“რეჟიმი კარგად არ არის, რადგან ქართული საზოგადოება მასზე წნეხს ახორციელებს” – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა.
მწერალი 25 თებერვალს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას გეგმავს და ამბობს, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა “ქართული ოცნებისთვის” დიდი წნეხია.
მისივე შეფასებით, გისოსებს მიღმა გამოკეტილი სინდისის პატიმრები თავისუფალი და საამაყო მოქალაქეები არიან, რადგან ისინი მართალი საქმისთვის იღვწიან.
”ეს არის ძალიან რთული პროცესი ამ რეჟიმთან დაპირისპირების და ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეჟიმი არის ძალიან ცუდად და განა ვინმე ბედნიერი და დალხინებულია საქართველოში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ კარგები და მართალი საქმისთვის ვიღწვით და ჩვენი სინდისის პატიმრები არიან თავისუფალი და საამაყო მოქალაქეები ჩვენთვის. აღიარებენ თუ არ აღიარებენ მათ (“ქართულმა ოცნებამ”) იციან, რომ არიან ცუდები და იქცევიან ცუდად.
რეჟიმი არ არის კარგად, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ახორციელებს წნეხს. წნეხია, ხვალინდელი დღე არის წნეხია, დღევანდელი დღეც არის წნეხი და ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ბუნებრივია ასეთია ქართველი საზოგადოება”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.
შეგახსენებთ, ხვალ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე 49 სინდისის პატიმრის, 500 ნაწამები ადამიანის და ათასობით დაჯარიმებულის სახელით ხალხი ქუჩაში გადის. იფიცებიან დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც. ექვსი სხვადასხვა მსვლელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან 18:00 საათისთვის დაიწყება.