს, რისკი ყველამ, ყველა ხერხით უნდა დავაზღვიოთ.

მზია “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დირექტორიცაა. მის ადგილას ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც სამთავრობო მედიის წარმომადგენელი, რეაქცია იგივე მექნებოდა. არავის სიცოცხლე სათამაშო არაა და ამის გაუაზრებლობა სადიზმია.

მზია ამაღლობელის პატიმრობა უნდა შეწყდეს.” – წერს დათო სიმონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share