ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება-დავით უსუფაშვილი

ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება, რადგან მისი მომხრეები ახლა ყველაზე უფრო მეტად უღირს მდგომარეობაში არიან, ხედავენ ამ კადრებს და ერთმა ვერ ამოიღო ხმა,- ამის შესახებ  კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ საპროტესტო აქციებზე მომხდარი ძალადობის კადრების შეფასებისას განაცხადა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყნის ტრაგედია ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია“.

”დღეს ზუსტად ის გვაქვს, რასაც ივანიშვილი საკუთარ გამოსვლებში ებრძოდა, ხოლო არაფერი გვაქვს იქიდან, რასაც ის ხალხს ჰპირდებოდა. მან პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება, რადგან მისი მომხრეები ახლა ყველაზე უფრო მეტად უღირს მდგომარეობაში არიან, რადგან ხედავენ ამ კადრებს და ერთმა ვერ ამოიღო ხმა. ერთმა ვერ გაბედა, ეთქვა, რა ნახა აქციაზე ძალადობის კადრებში. მთელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ბოლო ათწლეულების, ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია, ანუ ადამიანებად, რომლებსაც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების სურვილი არ უჩნდებათ და თვლიან, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხელისუფლებას ხომ ყველაფერი ეპატიება, ის ძალაა და ვინც საცემია, იმას სცემს, თუ მოსაკლავია, მოკლავს კიდევაც-აი, ამ ტიპის ზნეობრივ სტანდარტებამდე რომ დაიყვანა ადამიანი, ესაა საშინელება”- განაცხადა უსუფაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share