დიდ ბრიტანეთში ყველა პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდე, რომ ივანიშვილს და მის უახლოეს პირებს სანქციები დაუწესონ – მაკკლერი

“დიდ ბრიტანეთში ყველა პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდე, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს პირებს” – ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლერმა ევროსაბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ, “ევროსკოპთან” ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიმს მაკკლერის თქმით, ბრიტანეთს ივანიშვილის რეჟიმზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან მისივე განმარტებით, ქართველი ოლიგარქი ქონების ნაწილს სწორედ გაერთიანებული სამეფოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ფლობს.

”დიდ ბრიტანეთში ყველა პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდე, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს პირებს. რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და რომელთა აქტივებიც ან ლონდონში, ან ბრიტანეთის საზღვრისმიღმა ტერიტორიებზეა განთავსებული, ბერმუდისა და ვირჯინიის კუნძულებზე.

ჩვენ ძალიან მძიმედ შეგვიძლია ამ ხალხზე ზეგავლენის მოხდენა. საკმაოდ შესამჩნევია, როდესაც დიდი ბრიტანეთი საუბრობს სანქციებზე, “ქართული ოცნება” ამას პირდაპირ პასუხობს. აშკარაა, რომ ამას მძიმე ეფექტი ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას მთავრობაზე, რომელიც უკვე დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ახალი სანქციები უკვე დაუწესდა რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ჯერ არ მივსულვართ სასურველ წერტილამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ, როცა დასანქცირდება ივანიშვილი და მისი წრე. ვიცით, სად არის პრობლემა, გავაგრძელებთ ზეწოლას მთავრობაზე და იმედი მაქვს, რომ მთავრობა აქამდეც მივა.” – განაცხადა ჯეიმს მაკკლერმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share