კაფანდარა ქალი, რომელიც ურჩხულს ეომებოდა
„რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი… შემდეგ – 19 წლის ასაკში… ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს… 27 წელი… ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია… ახალს არაფერს ველი… სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე… ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერკალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია… უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს…“ – ნაზი შამანაურის დღიურიდან
საბჭოთა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ნაზი შამანაურის სახელი და გვარი პირველად რომ გავიგე – მასზე ტელევიზიით გადმოსცეს. მახსოვს, ოჯახში როგორ განიხილავდნენ მის ამბავს ჩემი ექიმი დედა და ჟურნალისტი დეიდა. შეგრძნებაც მახსოვს, როგორ მეშინოდა ფსიქიატრიულ კლინიკასთან ჩავლის, რადგან დეიდა-ბიძისგან ვიცოდი, რომ სახელმწიფოსთვის არასასურველ პირებს სწორედ იქ უკრავდნენ ხოლმე თავს და აწამებდნენ.
სამწუხაროდ, წლებია, დღემდე, ჩვენს ქვეყანაში აღარც ადამიანების წამება გვიკვირს და, საუბედუროდ, წამებას არც ახლა ვთაკილობთ. თანაც ამისთვის კარგა ხანია, აღარც ფსიქიატრიული კლინიკაა აუცილებელი, ალბათ, რამდენიმე წლის წინ ამიტომაც დაანგრიეს, კლინიკის გარეშეც შეძლებულა ხალხის წამება!
ახალგაზრდა, კაფანდარა ქალი ნაზი შამანაური – საბჭოთა ჟურნალისტი დუშეთიდან, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სული წამებით ამოჰხადეს, ჩემთვის მაინც ჩვენი დროის პირველ მოწამედ რჩება – საკუთარ დედასთან ერთად მან 5 გაუსაძლისი თვე გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, 70 დღის განმავლობაში იშიმშილა და იმ დროისთვის „ბუნდოვან ვითარებაში“ დაიღუპა.
როგორ შეიძლებოდა, პაციენტის მკურნალობა წამებად ექციათ ექიმებს? არადა, ფაქტია, რომ ნაზი შამანაურის ცხოვრება საბჭოთა პერიოდის ფსიქიატრიამ მართლაც წამებად აქცია. ნაზის თავს გადახდენილ ამბებს დღეს ექიმებიც კი ქართული ფსიქიატრიის ისტორიის შავ ლაქად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, იმხანად ფსიქიატრიას ხშირად იყენებდნენ პოლიტიკური ტერორის იარაღად.
ნაზი ჟურნალისტი იყო და აქვეყნებდა ფაქტებს, რომელიც აშიშვლებდა საბჭოთა ჩინოვნიკების კორუფციას და ამ მხილებას შეეწირა კიდეც…
ცნობისთვის: ნაზი შამანაური დაიბადა 1940 წლის 5 ივლისს დუშეთში. ბავშვობის პირველი წლები მამის მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა, 1944 წელს კი დედა – სარა ინაშვილი და ნაზი საცხოვრებლად დუშეთში გადავიდნენ. 1958 წელს ნაზიმ დაამთავრა დუშეთის პირველი საშუალო სკოლა და სწორედ მაშინ უყიდა დედამ პიანინო, რამაც უზომოდ გაახარა. გოგონა დღედაღამ წიგნებში იყო ჩაფლული, ფრანგულიც თავისით ისწავლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ისევ დუშეთს დაუბრუნდა და პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. იქ ბევრი უსამართლობა დაინახა და მიხვდა, – ამას ვეღარ მოვითმენ, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და სიმართლის თქმას მაშინ ხომ ვეღარ დამიშლიანო… 1966 წელს კვლავ სტუდენტურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ამჯერად თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ისწავლა და წარჩინებითაც დაამთავრა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო იმხანად თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ შტატების შემცირების საბაბით გაათავისუფლეს.
მუდამ უსამართლობასთან მებრძოლი
მისი ბავშვობის მეგობრების აღწერით, ნაზი ძალიან ლამაზი გოგონა ყოფილა, კარგი აღნაგობის, ულამაზესი თვალებითა და ღიმილით, მასთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებდა. ვერასდროს ეგუებოდა უსამართლობას და პროტესტსაც ყოველთვის გამოხატავდა. სკოლაში, თურმე, ყველას დამცველი ნაზი იყო, ბიჭებიც რომ ჩხუბობდნენ, ხელით გაწევ-გამოწევდა და ასე აშველებდა. გულისხმიერი ადამიანიც ყოფილა, სკოლა-ინტერნატში მასწავლებლად რომ მუშაობდა, კლასის ობოლი მოსწავლეებისთვის რვეულებსა და საწერ კალმებსაც თავისი მწირი ხელფასით ყიდულობდა…
ამბობენ, ნაზი ბავშვობიდან გამორჩეულად წერდა და საქართველოს იმჟამინდელ პატრიარქთან – უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ II-სთან პირველი ინტერვიუც სწორედ მას ჩაუწერია, სტატია კი საბჭოთა გაზეთში დაუბეჭდავთ. იმასაც ამბობენ, რომ არასტანდარტულად წერდა ანუ არა ისე, როგორც კომუნისტური პარტია და საბჭოთა ჟურნალისტიკა მოითხოვდა, არამედ – საკუთარი შეხედულებებითა და შეფასებებით.
ნაზი ძალიან მამაცი და თამამი გოგონა ყოფილა. მართალია, საბჭოთა წყობის საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერს წერდა, პირიქით, კარგს თუ დაწერდა ხოლმე, ოღონდ ჩინოვნიკების მხრიდან ჩადენილ ცალკეულ, კონკრეტულ უსამართლობასა და კორუფციას, რასაც სხვებიც ხედავდნენ, მაგრამ ეგუებოდნენ, ყოველთვის ებრძოდა. იგი არათუ საჯაროდ ამხელდა კორუმპირებულებს, მათთან ხელჩართულ ბრძოლაშიც კი შეეძლო ჩართვა. ახლობლები ეუბნებოდნენ, რომ მისი ბრძოლა რაიკომის მდივნების თუ კოლმეურნეობების თავმჯდომარეების წინააღმდეგ ამაო იყო და ხეებისთვის ტოტების მოჭრას უფრო ემსგავსებოდა, რადგან თავად სათავე ანუ კომუნისტური სისტემა იყო დაავადებული, იგი პასუხობდა, რომ კომუნისტური სისტემა სულაც არ იყო ცუდი და მას კორუმპირებული ადამიანები ამახინჯებდნენ.
ბევრს მიაჩნდა, რომ ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა. იგი დისიდენტი არ ყოფილა, კომუნიზმის სწამდა და იმ ჩინოსნების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ვინც ლენინიზმის იდეას ამახინჯებდა, ვინც ხალხის შრომით მდიდრდებოდა. იგი სახელმწიფოსთვის სახიფათო პიროვნებად მიაჩნდათ და არც არასდროს გაათავისუფლებდნენ.
ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
„რას მთხოვენ? – უარვყო ჩემი პიროვნება? ეს არ მოხდება. ამქვეყნად არსებობს დიდი ზნეობრივი ფასეულობანი – ეს არის ხალხისა და ჩემი სამშობლოს სიყვარული, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ ეღალატების. სულიერად დაავადებულები არა ვართ… რისთვის გვთხოვენ ხელწერილს, თუ გიჟები ვართ? მე მთავრობას არ ვუჩივი. მე ვუჩივი უსამართლობას, უკანონობას… მე ვთქვი სამშობლოს ზრდისა და ამაღლების საჭირო სიტყვა, რომელიც დღეს საზოგადოებას აღელვებს“.
ნაზის მეგობრის, ბელა წვერაძის თქმით, იგი თავისი მოქმედებით თუ წერილებით ებრძოდა ყველაფერს, რაც უსამართლოდ მიაჩნდა – იცავდა ჩაგრულს, ღარიბს, უპატრონოს, მოხუცს. მან საზოგადოება დაყო ოთხ ნაწილად: მომხვეჭელებად, ქურდებად, ავაზაკებად და პატიოსან ჩაგრულებად. უკან დახევა არ იცოდა, მაგრამ სიმართლის დამტკიცებაც იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო.
ბოლო წერილი მან 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, დაიწყეს მისი დევნა და შევიწროვება. კულმინაცია აღმოჩნდა ნაზის სიტყვით გამოსვლა 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში, ვაჟაობის სახალხო დღესასწაულზე. იქ მან ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებები, საქართველოს სავალალო მდგომარეობა და… უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს კიდეც. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77-გვერდიანი მამხილებელი ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს ნაზის დედაც – სარა ინაშვილი. დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზი შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და შიმშილობდა 70 დღის განმავლობაში.
ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
„…მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს… ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… მუცელში მცემდნენ. თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო… კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა… ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს… ლანცეტით მაწამებდნენ… სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ… ვიხრჩობოდი… იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა… კბილები დამემსხვრა… პირსახოცი სისხლიანი იყო… შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევაო…“
ნაზი შამანაურმა საავადმყოფოდან 60-გვერდიანი წერილი გაუგზავნა – ირაკლი აბაშიძესა და ჯანსუღ ჩარკვიანს: „…ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, კომუნისტის უმწიკვლო სახელიც… ნუთუ, სამშობლო ცოცხლად დაგვმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი შეურყვნელი წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე? თუკი ბოროტ ძალებს შეუძლიათ გაერთიანდნენ თავიანთი მზაკვრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ, რატომ არ ძალუძს, მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად?… საჭიროა ერთიანი ძალა საქართველოს და ქართველი ხალხის გადასარჩენად. ამას მოითხოვს საქართველოს ერთიანი, მღვიძარე სული… სიცოცხლის არსი და დანიშნულება თანამდებობაში როდია! ხალხი პატარაა, მაგრამ ქვეყანას თვალწარმტაცი სიმწვანით მოსავს. მაშ, რაშია ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება, თუ არა სამშობლოს სამსახურში!..“
წერილის მიღების შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანს ნაზი შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუნახულებია…
დღიურებს ნაზი ჩუმად წერდა, რათა ფსიქიატრიულის თანამშრომლებს არ წაერთმიათ, მით უფრო, რომ იქვე ჩასაფრებულივით ჰყავდა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველი განყოფილების სისასტიკით გამორჩეული დიასახლისი ვალიდა აბუსერიძე.
ამონარიდი დღიურიდან:
„20. 10. 82. მთელი კბილები ჩამიმტვრიეს. სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი.
ვალიდა აბუსერიძე: მე შენ გიჩვენებ, მოგხვდა თუ არა ცხვირ-პირში, გიტირეთ ყოფა, დედა-შვილი გველებივით რომ დაძრწოდით თბილისში, ეყარენით და ამოლპით, კაციშვილი ვერ გაიგებს თქვენს გზებს, აქ ამოლპებით“…
დღიურის უკანასკნელი ჩანაწერი
ნაზი შამანაურმა უკანასკნელი ჩანაწერი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე ტკივილებისგან დატანჯულმა დაწერა:
„ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი… მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ… ძალები არ გამომლევია. უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია“…
1983 წლის 20 იანვარს ნაზი შამანაურის რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დასრულდა კიდეც ამქვეყნიური ყოფნა და ტანჯვა, მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად კი სეფსისი დასახელდა.
„მისი მტერი მისი სიმართლე იყოო“, – უთქვამს ნაზის ბიცოლას, – „ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩემს ნათქვამს ახლოს არ იკარებდა… ნაზი ბოლოს 1983 წლის 7 იანვარს, შობა დღეს, საავადმყოფოში ვნახე. სასიკვდილო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა უზომოდ გამხდარი და საშინლად ნაცემი ჩანდა. გამომშვიდობებისას მითხრა, ბიცოლა, მალე წამიყვანე აქედან, თორემ მომკლავენო… დარწმუნებული ვარ, ნაზი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცემით მოკლეს და, კვალის დამალვის მიზნით, გვამი მე-9 საავადმყოფოში გადაიტანეს. სხვათა შორის, მიცვალებულს მარცხენა ხელი და ფეხი მოტეხილი ჰქონდა, თავი – სისხლიანი და შუაზე გადახეთქილი. ნაზის დედას, სარა ინაშვილს შვილის ცხედარი არც აჩვენეს და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დასაფლავების შემდეგ, მხოლოდ მეორმოცე დღეს გამოუშვეს. სარას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ნაზი საქმეზე იყო წასული და მალე დაბრუნდებოდა, სახლს ალაგებდა, ნაზის საყვარელ ხაჭაპურებსა და ქადებს აცხობდა, გოგო ნამგზავრი იქნება და ეშიებაო“…
სევდიან ეპილოგად
უსამართლობასთან მებრძოლი ქალის ლირიკა
„არასოდეს მოგიტანია ყვავილები ჩემთვის… თუმცა… ყველას შურდა ჩემს ლარნაკში ჩაწყობილი ვარდების სურნელება.
მე ვყიდულობდი: არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ შენ არ მყავდი“ – დღიურიდან.
კვირის პალიტრა