ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ირაკლი კობახიძეს, რომელმაც იმედის ეთერში თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოთმინებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით არის შესაძლებელი.
“აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობის სტატუსი ხალხის ნებაზე დააფუძნა. თანაარსებობა საქართველოსთან შესაძლებელია კეთილმეზობლური დამოკიდებულებითა და ურთიერთპატივისცემით” – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კობახიძეს ასევე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი. განცხადების მიხედვით, ცხინვალი არ აპირებს განვითარების ვექტორის შეცვლას.
“ცხინვალს არაერთხელ განუცხადებია საკუთარი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას და გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას” – წერია ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაში.