პროკურატურამ ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ჯაფარიძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
“ბრალი წამიყენეს, რომელიც ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემ არმისვლას ეხება. პროკურატურის შემდგომი, კონკრეტული ნაბიჯები რა იქნება, მე არ ვიცი, დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი პროკურატურასა და სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის იყენებს”. – თქვა ჯაფარიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
ოცნების კომისიამ 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.