გაურკვევლობა, რომელიც დღეს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სუფევს, არის შესაძლებლობა, უფრო მედეგი და მდგრადი მომავლის შენებისთვის, – ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) პრეზიდენტმა, მასატო კანდამ დღეს, ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე წლიური შეხვედრის გახსნი სესიაზე განაცხადა.
როგორც მილანიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, მასატო კანდამ ასევე აღნიშნა, რომ საგარეო შოკები, სავალო ვალდებულებები და კლიმატის ცვლილება მძიმედ აწვება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა და ადგილობრივ ეკონომიკებს, თუმცა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი გამოწვევებს მყარი საბაზისო მაჩვენებლებით ხვდება.
„ჩვენ არ გვიწევს ყველაფრის ნულიდან დაწყება – გვაქვს მყარი ეკონომიკური ზრდა, ღრმავდება ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია, მრავალფეროვანი ხდება მიწოდების ჯაჭვები და სწრაფი ტემპებით ვითარდება ციფრული დაკავშირება და ინოვაციები. გაურკვევლობა უფლებას არ გვაძლევს მოვდუნდეთ. ეს ნიშანია გავხდეთ უფრო გაბედული, ვიმოქმედოთ სწრაფად და კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ერთად“, – განაცხადა მასატო კანდამ.
მანვე ყურადღება გაამახვილა არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ADB მიზნად ისახავს 2030 წლისთვის კერძო სექტორის დაფინანსების ოთხჯერ გაზრდას.
„რეგიონი ვერ გაიზრდება და ვერ შექმნის მილიონობით სამუშაო ადგილს კერძო სექტორის განვითარების გარეშე. „აზიის განვითარების ბანკის“ მიერ 2022 წელს კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერა გაორმაგდა. ჩვენ მიზნად ვისახავთ, 2030 წლისთვის კერძო სექტორის დაფინანსების გაოთხმაგებას, რაც წელიწადში 13 მილიარდ დოლარს გაუტოლდება“, – განაცხადა მასატო კანდამ.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სასურსათო უსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიების დანერგვაზე, ენერგეტიკულ გარდაქმნასა და კლიმატური ცვლილებების შერბილების მხარდაჭერაზე, რაც თავის მხრივ, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს არსებული გამოწვევების გამკლავებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა – „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”. დღეს, 5 მაისს, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართა, რითაც ყოველწლიური სამუშაო შეხვედრები ოფიციალურად გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.