“ეს არის უდიდესი დარტყმა ქართულ თეატრზე” – ასე აფასებს რეჟისორი დათა თავაძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
როგორც ის აცხადებს, ხელოვანების წინააღმდეგ რეჟიმი რეპრესიებს ახორციელებს, რითაც განსხვავებული აზრის ჩახშობას და თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების დაშინებას ცდილობს.
”ძალიან მიჭირს ბრაზის გარდა რამე სიტყვებს მოვუყარო თავი. ეს რეპრესიები ისტორიაში შევა, ჩემი აზრით, როგორც ყველაზე დიდი თავდასხმა ქართულ კულტურაზე, რაც გვინახავს ბოლო თანამედროვე ისტორიის მანძილზე. წარმოუდგენელია, რაც ხდება თავისუფალი ადამიანების, თავისუფალი ხელოვანების და თავისუფალი პროცესების წინააღმდეგ.
ეს დაშინების მექანიზმები მუშაობს იმისთვის, რომ გაგვაჩეროს და შეგვაშინოს. ეს არის უდიდესი დარტყმა ქართულ თეატრზე. ყველას, ვისაც გული შეგვტკივა ქართულ თეატრზე, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ქართულ თეატრში და ოდნავ მაინც შერჩენიათ სინდისის მსგავსი, დღეს უნდა იდგნენ ახალ თეატრთან. ჩემი აზრით, ახლავე უნდა დადგნენ აქ, უნდა გაერთიანდნენ. უნდა დავანახოთ ის, რომ ჩვენ არ გვეშინია და უკან არ ვიხევთ, რაც მთავარია, რომ მიუღებელია ის ფორმები, რომლითაც გადაწყდა, რომ იმართებოდეს, როგორც ამ ქვეყნის კულტურა, ისე ეს ქვეყანა მთლიანად”, – ამბობს დათა თავაძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.