როგორ „შემოენგრა“ კლდეზე ნაგები ისტორიული შენობა დეპუტატის ვაჟს

რევაზ ლაღიძის #12 ახლა მაღალი, დახურული, ხის ფაქტურის ღობითა და რკინის ჭიშკრითაა დაგმანული. ჭიშკარი შიგნიდანაა ჩარაზული, მის თავზე კი სარეკლამო ბანერია გამოკრული – “იყიდება ბინები 45 კვ მეტრიდან”.

სარეკლამო ბანერი ლაღიძის 12 ნომერში
სარეკლამო ბანერი ლაღიძის 12 ნომერში

ჭიშკრის ქვეშიდან ან ჭიშკარსა და ღობეს შორის დარჩენილი ღრიჭოდან თუ შეიხედავ, ახლად მოსუფთავებულ ტერიტორიას, ე.წ. სამშენებლო ობიექტს დაინახავ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქ ჯერ არ დაწყებულა. თითო-ოროლა კაცი გადაადგილდება, ჭიშკრისგან მოშორებით.

ლაღიძის #12
ლაღიძის #12

ამ სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი შესაძლოა არაფერს გეუბნებოდეთ, სამაგიეროდ, ბევრი გაიხსენებს მას ამ მინიშნებით – მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კლდეზე დაშენებული ძველი, სამსართულიანი წითელი აგურის გრძელი შენობა.

ლაღიძის #12
ლაღიძის #12

სულ ცოტა ხნის წინ, ეს შენობა ჯერ კიდევ მყარად იდგა მის კლდის სადგამზე. თუმცა, თუკი ახლა მოგიწევთ იქით გავლა, აღმოაჩენთ, რომ ის აღარ არის და კლდეს, კუთხეში, აგურის კედლის მხოლოდ უმცირესი დეტალიღა აქვს შერჩენილი.

კლდეზე შერჩენილი აგურის კედლის დეტალი
კლდეზე შერჩენილი აგურის კედლის დეტალი

მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსი უნდა ააშენოს და რომელმაც 2023 წლის 15 თებერვალს მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მხოლოდ იმ პირობით მიიღო მშენებლობის ნებართვა, რომ ძველი შენობის ფასადურ კედელს შეინარჩუნებდა, ეს კედელი დაანგრია.

შენობის გარეშე დარჩენილი კლდე
შენობის გარეშე დარჩენილი კლდე

დაანგრია თუ „შემოენგრა“? – რას ამბობენ მამა-შვილი წაქაძეები?

ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ მშენებელი კომპანიის, შპს „ნიუ ჰაუსის“ მფლობელისგან, ბიძინა წაქაძისგან ვერ მიიღო. ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც შეტყობინებებს.

ლაღიძის #12 - ჩაკეტილი ტერიტორია
ლაღიძის #12 – ჩაკეტილი ტერიტორია

მისი მამა, ბეჟან წაქაძე, წლების განმავლობაში ასევე სამშენებლო ბიზნესში ჩართული დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გვეუბნება: „ჩემი შვილი დასავლეთშია, ვანშია, იქაც მშენებლობები აქვს. ვიცი, რომ აშენებდა საცხოვრებელ კორპუსს, სხვა დეტალები არ ვიცი, ჩემს შვილს დაურეკეთ“.

შედარებით სიტყვაუხვი გამოდგა ის ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას. ამბობს, რომ შენობა და კედელი, რომელიც მისი ვაჟის კომპანიამ სამშენებლო პირობების დარღვევით დაანგრია, არანაირ ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა და მეტიც, საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების ჯანმრთელობას:

ბეჟან წაქაძე
ბეჟან წაქაძე

„გამაგრებითი სამუშაოების დაწყების წინ კედელი თვითონ ჩამოიშალა, რადგან არ არსებობდა მისი გამაგრების არავითარი შანსი. შეიძლება დასვათ კითხვა, თავიდან არ იცოდით? არ ვიცოდით, სანამ შენობა არ გაიხსნა, იქ ხალხი ცხოვრობდა, გამოვიყვანეთ, დასკვნა მანამდე დაიწერა და შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა. რაღაც ისტორიული ძეგლი დაანგრია კომპანიამ და ისტორიული კედელი, ეს არის სრული სისულელე. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, რომ ეს არავითარ ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა და ეს იყო მეოთხე კატეგორიის უსახური შენობა, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. მე ისტორიული შენობაც დამინგრევია ქალაქში და ამიშენებია ზუსტად იმავე ვიზუალით. მეოთხე კატეგორიის შენობა თავზე ედგა კლდეს და საშიშროება იყო ქალაქისთვის, ის დაინგრა და კეთდება ახალი სახის, კონსტრუქციულად მდგრადი შენობა იგივე ვიზუალით“.

სწორედ ბეჟან წაქაძეა ერთ-ერთი მეწილე იმ კომპანიის, რომელიც მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს აშენებდა. მშენებლობის დროს 2018 წელს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 2018 წელს კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა და დამკვეთს ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, კონსტრუქციული ნახაზებისა და შეფასების მომზადება დაევალა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, სამშენებლო პროცესი გაგრძელდა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბეჟან წაქაძის ვაჟმა, ბიძინა წაქაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ სატელეფონი კომენტარში კი კედლის ნგრევის მიზეზი ასე ახსნა:

„როგორც პროექტის მიხედვით იყო გათვლილი, ისე ვახორციელებდით შენობის დემონტაჟს. ეს დასატოვებელი კედლები გავაშიშვლეთ, ხელით ვაწარმოებდით მის დემონტაჟს, არანაირი ტექნიკა არ გამოგვიყენებია. კედლის ერთი მხარე თავისით ჩაინგრა და გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ მოჰყვა ამ კედლის დანგრევას. კედლის გამაგრება იყო შეუძლებელი და იმ იერსახის შენარჩუნება, რა იერსახის შენარჩუნებაც იყო გათვალისწინებული პროექტში. ამიტომ ფორსმაჟორში მივიღეთ გადაწყვეტილება, ზეპირად არ დაგვინგრევია, დოკუმენტაციაც გვაქვს“.

რას ამბობს მერია ლაღიძის 12 ნომრის სრულ ნგრევაზე?

ლაღიძის 12 ნომერში მდებარე შენობის სრულად დანგრევის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა 31 აგვისტოს გაავრცელა.

თამარ ამაშუკელი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში ამ ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის პროექტის განხილვის პროცესს. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობა დანგრეულიყო.

როგორც თამარ ამაშუკელი გვიყვება, სამშენებლო კომპანია და მშენებლობის არქიტექტორი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, დებდნენ პირობას, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, ძველი შენობის კედლის გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებდნენ და სრულად შეინარჩუნებდნენ მის ფასადს:

თამარ ამაშუკელი
თამარ ამაშუკელი

„პრაქტიკულად ეს იყო მათი არგუმენტი, რომ მოგვეცით მშენებლობის ნებართვა და სამაგიეროდ, ქალაქს შევუნარჩუნებთ ამ ღირებულ კედელსო. ამ განხილვაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. ეს არ იყო მარტივი პროცესი. წელიწადზე მეტხანს ცდილობდა კომპანია მშენებლობის ნებართვის მოპოვებას, გაიცა არაერთი რეკომენდაცია, პროექტში შევიდა ცვლილებებიც და საბოლოოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის მთავარი არგუმენტი და პირობა სწორედ ფასადის შენარჩუნება გახდა. თუმცა, საბოლოოდ, ნებართვის მიღების შემდეგ კომპანია უბრალოდ ადგა და დაანგრია კედელი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მთელი კედელი ერთ ღამეში დაშალა“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ლაღიძის 12 ნომერში მდებარე შენობის სრული დემონტაჟის შესახებ, პირველ სექტემბერს, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა:

„დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“.

დედაქალაქის მერიის არიტექტურის სამსახურმა ჯერ კიდევ 2 აგვისტოს იცოდა, რომ მშენებელი კომპანია ობიექტზე სამუშაოებს შეთანხმებული პროექტის დარღვევით ატარებდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საიტზე 2 აგვისტოს ატვირთულია დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მშენებელი კომპანია არქიტექტურის სამსახურს სამუშაოების ვადის გაგრძელების ნებართვას სთხოვს:

„დემონტაჟის სამუშაოების სირთულემ, კერძოდ, არსებული შენობის საყრდენი კონსტრუქციის (კედლების), დუღაბის და საძირკველის მძიმე მდგომარეობის გამო მშენებლობის პირველი რიგი, მოსამზადებელი სამუშაოები დროში გაიწელა. ასევე არსებობდა მარჯვენა სანაპიროს ტრასის დაზიანების საშიშროება და ამიტომ დემონტაჟი მოხდა ხელით. გთხოვთ პირველი რიგის სამუშაოები დაგვიმტკიცოთ კორექტირებული მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით“.

ეს მოთხოვნა მერიის არქიტექტურის სამსახურმა არ დააკმაყოფილა. მათი გადაწყვეტილების მიზეზი მერიამ პირველ სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასე ახსნა:

„ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი“.

რატომ იყო ეს შენობა ასე მნიშვნელოვანი ქალაქისთვის?

მართალია, ლაღიძის ქუჩის 12 ნომრით რეგისტრირებული შენობა არ ატარებდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს, თუმცა, ეს განაშენიანება მეცხრამეტე საუკუნის შუაწელს მიეკუთვნებოდა, შენარჩუნებული ჰქონდა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტები და ქალაქის ურბანული განვითარების საერთო სურათში უმნიშვნელოვანეს სახესა და ხასიათს ქმნიდა.

ყოფილი სამხედრო დანიშნულების, სამ-ოთხსართულიანი შენობა და მისი დამხმარე ნაგებობების გრძივი, შეულახავი აგურით ნაგები ფასადი, რომელიც პირდაპირ კლდეზე იყო ნაგები, მნიშვნელოვან აქცენტს ქმნიდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გრძივ განვითარებაში და შთამბეჭდავი სანახავი იყო როგორც თავად კლდის ძირიდან, ისე, მოპირდაპირე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან.

მთავარ ორსართულიან შენობაში უკანასკნელ დრომდე ე.წ. ტუბდისპანსერი ფუნქციონირებდა. მისი დახურვის შემდეგ მიტოვებული შენობები უფუნქციოდ დარჩა. შენობის დაბალი, ერთსართულიანი აგურის ნაწილი, ძველი საჯინიბოს ნაშთი იყო, ხოლო ორსართულიან კორპუსში ადმინისტრაციული ნაწილი იყო განთავსებული.

„ეს შენობა საუკუნეზე მეტხანს აფორმირებდა თბილისის ხედის ამ ნაწილს, თავისი სიძველით, სამხედრო უწყების ხისტი, სადა ფასადით“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ამაშუკელი, რომლის თქმითაც, სწორედ ასეთი ღირებული ელემენტებისა და ისტორიული ფრაგმენტებისგან იქმნება ქალაქი და მისი იდენტობა:

„არ არის აუცილებელი, რომ ყველა შენობა ვერსალი იყოს, ყველა შენობას თავისი ხასიათი აქვს და ეს ხასიათი განსაზღვრავს ხოლმე ქალაქის იერსა და ინდივიდუალობას. სანაპიროს ამ ინდივიდუალიზმს ხშირად ასეთი, კლდეზე დასმული საყრდენი კედლებით, მტკვარზე გადმოსული შენობები ქმნიდა. ამ შენობების ძალიან დიდი ნაწილი დაიკარგა მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 30-იან წლებში სანაპირო შეიცვალა და გაკეთდა მაგისტრალი. და ახლა, როგორც ჩანს, ვკარგავთ იმ შემორჩენილ ფრაგმენტებსაც, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია“.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახლა, როდესაც შენობის ფასადი დანგრეულია, შესაძლოა, მშენებელმა კომპანიამ სრულიად ახალი, სახეცვლილი პროექტი წარადგინოს დასამტკიცებლად, – რომელიც საბოლოოდ დაუკარგავს იერსახეს დედაქალაქის იმ ისტორიულ ნაწილს, რომლის მთავარი შემადგენელი დეტალი იყო კლდეზე დასმული აგურის ფასადიანი შენობა:

ცირა ელისაშვილი
ცირა ელისაშვილი

„დაანგრია, ამით შექმნა ახალი გარემოება. იმ გარემოებაში დასაცავი ფასეულობა მემკვიდრეობის სახით აღარ არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ობიექტზე შევა ახალი პროექტი“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, შეცდომა იყო ჯერ კიდევ 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ლაღიძის 12 ნომერში მდებარე შენობა არ მოხვდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ხარვეზი არ ცვლიდა იმ რეალობას, რომ შენობა იყო უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფრაგმენტი და ტურისტული ხედი, რომელიც შეინარჩუნა მტკვრის მარჯვენა სანაპირომ:

„აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ატარებდა თუ არა ეს შენობა ძეგლის სტატუსს, რადგან ეს იყო ერთადერთი, დღემდე მოღწეული ფრაგმენტი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის იმ განაშენიანების, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჰქონდა ქალაქს. ის მასალა, ის ფაქტურა, ის ლაქა – აგური, სიძველის ტექსტურა, ქალაქისთვის იყო უმნიშვნელოვანესი… ამით ახდენდა ვიზუალურ მიზიდულობას. გახედეთ მარჯვნივ და მარცხნივ, რა ავაშენეთ მას მერე“.

ცირა ელისაშვილის თქმით, სავარაუდოდ, იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ სამშენებლო კომპანია არ აპირებდა კედლის შენარჩუნებას, რაკიღა არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტაციაში არსად იძებნება შენობის ფასადის გამაგრების კონსტრუქციული პროექტი:

„პირველი ეს უნდა გაეკეთებინა არქიტექტორს, რომელსაც ექვემდებარება კონსტრუქტორი. ამ კედლის დაჭერის პროექტი უნდა წარმოედგინა. სად არის ეს პროექტი? ეს პროექტი არ არსებობს და შემოგენგრევა, აბა, რას იზამს?“…

რადიო თავისუფლება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share