რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს მიმდინარე აქცია პატიმარს, ანდრო ჭიჭინაძეს ეძღვნება, რიგითი მოქალაქეების გარდა, გაფიცული ხელოვანებიც იმყოფებიან.
მსახიობები, რომლებიც უკვე 84-ე დღეა ქუჩაში დგანან და პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ, კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს მიმართავენ.
თითოეული მათგანი ანდრო ჭიჭინაძეს მხნეობას უსურვებს და ამბობს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იქამდე გაილაშქრებენ, სანამ დაკავებულებს საპატიმროდან არ დაიხსნიან.
”ძალიან გვენატრება და მინდა, რომ მხნედ იყოს, ძლიერად. ჩვენ შენთან ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა პატიმრის თავისუფლებამდე. ვართ სოლიდარულები ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს და გავაგრძელებთ ცხოვრებას და მუშაობას ერთად”. – განაცხადა მიშა ჩარკვიანმა.
ანდრო მიყვარხარ და ძალიან მენატრები. იცოდე, რომ ჩვენ აქ ვართ, აქ ვიქნებით, იქამდე სანამ შენთან ერთად არ ვიზეიმებთ იმ გამარჯვებას, რისთვისაც ძალიან დიდი ხანია ვიბრძვით. ყოჩაღად იყავი, მიყვარხარ და მენატრები და სულ ვფიქრობ შენზე. ძალიან ბევრი საინტერესო რამე გვაქვს და შენ ეს იცი. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველაფერი დასრულდება ცუდი სიზმარივით და მინდა ყველა ჩვენს სინდისის პატიმარს, ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა გამოვუცხადო და ვუთხრა, რომ მხნედ იყავით მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება. რამდენი მინუსიც არ უნდა იყოს გარეთ და როგორც არ უნდა დაგვემუქროს პოლიცია. ჩვენ აუცილებლად გავაჟღერებთ თქვენს ხმას და ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ იქ მარტო არ დაგტოვოთ”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.
ანდრო ძალიან მომენატრე, ძალიან მოგვენატრე ყველას, შენს ოჯახის წევრებს. ყველა ვიხსენებთ იმ დროს, როდესაც შენ ჩვენთან ერთად იყავი და როდესაც შენი შემოქმედება ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. შენ ხარ იმ მდგომარეობაში, როცა შენი ყოფა გახდა ყველასთვის მნიშვნელოვანი და ყველასთვის სადარდებელი. მაგრამ, როგორ მხნედაც ხარ შენ, ზუსტად ეგ მხნეობა გადმოგვედო ჩვენ. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად დავიწყეთ. არ შეიძლება, რომ ასეთი უსამართლობა გაგრძელდეს. ჩვენს ქვეყანაში იქნება სამართალი, იქნება მშვიდობა და ამის გარანტი ხარ შენ და უამრავი სინდისის პატიმარი, რომელიც დღეს 4 კედელშია გამომწყვდეული. მინდა მოვიკითხო ყველა და გისურვებთ მხნეობას, გამძლეობას. ვიცი, რომ ძლიერი ადამიანები ხართ და ეს ჩვენთვის გადამდებია”, – ამბობს კახა კინწურაშვილი.