წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს, თითქმის, ყველა დაკავებული – ეს ინფორმაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.
დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. დგინდება, რომ ძალადობრივი მეთოდებით ერთ ადამიანს მინიმუმ ხუთი პოლიციელი უსწორდებოდა. ძალადობა “ხარებას“ მონაწილეობით, ან “ხარებას“ თვალწინ ხდებოდა.
ევროპული მომავლის მცველები გაატარეს ნიღბოსნების ე.წ კორიდორში, სადაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და ღირსება შეულახეს.
სასამართლოში მიყვანას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 20-ზე მეტი ადამიანი ელოდება.
დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც ზაჰესის იზოლატორთან იმყოფებიან და პირველადი მოხმარების ნივთების შეგზავნას ცდილობენ, შემზარავ ამბებს ჰყვებიან.
ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, ეს პირები, თითქმის, ერთიდაიგივე ისტორიას ჰყვებიან, თუ როგორ უსწორდებოდნენ და რა ტაქტიკით ხდებოდა მათი ცემა, შემდგომ დაკავება და შემდგომ იზოლატორში გადაყვანა. ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა მომიყვა, რომ დაკავების დროს ფეხზე ეცნენ, მიიყვანეს ხარებასთან, რომელიც მანქანაში ჯდებოდა, მის წინ დააგდეს. მან ფეხი დამდო ზურგზე, თმაზე მომკიდა ხელი და მითხრა, აბა ახლაც შეიგინეო. მერე მირტყამდნენ მცემდნენო, შემდეგ კი გადაიყვანეს იზოლატორში“, – ამბობს ადვოკატი.
მოვინახულე დაკავებულები, აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანზე განხორციელებულია დაკავების დროს გადამეტებული ძალის გამოყენება. ნაცემია უმეტესობა, მაგრამ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი, რომ არა მხოლოდ დაკავების, არამედ გადაყვანის დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომობილებშიც ჰქონდა ძალის გამოყენებას ადგილი“, – აცხადებს კიდევ ერთი ადვოკატი.
დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც მისი დედა “ტვ პირველს“ უყვება, ის სასტიკად არის ნაცემი და გონების კარგვის ეპიოზიდიც ჰქონდა.
აქციაზე იყო მარტო, დას ელოდებოდა, უცბად დაიწყო ხალხის ჭყლეტა, წააქციეს ვიღაც, რომლის აყენებაშიც ხალხს ეხმარებოდა, ამ დროს დაესხნენ თავს, როგორც თვითონ ახსოვს, რადგან რაღაც პერიოდში გონებაც დაკარგა. დაკავებისას მაგრად სცემეს, იმ ცნობილ კადრშია, ხარებას ხალხს მარშუტკაში რომ შეჰყავთ, მუცელში ისე ჩაარტყეს, რომ ვერ ამოისუნთქა. სავარაუდოდ, გონებაც დაკარგა. ახლა მიმყვას გამოკვლევაზე. გდდ-ს ხალხმა გაძარცვა, ფული, პირადობა, ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვეს. ფეხიც სტკივა“, – ამბობს ნიკოლოზ გველუკაშვილის დედა, ელზა ხარარაშვილი.
დაკავებულების სასამართლო პროცესები დღეს საღამოს, ან ხვალ გაიმართება.
tvpirveli.ge