“მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო…” | თემურ ქათამაძე მე-13 დღეა შიმშილობს

“მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. აბა ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?…” – წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც პროტესტს ნიშნად, უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

მის მიმართვას სოციალურ ქსელში ლინდა ცინცაძე ავრცელებს.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს.

მანაც ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ დგებუაძე 10 პოლიციელთან ერთად, 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. ქათამაძის ცნობითვე, ძალადობის პროცესს ესწრებოდა პოლიციის ოფიცერი თენგიზ კვირკველიაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share