„ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს“ – კოენი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში გამართული დებატების დროს, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპული მომავლის მცველების უწყვეტ პროტესტე, ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და ერთპარტიული პარლამენტის მიერ დრაკონული კანონების შესახებ ისაუბრა.

 

სტივ კოენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ქვეყნის პუტინთან დაახლოებას ცდილობს. ამასთან, კოენმა დააანონსა, რომ საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ ანგარიში მომზადდება.

„ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…

დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნების დროს, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა.

ამერიკაშიც, დოქტორ მარტინ ლუთერ კინგს ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება დღემდე ცოცხლობს. თუმცა, საქართველოში, ქვეყანაში, ეს ოცნება აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს.

ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები – მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.

ყოველ კვირას საქართველოში იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები თავისუფლებათა და უფლებათა ჩამორთმევის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…

ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს თავისუფლებას საქართველოში და ახლაც არ დავუშვათ გამონაკლისი. „მეგობარი აქტი“ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. როგორც ჰელსინკის კომისიის მაღალი რანგის წევრი, ვამაყობ, რომ დემოკრატიული პარტიიდან „მეგობარი აქტის“ წარმდგენი ვარ ჩემს მეგობარ ჯო უილსონთან ერთად.

ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე, მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.

რაც ხდება, არსებითად, რევოლუციაა, სადაც ივანიშვილი, რომელიც პარტიას მართავს და რუსეთში მის ინვესტიციებს ახორციელებს, ცდილობს ქვეყანა რუსეთთან და პუტინთან დააახლოოს.

დაბოლოს, ეს კანონპროექტი და ხედვა ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც მისივე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და რასაც მისი ხალხი მოითხოვს“. – განაცხადა სტივ კოენმა. (თარგმანი – “რადიო თავისუფლება”).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share