აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მონაწილეობთ შეხვედრა გაიმართა.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებს და მის სადავო შედეგებს მოჰყვა, ეს პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა იყო.
შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები დადებითად აფასებენ დიალოგის დაწყებას, თუმცა მის სირთულეზე და პოზიციებს შორის დიდ განსხვავებაზე მიუთითებენ. ისინი ამბობენ, რომ მათი სასტარტო პოზიცია უცვლელია.
ოპოზიციის საერთო მოთხოვნა მთელი ეს პერიოდი გახლდათ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ დრომდე ყველა პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ის, რაზეც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ახლო მომავალში მომდევნო შეხვედრის გამართვაა. თარიღი ჯერ უცნობია.
ვინ რა თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ:
არჩილ თალაკვაძემ, რომელიც შეხვედრაზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, დიალოგის გაგრძელების იმედი გამოთქვა, შეხვედრას “კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი” უწოდა და მორიგი შეხვედრა დააანონსა. მან ოპოზიციის მიერ წამოჭრილი საკითხების “ერთად გადამოწმებისკენ” მოუწოდა და აღნიშნა რომ შედეგი, რომელთან მისვლაც სურს, არის “არჩევნების შედეგის პატივისცემა და პარლამენტის ფუნქციონირების გაგრძელება”:
“დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა … რაც შეეხება პარტიებს შორის განსხვავებულ პოზიციებს, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, ყველა ის კითხვა, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას,” – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ მხარეები პოზიციების განსხვავების მაღალი ხარისხის გამო პროცესი ძალზედ რთულია და შესაძლოა, ის წარმატებით ვერც დასრულდეს, თუმცა კომპრომისის მოძებნას შეეცდებიან. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის პოზიცია მტკიცეა – ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება, პასუხისმგებლობის დიდი წილი კი მმართველი გუნდის მხარესაა:
“თუ მმართველი გუნდის ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით ამ კრიზისში დარჩენა ჯობია, ერთპარტიული პარლამენტი ჯობია, გახლეჩილი საზოგადოება ჯობია, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება. მაგრამ არ მინდა წინასწარ არაფერზე საუბარი და პესიმისტური პროგნოზების გაკეთება. დღეს შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები, შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება და ვნახოთ საითკენ მიგვიყვანს,” – თქვა ბაქრაძემ.
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც აღნიშნა, რომ მოთხოვნები იგივეა, დღევანდელი შეხვედრა კი პოზიციების დაფიქსირებას დაეთმო:
“მოთხოვნები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები. შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს. დღეს იყო ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, მეტი არაფერი,” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ასევე თქვა, რომ ოპოზიციური მხარის პოზიცია ის იყო, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ საჯაროდ, კრიზისი კი განმუხტვას საჭიროებს:
“ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია, ისინი როგორ აფასებენ ამ ჩატარებულ არჩევნებს … ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
მოთხოვნების მიმართ ერთსულოვნებასა და იმაზე, რომ ამის გადახედვას არ აპირებენ, ისაუბრა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც:
“ის, რომ პროცესი დაიძრა და მოლაპარაკება მიმდინარეობს, კარგია. მომდევნო შეხვედრა იქნება უახლოეს მომავალში. მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ, პრინციპში ერთსულოვანი იყო. მომდევნო რაუნდზე ალბათ უფრო მკაფიო იქნება ყველაფერი. არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის კარგი ვითარება,” – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძეც უცვლელ მოთხოვნებზე საუბრობს. მისი თქმით, კომპრომისზე საუბარი ნაადრევია:
“ორივე მხარემ დავაფიქსირეთ ჩვენი საკმაოდ განსხვავებული პოზიციები. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, გაყალბებულია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები .. ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით – ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ მოქმედებს, თუმცა ამ დრომდე ანალოგიურად ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და შეხვედრასაც ესწრებოდა, დიალოგის უალტერნატივობაზე მიუთითა და არჩევნების გაყალბებაზეც ისაუბრა:
“პარტიის სახელით კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა …ჩვენ მოვისმინეთ არჩილის [თალაკვაძე] პოზიციაც, არ მაქვს პრობლემა რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, მუდმივად ვართ ხაზზე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე … დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ამიტომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. კარგი იქნება, თუ დამთავრდება პოზიტიური შეთანხმებით”, – თქვა ირმა ინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც შეხვედრაზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა და რომლის ხმაურიან განცხადებებს ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.