პაპაბილები – ვინ შეიძლება აირჩიონ ახალ პაპად?

7 მაისს სიქსტეს კაპელაში მამა კარდინალები შეიკრიბებიან, რათა პეტრეს ვაკანტურ კათედრაზე კვლავ აღსაყდრდეს ეკლესიის ერთიანობისა და საყოველთაოობის ახალი სიმბოლო – რომის ახალი ეპისკოპოსი, უნივერსალური ეკლესიის პაპი.

პაპის გარდაცვალებით ან მისი გადადგომით დაქვრივებული ტახტის პერიოდში, ანუ მაშინ, როცა კათედრა ვაკანტურია, იწყება დაუსრულებელი სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რომელ პაპაბილს – ანუ პოტენციურ პაპს აქვს პეტრესეული მსახურებისთვის შესაფერისი თვისებები და რამდენად რეალისტურია მისი არჩევის შანსები.

წმინდა იოანე ლატერანი ბაზილიკის რომის კათედრა

წელს ახალ პაპს 133 კარდინალი აირჩევს. მათგან 108 ალისფერ კაბაში პაპმა ფრანცისკემ შემოსა. კონკლავის ამჟამინდელი შემადგენლობა ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანია. “მთელ დედამიწაზე განვრცობილი ეკლესიის” პირველიერარქები სხვადასხვა კონტინენტზე მსახურებენ და, როგორც წესი, ერთმანეთს კარგად და პირადად არ იცნობენ. საეკლესიო კომენტატორთა უმრავლესობის აზრით მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ერთმანეთის პიროვნული თვისებების, ხასიათის, მართვის სტილის, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეხედულებების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, იმის მიღმა, რაც მედიით ან გადმოცემით იციან.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად Sede Vacante-ს პერიოდში რეგულარულად იკრიბება კარდინალთა გენერალური კონგრეგაცია, სადაც ყველა კარდინალს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კონგრეგაციაზე შეკრებილები კი კათოლიკე ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ ასევე აქვთ სოციალიზების შესაძლებლობა – რაც შეხედულებების ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ამგვარად, ბოლო დღეების განმავლობაში კარდინალებიც პაპობისთვის სათანადო კანდიდატის ძიებაში იქნებოდნენ, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ვერ გავიგებთ. არ არსებობს არავითარი წინასაარჩევნო კამპანია. ხმამაღლა მხოლოდ ცოტა და ისიც ზოგადი სიტყვებით საუბრობს როგორ წარმოუდგენია ეკლესიის მომავალი და რას ანიჭებს უპირატესობას.

არცოდნა ხაზგასმას იმსახურებს: ამ სტატიის მიზანი იმ კარდინალებზე ვრცელი ინფორმაციის მოთხრობა და მათი შეხედულებების გადმოცემაა, რომლებიც ამჟამად პაპაბილებად მიიჩნევიან. პროგნოზირება, თუ ვინ იქნება შემდეგი პაპი, თავად კარდინალებისთვისაც რთულია. სრულად შესაძლებელია წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალურ აივანზე ის კარდინალი წარსდგეს, რომელიც ქვემომდებარე სიაში არ ყოფილა ნახსენები.

“Chi entra papa in conclave, ne esce cardinale” – “ვინც კონკლავზე პაპად შედის, იქიდან კარდინალად ბრუნდება”, გვეუბნება რომაული გამოთქმა, რომელიც მასხრად იგდებს პროგნოზებს პაპობის კანდიდატების შესახებ. მაგალითად, 2013 წელს კარდინალი ხორხე მარიო ბერგოგლიო (პაპი ფრანცისკე) პაპაბილების სიების უმრავლესობაში არ შეჰყავდათ. შედეგად კი ის, ვინც მედიამ კონკლავზე პაპად შეაცილა, იქიდან კარდინალად დაბრუნდა.

ცერემონია კონკლავის დაწყებამდე

უშუალოდ არჩევნების დროს ზოგიერთი პაპაბილი კარდინალების მხარდაჭერას მოიპოვებს, ან დაკარგავს. თუმცა, ვინაიდან პაპის ასარჩევად ყოველთვის ხმების ორი-მესამედის მოპოვებაა საჭირო, თუკი პირველ კენჭისყრაზე მოწინავე კანდიდატები საკმარის ხმებს ვერ მოიპოვებენ, მომდევნო რაუნდებში მათდამი მხარდაჭერა მოიკლებს და ხმები სხვა პოტენციურ კანდიდატებზე გადანაწილდება.

პაპი იოანე XXIII-ის დახასიათებით, კანდიდატების აღმასვლა-დაღმასვლის ეს პროცესი “მდუღარე წყალში ჩაყრილ ბარდას ჰგავს”. ყოველ კენჭისყრაზე კარდინალმა შესაძლოა ხმების უფრო და უფრო მეტი რაოდენობა აიღოს, მაგრამ თუკი ის საჭირო ზღვარს ვერ გადალახავს, ეს მხარდაჭერა მაშინვე გაქარწყლდება, როცა კარდინალები დაინახავენ, რომ ის არარჩევადია. ასევე შესაძლებელია, რომ რამდენიმე რაუნდის შემდეგ მანამდე უგულებელყოფილმა კარდინალმა კვლავ დაიკავოს მოწინავე პოზიცია, თუკი მის მსგავსად სხვა კანდიდატების დაკარგავენ მხარდაჭერას.

ეპისკოპოსები პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე

დღესდღეობით კათოლიკე ეკლესიას 1.4 მილიარდამდე მიმდევარი ჰყავს, რითაც ის მსოფლიოს უდიდესი რელიგიური ორგანიზაციაა და ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში კათოლიკე ეკლესია მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას.

ევროპაში მდებარე მდიდარი და სოციალურად შედარებით ჰეტეროდოქსული ეკლესიები დემოგრაფიული დაღმასვლის წინაშე დგანან და სასულიერო კადრების დეფიციტს განიცდიან. თავის მხრივ, ლათინურ ამერიკაში კათოლიკე ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო დომინანტური, თუმცა სხვადასხვა ქრისტიანულმა მიმდინარეობებმა იქაც დაიწყო კათოლიციზმისთვის ძირის გამოთხრა, ხოლო შედარებით მდიდარ ოჯახებში იმატა სეკულარიზმმა. აზიის კონტინენტზე კათოლიკე ეკლესიისთვის ვითარება უფრო იმედისმომცემია, თუმცა ფინანსური და პასტორალური კუთხით პრობლემები აქაც არსებობს. რაც შეეხება აფრიკელ კათოლიკეებს, ისინი ბევრად კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევიან, ვიდრე ამას დასავლეთში შევხვდებით.

ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნებში დღესდღეობით მრავალი ითხოვს ისეთ “დრომოჭმულ ტრადიციებზე” უარის თქმას, როგორიცაა მაგალითად მღვდლებად მხოლოდ კაცების ხელდასხმა, ხოლო ნაწილიც სექსუალობაზე, ქორწინებაზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და აბორტზე ეკლესიის სწავლების შერბილების მოლოდინშია.

შედარებით ორთოდოქსული განწყობების მქონე ფლანგის წარმომადგენლები კი პირიქით, ტრადიციული სწავლების შენარჩუნებას ემხრობიან და ვატიკანის მეორე კრებით გამოწვეული “რეფორმების” სულისკვეთების გადახედვას ითხოვენ. ამ მხარეს მყოფი კათოლიკეები ასევე კრიტიკულად არიან განწყობილი ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვასთან დაკავშირებით ფრანცისკეს მიერ გამოცემულ Fiducia Supplicans-ის მიმართ. ამასთანავე, მათი ნაწილი ეწინააღმდეგება ტრადიციული ლათინური წირვის წესის შეზღუდვას Traditionis Custodes-ს მეშვეობით და მტკიცედ იცავენ Humanae Vitae-ს ენციკლიკით განსაზღვრულ სწავლებას ადამიანის სიცოცხლისა და ქორწინების შესახებ.

კარდინალები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, 2013 წ.

2013 წელს, როდესაც ბენედიქტე XVI გადადგა, კარდინალებს ტრადიციულ რიგებს მიღმა მყოფი კანდიდატის არჩევა უნდოდათ, რომელიც ვატიკანის თავს დამტყდარ სკანდალებს მოაგვარებდა, თუმცა პაპი ფრანცისკეს სახით, შესაძლოა, მათ იმაზე მეტად განსხვავებული პონტიფიკატი მიიღეს, ვიდრე ამას მოელოდნენ.

12 წლის განმავლობაში ფრანცისკეს კათედრაზე ჯდომის შემდეგ, ზოგი კარდინალი იმედოვნებს, რომ მისი მემკვიდრე პროგრესისტებსა და კონსერვატორებს შორის დაძაბულობის განელებას შეძლებს.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრანცისკეს პონტიფიკატის დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა წარმომავლობის მიხედვით კარდინალების შემადგენლობაც, კერძოდ, ფრანცისკეს აღსაყდრების დროს ევროპული წარმოშობის პაპების რაოდენობა კარდინალთა კოლეგიის 51%-ს წარმოადგენდა, თუმცა ამჟამად ეს მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა. პარალელურად, განსაკუთრებით გაიზარდა აზია-წყნარი ოკეანური წარმოშობის კარდინალების მაჩვენებელი, რომელიც ფრანცისკეს პაპობის 12-წლიან პერიოდში 10%-დან 18%-მდე ავიდა. ყოველივე ამან, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა იქონიოს კანდიდატების შანსებზე და შესაბამისად კონკლავის არითმეტიკა მნიშვნელოვნად შეცვალოს.

მოსალოდნელია მომდევნო პაპად ისეთი კანდიდატის არჩევას ველოდოთ, რომელიც იდეოლოგიურად ზომიერი და დიპლომატიური უნარების მქონე იქნება და ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას ისე შეეცდება, რომ არსებული ნაპრალები კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.

პაპაბილების ბიოგრაფიები მომზადებულია College of Cardinals Report-ის მიხედვით

კარდინალი პაროლინი

საეპისკოპოსო დევიზი: Quis nos separabit a caritate Christi? – ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს?

70 წლის ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, იტალიელი კარდინალ-ეპისკოპოსი პიეტრო პაროლინი

70 წლის კარდინალი პიეტრო პაროლინი ჩრდილოეთ იტალიის ვიჩენცის ეპარქიის ქალაქ სკიავონში დაიბადა. მისი მშობლები მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, რომელთაგანაც ერთი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო მეორე ელქტრონული მოწყობილობების მაღაზიის მენეჯერი იყო. ათი წლის ასაკში პიეტროს მამა ავტოავარიაში დაიღუპა, რამაც “გარკვეული დროით” მისი დესტაბილიზაცია გამოიწვია.

მღვდლობის სურვილი მას პატარაობაშივე გაუჩნდა და თოთხმეტი წლის ასაკში სწავლა ვიჩენცის სემინარიაში დაიწყო. 1980 წელს, მისი მღვდლად კურთხევის შემდეგ, 25 წლის პაროლინი ზედამხედველებმა პაპი გრეგორის უნივერსიტეტში გაგზავნეს რომში, რა პერიოდშიც მან ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში დაიწყო მუშაობა. ხოლო 1986 წელს, მას შემდეგ, რაც “ეპისკოპოსების სინოდზე” თეზისი დაიცვა, პაროლინმა ფორმალურად დაიწყო დიპლომატიური საქმიანობა.

პაროლინი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, 27 მარტი, 2014 წ.

Pete Souza / თეთრი სახლი

ნიგერიაში სამწლიანი მსახურების შემდეგ იგი მექსიკის ნუნციატურაში გადავიდა, სადაც მექსიკასა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებას შეუწყო ხელი. 1992 წელს ის რომში გამოიძახეს, სადაც მან კარდინალ ანჯელო სოდანოს, შემდგომში ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო სამდივნოს “მეორე სექციაში” დაიწყო მუშაობა. პაროლინს ესპანეთთან, ანდორასთან, იტალიასთან და სან მარინოსთან დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვა დაევალა.

კარდინალი პაროლინი თავისუფლად საუბრობს იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და ასევე გამოცდილია ინგლისურ ენაშიც. 2002-2009 წლებში ის სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, რაც გავლენიანი, თუმცა დაბალი რანგის თანამდებობაა. ამ პოსტზე იგი ვიეტნამთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ისრაელთან და ჩინეთთან ურთიერთობების წარმოებას უძღვებოდა.

2009 წელს პაროლინი ბენედიქტე XVI-მ ეპისკოპოსად აკურთხა და ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ნუნციუსად (“ვატიკანის ელჩად”) დანიშნა. თავის მხრივ, პაპმა ფრანცისკემ პაროლინი სახელმწიფო მდივნად 2013 წელს დანიშნა, ხოლო 2014 წელს იგი თავისი “კარდინალების საბჭოს” შემადგენლობაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც პაროლინი ფრანცისკეს ეკლესიის რეფორმის საკითხებში რჩევებს აძლევდა. ამავე წლის ივლისში პაპმა პაროლინს კარდინალობა უბოძა.

სეკულარული დიპლომატები პიეტრო პაროლინს მსოფლიო სცენაზე პაპის კათედრის სანდო წარმომადგენლად მიიჩნევენ, რომელიც გარკვეულწილად დიპლომატიური გამოცდილების მქონე პაპ პავლე VI-ეს ჰგავს.

მოღვაწეობის განმავლობაში პაროლინმა დიპლომატიური უნარები და მსოფლიოში დამყარებული კონტაქტების ქსელი სხვადასხვა კუთხით გამოიყენა, მათ შორის, ბირთვული განიარაღების, კომუნისტურ ქვეყნებთან კავშირების დამყარებითა და, ასევე, შუამავლის როლის შესრულების მხრივაც.

პაროლინი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 2 ოქტომბერი, 2019 წ.

იგი განსაკუთრებით გამოცდილია ახლო აღმოსავლეთისა და აზიის კონტინენტის გეოპოლიტიკის საკითხებში. 2005 წელს მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩინეთსა და წმიდა საყდარს შორის პირდაპირი კავშირის დამყარებაში, რაც თავის დროზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნეოდა, თუმცა დღესდღეობით შესაძლოა, მის სუსტ წერტილად იქცეს. ჩინეთთან მიმართებით მისი მიდგომა 2018 წელს ეპისკოპოსების დანიშვნის წესთან დაკავშირებით საკამათო საიდუმლო დროებითი შეთანხმებით დაგვირგვინდა, რომელიც შემდგომში 2020, 2022 და 2024 წლებშიც განახლდა.

მიღწეული შეთანხმებით ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ კათოლიკე ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხში გავლენა მოიპოვა, რასაც ფართო კრიტიკა მოჰყვა არა მხოლოდ ჰონგ-კონგის ემერიტუს ეპისკოპოსის, კარდინალ ჯოზეფ წენ წე ქიუნისა და რიგითი ჩინელი კათოლიკეების მხრიდან, არამედ ევროპასა და აშშ-ში მყოფი გამოჩენილი კათოლიკეების მხრიდანაც, რომლებმაც ვატიკანს კომუნისტურ ჩინეთზე თავის მიყიდვაშიც კი დასდეს ბრალი. ამის მიუხედავად, პაროლინი კრიტიკოსებს საკითხთან დაკავშირებით მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდებს და, როგორც წესი, თავს არიდებს შეთანხმებაზე გაბრაზებული პირების კრიტიკას.

კათოლიკე ეკლესია ჩინეთში

კარდონალი პაროლინი ასევე გააკრიტიკეს, როდესაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესპანეთის მემარცხენე მთავრობასთან მოლაპარაკებებში, როდესაც ესპანეთის სამოქალაქო ომისადმი ფრანკოს მიერ მიძღვნილ მემორიალს “მნიშვნელობა შეუცვალეს”. ზოგიერთმა მოიწონა მისი დიპლომატიური მიდგომა მემორიალზე რელიგიური ელემენტების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თუმცა სხვებს მიაჩნდათ, რომ პაროლინმა საკმარისი წინააღმდეგობა არ გაუწია მემორიალის სეკულარიზაციის მცდელობას და სათანადოდ არ დაიცვა მონუმენტთან ეკლესიის ასოციაცია.

ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პაროლინის მხრიდან ვატიკანის ფინანსების მართვის გარკვეულ ასპექტებს, კერძოდ მის როლს ფინანსური რეფორმისთვის ხელის შეშლაში, ან სულ მცირე, ხელის ვერ შეწყობაში. ამას გარდა, იგი ბუნდოვნად იყო გარეული ლონდონის საკუთრების სკანდალში, რომლის ფარგლებშიც იგი არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა სახელმწიფო სამდივნოს ზოგიერთ კოლაბორატორს პატიმრობა შეუფარდეს.

Covid პანდემიის დროს იგი, ერთი მხრივ, ემხრობოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გლობალურად თანაგრძობის შემცველი პასუხის უზრუნველყოფას, მაგრამ ამავდროულად მხარს უჭერდა ვატიკანში ვაქცინაციის ერთ-ერთ უმკაცრეს მანდატს.

ასევე კვლავ არსებობს კითხვები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან მიმართებით პაროლინის პოზიციასთან დაკავშირებით. ამას გარდა, კარდინალი მკვეთრად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ლიტურგიას, რაც მისი გადმოსახედიდან წინააღმდეგობაში მოდის კათოლიკე ეკლესიის “ახალ პარადიგმასთან”, რომელიც დეცენტრალიზებული, უფრო გლობალური და სინოდალურია. მეტიც, კარდინალი პაროლინი მომხრე იყო, რომ პაპ ფრანცისკეს ვატიკანის მეორე კრების სწავლებები უფრო ზედმიწევნით დაენერგა.

კრიტიკოსების მიხედვით, პაროლინი მოდერნისტი და პროგრესისტი კანდიდატია, გლობალური ხედვითა და პრაგმატისტული მიდგომით, რომელიც რწმენის უხეშ ჭეშმარიტებაზე მაღლა იდეოლოგიასა და დიპლომატიურ მიდგომას აყენებს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კარდინალი 1960-იანი წლების გერმანიის Ostpolitik-ის მსგავსი დიპლომატიის მიმდევარია, განსაკუთრებით ჩინეთთან მიმართებით.

მეორე მხრივ, კარდინალი პაროლინის მხარდამჭერებისთვის იგი გაბედული და იდეალისტი კანდიდატია, რომელიც მშვიდობის გულმოდგინე მხარდამჭერია და შუამდგომლობის უნარი გააჩნია. მათთვის პაროლინი ის კანდიდატია, რომელსაც 21-ე საუკუნეში კათოლიკე ეკლესიისთვის ახალი მომავლის გამოჭრა სურს.

საპაპო ასაკის მხრივ პაროლინი ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდაა. მას 2014 წელს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სრულად გამოჯანმრთელდა.

მისთვის სუსტ წერტილად შეიძლება პასტორალური გამოცდილების ნაკლებობა ჩაითვალოს, ვინაიდან პაროლინმა სამღვდელო კარიერის ძირითადი ნაწილი ვატიკანის დიპლომატიასა და ადმინისტრირებას დაუთმო.

გამომდინარე იქიდან, რომ კარდინალ პაროლინს პაპი ფრანცისკეს მსგავსი საეკლესიო და პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვს, ზოგიერთისთვის შესაძლოა, იგი ბუნებრივ მომდევნო პონტიფექსად აღიქმებოდეს. შესაბამისად, თუკი კონკლავზე კარდინალები პაროლინს აირჩევენ პეტრეს კათედრის მემკვიდრედ, ეს იმით იქნება განპირობებული, რომ მათ ფრანცისკესეული რადიკალური რეფორმების უდიდესი ნაწილის, ან ყველას, გაგრძელება სურთ უფრო ჩუმი, შეუმჩნეველი და დიპლომატიური გზით.

კარდინალი პაროლინი პაპ ფრანცისკესთან ერთად

რაც შეეხება პაროლინის პოზიციებს კათოლიკე ეკლესიისთვის დღესდღეობით მნიშვნელოვან თემებზე, იგი ფრანცისკეს მსგავსად ეწინააღმდეგება ქალების დიაკვნებად კურთხევას. 2023 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებულ ოფიციალურ წერილში, რომლის ადრესანტიც გერმანიის ეპისკოპოსთა გაერთიანება იყო გერმანიის სინოდური გზის შესახებ, კარდინალმა პაროლინმა განაცხადა, რომ ქალების მღვდლებად კურთხევის საკითხი “მოლაპარაკებების საგანი არ არის” და არ იქნება განხილული გერმანელ ეპისკოპოსებთან. მიუხედავად იმისა, რომ წერილში არ არის ნახსენები უშუალოდ ქალთა დიაკვნობის საკითხი, ზოგადი ტონი მიანიშნებს, რომ პაროლინს ამ მხრივ კონსერვატიული პოზიცია აქვს.

ბუნდოვანია პაროლინის პოზიცია ცელიბატის წესთან დაკავშირებით. მას ნათქვამი აქვს, რომ აღნიშნული თემის თეორიული განხილვა შესაძლებელია, თუმცა იგი მღვდლების ცელიბატებად დარჩენაში გარკვეულ უპირატესობებსაც უსვამს ხაზს.

ასევე ორაზროვანია მისი პოზიცია ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვასთან დაკავშირებით. როდესაც პაპმა ფრანცისკემ Fiducia Supplicans-ის დეკლარაციით შესაძლებელი გახადა ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა ისე, რომ დოქტრინა არ შეუცვლია, პაროლინი ამ ნაბიჯს მიესალმა, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ საკითხს დამატებითი შესწავლა ესაჭიროებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ცვლილება “ერთგული” უნდა იყოს ეკლესიის ტრადიციასა და მემკვიდრეობასთან ისე, რომ იყოს “პროგრესი უწყვეტობაში”.

ამას გარდა, პაროლინი ემხრობა Vetus Ordo-ს, იგივე ძველებური ლათინური წირვის შეზღუდვას. პირად საუბრებში მას გარკვევით აქვს ნათქვამი, რომ ტრადიციულ ლიტურგიის წესს მტკიცედ ეწინააღმდეგება. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კარდინალმა პაროლინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა Traditionis Custodes-ის შემუშავებაში, რომელი ედიქტითაც პაპმა ფრანცისკემ Vetus Ordo შეზღუდა.

კარდინალი ასევე მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებისთვის უფრო მეტი დროის დათმობას. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას იგი კლიმატის მეცნიერების მომხრე იყო და ხშირად გამოდიოდა მოწოდებებით კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მიზნით საერთაშორისო ძალისხმევისკენ.

გაურკვეველია პაროლინის პოზიცია პავლე VI-ის Humanae Vitae-სთან მიმართებითაც. აღნიშნული ენციკლიკა მას “წინასწარმეტყველურად” აქვს დახასიათებული, ვინაიდან პაროლინის აზრით, მასში წინასწარ იყო დანახული ის ეთიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც ტრადიციული ოჯახის სტრუქტურები აღმოჩნდებოდა.

მაგრამ, მეორე მხრივ, მას მონაწილეობა აქვს მიღებული იმ წიგნის პრეზენტაციის ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორებსაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე Humanae Vitae-ს სწავლების შეცვლა სურთ. ხსენებული წიგნის მიმართ კარდინალი პაროლინის ნაგულისხმევი მხარდაჭერა, ისევე როგორც მისი მხრიდან არასაკმარისი თანადგომა მეთიუ ფესტინგისა და კარდინალი რეიმონდ ბერკის მიმართ, რომლებიც ძლიერ ეწინააღმდეგებიან 2016 წელს მალტის ორდერის მიერ დიდი რაოდენობით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დისტრიბუციას, ზრდის იმის შანსს, რომ პაროლინი შესაძლოა, Humanae Vitae-ს სწავლების გადახედვის მომხრე იყოს.

კარდინალი ერდო

საეპისკოპოსო დევიზი: Initio non erat nisi gratia – თავდაპირველად არაფერი იყო, გარდა მადლისა

72 წლის უნგრეთის პრიმასი, კარდინალ-მღვდელი პეტერ ერდო

72 წლის კარდინალი პეტერ ერდო უნგრეთის პრიმასი და შესაძლოა, პაპობისთვის ყველაზე ძლიერ პრეტენდენტი იყოს კონსერვატორ კანდიდატებს შორის. მისი მშობლები მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, რომელთა ოჯახშიც რწმენა “ცხოვრების ნაჭერში იყო ჩაქსოვილი”. ექვსი შვილიდან ერდო ყველაზე უფროსი იყო.

პატარაობაში იგი კომუნისტური რეჟიმის მმართველობის ქვეშ იზრდებოდა, ხოლო 1956 წელს, როდესაც ერდო 4 წლის იყო, მისი ოჯახი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც უნგრეთში შეჭრილმა საბჭოთა არმიის სამხედროებმა მათი სახლი გადაწვეს.

ერდომ განათლება ბუდაპეშტის პიარების სკოლაში მიიღო. 1975 წელს მღვდლად კურთხევის შემდეგ, რასაც იგი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტს უწოდებს, მან ორი წელი საეკლესიო სამსახურში გაატარა. ამის შემდეგ იგი რომში გაგზავნეს, სადაც 1980 წელს პონტიფექსის ლატერანის უნივერსიტეტში თეოლოგიისა და კანონიკური სამართლის ხარისხი მოიპოვა.

1995-96 წლებში ის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში ერდოს რომის უნგრულ კოლეჯში რექტორის თანამდებობა ეკავა და პარალელურად პაპი გრეგორისა და ლატერანის უნივერსიტეტებში ასწავლიდა.

პაპმა იოანე-პავლე მეორემ ერდო ეპისკოპოსად 2000 წელს აკურთხა, ხოლო 2003 წელს, ესტერგომ-ბუდაპეშტის მიტროპოლიის მთავარეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ, ერდო მთელი უნგრეთის პრიმასი გახდა. ამავე წელს იოანე-პავლემ ერდოს კარდინალობაც უბოძა.

კარდინალი ერდო

კარდინალი ერდო გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, ინგლისურ და მშობლიურ უნგრულ ენებზე საუბრობს. იგი ავტორია 250-ზე მეტი სტატიისა და 25 წიგნის.

ათეისტური კომუნიზმის სირთულეებში გამოვლილი უნგრელი კარდინალი ღრმა ინტელექტისა და კულტურის მქონე პიროვნებად მიიჩნევა. ამასთანავე, იგი კარგად ნაკითხი ავტორი, გამოცდილი მასწავლებელი და წმინდა წერილის სწავლულია.

კარდინალ ერდოს მოსწონს ის ლიტურგიის წესები, რომელიც ვატიკანის მეორე კრების შემდგომ დამკვიდრდა, განსაკუთრებით ის, რომ მასში ყურადღებაა გამახვილებული ძველი აღთქმის ტექსტებზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი წირვის ახალ, ჩვეულებრივ ფორმას ანიჭებს უპირატესობას, იგი მღვდლებს საშუალებას აძლევს, ძველებური ლათინური წირვაც აღასრულონ. თუმცა, მას Traditionis Custodes-ის შესახებ და ფრანცისკეს მიერ ტრადიციული წირვის შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ეწერა, რომ კარდინალი ერდო Traditionis Custodes-ს ეწინააღმდეგებოდა, მის ეპარქიაში განაცხადეს, რომ ერდო პაპის მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით მოქმედებდა, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნეს, რომ კარდინალი ერდო მზად იყო, მის ეპარქიაში ძველებური ლათინური წირვის აღსრულება დაეშვა.

კარდინალი პეტერ ერდო საშობაი წირვის აღსრულებისას უნგრეთში, 2016 წ.

Attila Kovács/AP

ამას გარდა, ერდოს მიაჩნია, რომ ზიარების წესი მჭიდრო კავშირშია მღვდლობასთან და შესაბამისად ეწინააღმდეგება, რომ მღვდლებისთვის ცელიბატია არასავალდებულო იყოს. ამასთანავე, კარდინალი ერდო ეკლესიის იერარქიული სტრუქტურის დამცველია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებზე სულიერ ზრუნვასა და ახალ ევანგელიზაციას, რაც კათოლიკე ეკლესიის სწავლების ხელახლა გავრცელებას გულისხმობს ისეთ ადგილებში, სადაც რელიგიურობამ მოიკლო და სეკულარიზაციამ იმატა.

ერდოს პასტორალურ მიდგომაში ცენტრალურია მისიონერული საქმიანობა და იგი დიდად წუხს იმ კრიზისზე, რომელიც ეკლესიაში ახალი სასულიერო კადრების დეფიციტით არის გამოწვეული.

51 წლის ასაკში ერდო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კარდინალი გახდა, როდესაც 2003 წელს პაპმა იოანე-პავლემ II-მ იგი კარდინალების რიგებში შეიყვანა.

ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა იმიგრაცია – რა საკითხთანაც გამკლავებას უნგრეთი და ზოგადად ევროპა ბოლო წლებია ცდილობს – კარდინალ ერდოს გაწონასწორებული მიდგომა აქვს. იგი აღიარებს მიგრაციის უფლებას, თუმცა ასევე აცნობიერებს ლტოლვილების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, რამაც შესაძლოა, პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს.

ერდოს დადებითი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და ემხრობა არაქრისტიანულ რელიგიებთან დიალოგს, რა მხრივაც იგი ხაზს უსვამს Dignitatis Humanae-ს, რაც ვატიკანის მეორე კრების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და ყველა ადამიანის რელიგიური თავისუფლების უფლებას ადასტურებს.

იგი ხაზს უსვამს ერთიანობის მნიშვნელობას. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის როლის თამაშმა კარდინალი ერდო კათოლიკე ეკლესიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად აქცია.

უნგრეთის პირველიერარქი საუბრობს ქრისტესთან პერსონალური ურთიერთობის აუცილებლობაზე, რაც მას ეკლესიისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ ფონზე, როცა მსოფლიო, კათოლიკური გადმოსახედიდან, სეკულარიზმისა და რელატივიზმის კრიზისში იმყოფება.

კარდინალი ერდო მტკიცედ იცავს ბუნებრივი სამართლის არსებობის იდეას და წარსულში კომუნიზმში ცხოვრების გამოცდილებამ მას ასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია იმ სიცარიელის შესავსებად, რომელსაც პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოშლა იწვევს. ერდოს აზრით, მხოლოდ ქრისტესთან პერსონალურ ურთიერთობას შეუძლია ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ბედნიერების მოტანა.

იგი უარყოფს უნივერსალიზმს, ანუ წარმოდგენას, რომ ყველას ადამიანის ხსნა ხდება, თუმცა მას სჯერა, რომ ყველას გადარჩენა შესაძლებელია. მისი აზრით, მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეუძლია კაცობრიობას, ღმერთთან გზა იპოვოს.

კარდინალი ერდო პაპ ფრანცისკესთან ერთად

უნგრელი კარდინალი მტკიცედ ეწინააღმდეგება ეკლესიის მიერ ჰომოსექსუალური თანაცხოვრების მიღებას, მაგრამ მხარს უჭერს დახმარების გაწევას მათთვის, ვისაც მისივე სქესის პირები იზიდავს. ამასთანავე, ერდო ემხრობა Humanae Vitae-სა და ორსულობისას ნაყოფის სიცოცხლის უფლებას.

კარდინალი ერდო, რომელიც პაპი პავლე VI-ის თაყვანისმცემელია, თავის მხრივ, კარდინალი ჯორჯ პელის რჩეული იყო, რომელსაც ერდო პეტრეს კათედრისთვის შესაფერის მემკვიდრედ მიაჩნდა, რათა ვატიკანში კანონის უზენაესობა აღმდგარიყო პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატის შემდეგ.

კარდინალი პიცაბალა

საეპისკოპოსო დევიზი: Sufficit tibi gratia mea – ჩემი წყალობა საკმარისია თქვენთვის

60 წლის იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი, იტალიელი კარდინალ-მღვდელი პიერბატისტა პიცაბალა

კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის რეგიონში, კოლონიო ალ სერიოს პატარა დასახლებაში, “უბრალო და ავთენტურ გარემოში” გაიზარდა.

იერუსალიმის მომავალი პატრიარქი 1965 წელს დაიბადა და ოჯახში იგი სამ ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. როგორც პიცაბალამ 2016 წელს ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე გაიხსენა, მას უბრალო, სოფლის, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. დედამისის თქმით, “ცხრა წლისამ მან უკვე იცოდა, რომ მღვდლობა უნდოდა”.

თერთმეტი წლის ასაკში მან ქალაქ რიმინის Le Grazie-ს სემინარიაში დაიწყო სწავლა, რომელსაც ფრანცისკელთა ორდენი ხელმძღვანელობს. აქ პიცაბალამ პირველად გაიგო მისიონერული საქმიანობის შესახებ, თუმცა, თავდაპირველად მისი ოცნება არა წმინდა მიწაზე, არამედ ჩინეთში მოგზაურობა იყო.

“დაწყებით სემინარიაში ვიყავი და იქ რამდენიმე მოხუცი მისიონერი იყო, რომლებიც ქვეყნიდან [ჩინეთიდან] გამოაძევეს მას შემდეგ, რაც მაო ძედუნმა ხელში ძალაუფლება ჩაიგდო 1949 წელს” – განმარტა მან. კარდინალი პიცაბალას თქმით, “მისიონერები ხშირად საუბრობდნენ თავიანთი გამოცდილების შესახებ და ბავშვობაში ვამბობდი ხოლმე: ‘მინდა, რომ მისიონერი გავხდე, წავიდე და ის გავაკეთო, რაც მათ გააკეთეს”.

მან ქალაქ ფერარას სემინარიაში სწავლა 1984 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც იგი ფრანცისკელთა ორდენში შევიდა. ბოლონიის მთავარეპისკოპოსმა, ჯაკომო ბიფიმ ის მღვდლად 1990 წელს აკურთხა. ერთი თვის შემდეგ კი ეპარქიამ 25 წლის მღვდელი იერუსალიმის Studium Biblivum Franciscanum-ში სასწავლებლად გაგზავნა, სადაც პიერბატისტა პიცაბალამ ბიბლიური თეოლოგიის დიპლომი დაიცვა.

როდესაც პიცაბალა 1990 წლის 7 ოქტომბერს იერუსალიმში ჩავიდა, ის მხოლოდ “იტალიურ და ბერგამოს მშობლიურ დიალექტზე” საუბრობდა. წმინდა მიწაზე ყოფნის პირველ დღეებს კი იგი შემდეგნაირად იხსენებს: “ეს ჯერ კიდევ პირველი ინტიფადა იყო. 7-ში საღამოს ჩავედი და ერთი დღის შემდეგ, რვაში, მუსლიმთა კვარტლის სწორედ იმ ნაწილში, სადაც ვიყავი, მეჩეთის ესპლანადაზე, შეტაკება მოხდა ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა… ასე განსაკუთრებულად დაიწყო ჩემი იქ ყოფნის პერიოდი”.

იერუსალიმში ჩასვლის პირველ დღეებს პიცაბალა “კულტურულ შოკად” და “სულიერ უდაბნოში” ყოფნად ახასიათებს, რადგან, მისი თქმით, რთული იყო იმის გაგება, თუ რატომ იმყოფებოდა იქ. “ენები არ ვიცოდი, არ მესმოდა ყოველგვარი ძალადობა, რაც ჩემთვის ძალიან უცხო იყო. შემდეგ მოვიდა სპარსეთის ყურის ომის საღამო, და ყველგან კომენდანტის საათი იყო. არ იყო მარტივი, მაგრამ გამომაჯანსაღებელი იყო, რადგან მაიძულა, მეპოვა ღრმა და ჭეშმარიტი მიზეზი ჩემი მოწოდებისა და მორჩილებისთვის”.

ძველი აღთქმისადმი მისი სიყვარულის გამო, მისმა ეპარქიამ პიცაბალა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში გაგზავნა 1995-1999 წლებში, ხოლო 1998 წელს იგი ბიბლიური ებრაულისა და იუდაიზმის საგნის პროფესორის თანაშემწე გახდა Studium Biblicum Franciscanum-სა და Studium Theologicum Jerosolymitanum-ში. ებრაულ უნივერსიტეტში პიცაბალა იმ დროს ერთადერთი ქრისტიანი იყო, რომელიც წმინდა წერილებს სწავლობდა, რაც, მისივე თქმით, “ძალიან საინტერესო” იყო, რადგან პირველად აღმოჩნდა “არაქრისტიანულ კონტექსტში”.

კარდინალი პიცაბალა დღესდღეობით ინგლისურ ენაზეც ლაპარაკობს და ქადაგებს. ხოლო Ynet-ის ინფორმაციით, იგი თავისუფლად ფლობს თანამედროვე ებრაულ ენას, თანაც იმდენად კარგად, რომ ჩასვლიდან 5 წელში მან Roman Missal-ის რედაქტორობა დაიწყო ებრაულ ენაზე და სხვადასხვა ლიტურგიულ ტექსტებიც თარგმნა.

კარდინალი პიცაბალა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარში სააღდგომო წირვას აღავლენს

GIL COHEN-MAGEN | AFP

იერუსალიმში ჩასვლიდან ცხრა წლის შემდეგ, 1999 წლის 2 ივლისს, პიცაბალამ ფორმალურად დაიწყო წმინდა მიწის კუსტოდიაში მსახურობა, რაც ახლო აღმოსავლეთში ფრანცისკელთა ორდენის პროვინციას წარმოადგენს.

2004 წლის მაისში, როდესაც ის 39 წლის იყო, პიცაბალა წმინდა მიწის რიგით 167-ე კუსტოსად დანიშნეს. ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მან 12 წელი გაატარა. ორი წლის შემდეგ მან განაცხადა, რომ კუსტოსობისას მისი პრიორიტეტი “ებრაულ სამყაროსთან ურთიერთობა იქნება”, გამომდინარე იქიდან, რომ “ტრადიციულად, კუსტოდია ყოველთვის ახლოს იყო არაბულ სამყაროსთან”. ამ მიდგომის მეშვეობით პიცაბალამ არაბ და ებრაულ მხარეებს შორის სანდო შუამავლის როლი მოირგო.

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი, პიერბატისტა პიცაბალა, ქრისტეს საფლავის ტაძარში აღდგომის წირვის დროს

OSV News photo/Ammar Awad, Reuters

აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმის შემდეგ, პიცაბალამ განაცხადა, რომ მზადაა, ისრაელელი ბავშვების ნაცვლად ჰამასის ტყვეობაში თავად აღმოჩნდეს. ის ამბობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტყვეების გათავისუფლება იყო და აღნიშნავდა, რომ სხვა შემთხვევაში კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალი იქნებოდა.

2008 წელს პიცაბალა ქრისტიანთა ერთობის პონტიფექსის საბჭოს იუდაიზმთან ურთიერთობების კომისიის კონსულტანტად დანიშნეს. ორი წლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთის საკითხზე ეპისკოპოსთა სინოდშიც, ხოლო 2014 წელს მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ვატიკანის ბაღებში პაპი ფრანცისკეს, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის შეხვედრის ორგანიზების კუთხით.

კუსტოსის თანამდებობაზე პიცაბალას ყოფნის პერიოდი 2016 წელს ამოიწურა. პარალელურად, ერთი თვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე იორდანიის 76 წლის პატრიარქის გადადგომის წერილს დათანხმდა, რის შემდეგაც, სანამ ახალ პატრიარქად დაასახელებდა, ფრანცისკემ პიერბატისტა პიცაბალა იორდანიის საპატრიარქოს Sede vacante-ეს სამოციქულო ადმინისტრატორად დაასახელა და ის მთავარეპისკოპოსად აკურთხა. პიცაბალამ თანამდებობა 2016 წლის ივლისში დაიკავა, ხოლო სექტემბერში ის ბერგამოს კათედრალში ეპისკოპოსად აკურთხეს.

იორდანიის საპატრიარქოში “პიცაბალას ადმინისტრაციის” ხანა წარმატებული გამოდგა და 2020 წელს იგი იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქად დანიშნეს. სამი წლის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ პიცაბალა იმ პირების სიაში შეიყვანა, რომლებსაც 30 სექტემბერს კარდინალის წოდებას მიანიჭებდა. მაშასადამე, იგი გახდა იერუსალიმის პირველი კათოლიკე პატრიარქი, რომელმაც კარდინალობას მიაღწია და ასევე პირველი კარდინალი, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა.

კარდინალი პიცაბალა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში

Andrew Medichini/AP

კარდინალი პიცაბალა ეწინააღმდეგება ქალი დიაკვნების დანიშვნის იდეას. ამ საკითხზე მას საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ კაცი მღვდელმთავრების დანიშვნაზე ეკლესიის პოზიციის “მუდმივი და ცხადი სათავე რწმენა, ისტორია და ტრადიციაა”. ამასთანავე, ამ კუთხით, იგი ხაზს უსვამს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის არდაზიანების მნიშვნელობასაც.

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი ასევე ეწინააღმდეგება ძველებური ლათინური წირვის წესის შეზღუდვასაც. ფრანცისკეს Traditionis Custodes-სთან დაკავშირებით მას განცხადება არ აქვს გაკეთებული, თუმცა მასთან ასოცირებული პირები ამბობენ, რომ კარდინალ პიცაბალას “არ აქვს პრობლემა ტრადიციული წირვის შესრულების მიმართ”.

კარდინალი ტაგლე

საეპისკოპოსო დევიზი: Dominus Est – ეს არის უფალი

67 წლის ფილიპინელი კარდინალ-ეპისკოპოსი, ლუის ანტონიო გოკიმ ტაგლე

67 წლის ლუის ანტონიო გოკიმ ტაგლეს, მეტსახელად “ჩიტოს”, ბაბუა მაღალი კლასის ფილიპინური ოჯახიდან იყო, ხოლო ბებია დედის მხრიდან მდიდარი ჩინური ოჯახიდან მოდიოდა, რომელიც საცხოვრებლად ფილიპინებში ჩავიდა.

იგი თავდაპირველად ექიმობისთვის ემზადებოდა, თუმცა “მოტყუებით” სემინარიაში შესვლაზე დაფიქრდა. ტაგლეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იეზუიტებმა, რომლებიც მას ჯერ სან ხოსეს სემინარიაში და შემდეგ მანილას ატენეოს უნივერსიტეტში ასწავლიდნენ.

ფილიპინების დედაქალაქში მან 1977 წელს ჯერ ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა და შემდგომ ხელოვნების მაგისტრატურა დაამთავრა. 1982 წელს, იეზუიტების დატოვების შემდეგ, იგი მანილის მიტროპოლიაში მღვდლად აკურთხეს და მალევე ჩიტო ადგილობრივი სემინარიის სულიერი დირექტორი და პროფესორი გახდა, ხოლო 1983-1985 წლებში მისი რექტორი.

ტაგლე მისმა ეპისკოპოსმა აშშ-ში გაგზავნა, სადაც მან 1987 წელს თეოლოგიაში დიპლომი მოიპოვა და 1991 წელს თეოლოგი ჯოზეფ კომონჩაკის ხელმძღვანელობის ქვეშ, მან პავლე VI-ის დოქტრინასა და პრაქტიკაში საეპისკოპოსო კოლეგიალობის თემაზე დოქტორანტურა დაამთავრა.

ამან ტაგლეს საშუალება მისცა, რომ “ბოლონიის სკოლის” ეკლესიოლოგიისა და ისტორიოგრაფიის მოწინავე დამცველი გამხდარიყო. აღნიშნული სკოლის მიხედვით, ვატიკანის მეორე კრება გარღვევას წარმოადგენს კრებამდელი პერიოდიდან. შემდგომი თხუთმეტი წლის მანძილზე ჩიტო ვატიკანის მეორე კრების ისტორიის კვლევითი პროექტის რედაქტორთა საბჭოს წევრი იყო, რომელსაც ისტორიკოსი ჯუზებე ალბრიგო ხელმძღვანელობდა.

2001 წელს იოანე-პავლე მეორემ იგი იმუსის ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნა, სადაც ტაგლე მანამ მსახურობდა, სანამ პაპმა ბენედიქტემ ის მანილის მთავარეპისკოპოსად არ დანიშნა 2011-ში.

ტაგლეს კარდინალის წოდება მომდევნო წელს ასევე ბენედიქტე XVI-მ მიანიჭა, რის შემდეგაც მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კრებასა და კონგრეგაციაში. ფილიპინელი კარდინალი მონაწილეობდა ბოლო პერიოდში რომში გამართულ  არაერთ ეპისკოპოსთა სინოდში – ახალი ევანგელიზაციის შესახებ 2012 წლის სინოდში, ოჯახის შესახებ სინოდში 2014 და 2015 წლებში, ახალგაზრდების შესახებ სინოდში 2018 წელს და ამაზონის შესახებ სინოდში 2019 წელს.

კარდინალი ტაგლე მანილის კათედრალში წირვას აღავლენს, 2016 წ.

CNS/EPA/Mark R. Cristino

2015 წელს იგი კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas Internationalis-ის კონფერენციის პრეზიდენტი გახდა, თუმცა 2022 წელს ფრანცისკემ ორგანიზაციის მმართველობა, კარდინალ ტაგლესთან ერთად, დაითხოვა.

2019 წელს ფრანცისკემ ტაგლე რომში საცხოვრებლად დაიბარა, ხალხთა ევანგელიზაციისთვის კონგრეგაციის პრეფექტის თანამდებობაზე, ხოლო მისი რესტრუქტურიზაციის შემდეგ ჩიტო ევანგელიზაციისთვის დიკასტერიის დროებით პრეფექტად დაინიშნა. მომდევნო წელს კი ფრანცისკემ მას კარდინალი ეპისკოპოსის ტიტული მიანიჭა.

გარდა იმისა, რომ ტაგლეს “აზიელ ფრანცისკეს” ეძახიან, იგი ბერგოგლიოსნაირ თვისებებს, პასტორალურ და ადმინისტრაციულ გამოცდილებასა და ასევე მნიშვნელოვან თეოლოგიურ და ისტორიულ მომზადებას ფლობს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი პაპი ფრანცკისეს რჩეულ მემკვიდრედაც კი მოიხსენიებოდა, თუმცა მას შემდეგ ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა.

კარდინალი ტაგლე პაპ ფრანცისკესთან ერთად

კარდინალ ტაგლეს მოქნილ მომლაპარაკებლად მიიჩნევენ, რომელიც კარგად იყენებს პოლიტიკურ ტაქტიკებს. ფილიპინებში იეზუიტების მზრუნველობაში გაზრდა, შემდგომ აშშ-ში სწავლის პერიოდი და 15 წლის განმავლობაში ჯოზეფ კომონჩაკისა და ჯუზეპე ალბერიგოს გვერდით მუშაობა, ასევე მისი კავშირები “ბოლონიის სკოლასთან”, ტაგლეს მკვეთრად პროგრესისტული ეკლესიოლოგიური მსოფლმხედველობის რიგებს აკუთვნებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მსგავს დაჯგუფებებს არ აღიარებს.

იგი ხშირად იყენებს თავის ამბიონს სოციალური სამართლიანობის საკითხების განსახილველად, თუმცა მორალურ თემებზე მისი პოზიცია გარკვეულწილად რთული გასარჩევია. ერთი მხრივ, მან გააკრიტიკა – ისიც სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით ნაკლები ინტენსივობით – ფილიპინებში მიღებული “რეპროდუქციული ჯანმრთელობის” კანონპროექტი, რომელიც კათოლიკური გადმოსახედიდან, ოჯახისა და სიცოცხლის საწინააღმდეგო პოლიტიკის ელემენტებს მოიცავდა. ტაგლე ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგება აბორტსა და ევთანაზიას.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩიტოს მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული სიტუაციები, რომლებზეც უნივერსალური მორალური პრინციპები არ ვრცელდება, მაგალითად ისეთი წყვილების ზიარების შემთხვევაში, რომლებიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში არიან, მაგრამ არ არიან ეკლესიური წესის მიხედვით დაქორწინებულები, ან საკითხებში, რომელიც ჰომოსექსუალობას ეხება. ის ეწინააღმდეგება “უხეში” და “მკაცრი” ენის გამოყენებას, როცა საუბარია გარკვეული ცოდვების დახასიათებაზე და სჯერა, რომ კათოლიკე ეკლესიას ესაჭიროება, “გაითავისოს” ლმობიერების სწავლება ნაწილობრივ “კულტურულ და სოციალურ შეგნებაში მომხდარი ცვლილებების” გამო.

თუმცა, როცა საქმე პოპულარულ საკითხებს ეხება, კარდინალი ტაგლე ღიად ემხრობა მათ, განსაკუთრებით ისეთ თემებზე, როგორიცაა ეკოლოგია. ამ მხრივ მან 2019 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო ვატიკანის ბაღებში გამართულ საკამათო პაჩამამას რიტუალში, რომელიც ზოგიერთი კათოლიკეს აზრით წარმართულ ელემენტებს შეიცავდა.

ხალხთა ევანგელიზაციისთვის კონგრეგაციის პრეფექტის თანამდებობაზე მისი დანიშვნა და შემდგომში კარდინალ-ეპისკოპოსად კურთხევა ტაგლეს პაპობისთვის ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს. ხოლო კარდინალების მხრიდან მისი არჩევა იქნება მინიშნება, რომ მათ ფრანცისკეს პონტიფიკატის სულისკვეთების გაგრძელება სურთ.

კარდინალი ტაგლე ვატიკანში

Grzegorz Galazka / Mondadori Portfolio

ტაგლე ცნობილია ლინგვისტიკური უნარებით. მისი მშობლიური ენა ტაგალურია, მაგრამ ის ასევე კარგად ფლობს ინგლისურ და იტალიურ ენებს. ამასთანავე იცის ფრანგული, კორეული, ჩინური და ლათინურიც.

პაპი ფრანცისკეს მსგავსად ქალი დიაკვნების კურთხევას კარდინალი ტაგლეც ეწინააღმდეგება. მას საჯაროდ ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა იგი ვატიკანის იმ კომიტეტში მსახურობდა, რომელმაც განსაზღვრა, რომ “ქალი დიაკვნების მსახურება მართლაც არსებობს”, მაგრამ კომიტეტმა განმარტა, რომ აღნიშნული “მსახურება არ მიიჩნევა კაცთა დიაკვნობის ქალურ ეკვივალენტად”.

გაურკვეველია მისი პოზიცია ერთნაირსქესიან წყვილთა დალოცვასთან დაკავშირებით. კარდინალ ტაგლეს Fiducia Supplicans-ის შესახებ საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პრო-LGBT ჯგუფი “ახალი გზის მსახურება” აღნიშნავს, რომ მას “ზოგადად პრო-LGBT ისტორია” აქვს, ვინაიდან წარსულში იგი ეწინააღმდეგებოდა “LGBT” კათოლიკეების წინააღმდეგ “უხეში სიტყვების” გამოყენებას. ამის გათვალისწინებით ჩიტო ზოგადად პროგრესისტული, ფრანცისკესეული პოზიციების მქონედ მიიჩნევა.

ასევე ბუნდოვანია, თუ რას ფიქრობს ტაგლე მღვდლების ცელიბატის წესთან დაკავშირებით. მას ნათქვამი აქვს, რომ სასულიერო პირების ცელიბატის წესის შესახებ გონებაგახსნილი დიალოგის გამართვაა საჭირო. ფილიპინელი კარდინალის თქმით, “ზოგიერთს ეს [ცელიბატია] ყოველგვარი ცუდი სექსუალური საქციელის მიზეზად გამოჰყავს. სხვები მას იცავენ, მაგრამ ვიწრო ლეგალისტური გზით, რომელიც არაეფეტქიანია. ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის წყნარი, მაგრამ ყოვლისმომცველი განხილვა”.

რაც შეეხება ძველებური ლათინური წირვის შეზღუდვას, კარდინალ ტაგლეს ამ ნაბიჯის მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მას ზოგადად ნათქვამი აქვს, რომ კათოლიკეებს ესაჭიროებათ უკუაგდონ “ქრისტეს გარკვეულ იდეალიზებულ წარსულში ხილვის სურვილი, რისკენაც ნოსტალგიით ილტვიან”. ვინაიდან ტაგლე პროგრესისტ და ფრანცისკეს ერთგულ კარდინალად ითვლება, სავარაუდოდ, იგი ემხრობა ფრანცისკეს პონტიფიკატის დროს მომხდარ Vetus Ordo-ს შეზღუდვას.

ფილიპინელი კარდინალი ასევე მხარს უჭერს ვატიკანსა და ჩინეთს შორის დადებულ საიდუმლო შეთანხმებასაც. მისი თქმით, გარიგების მიზანი “ჩინეთში კათოლიკე ეკლესიის ქმედითი მოციქულებრივი მემკვიდრეობისა და საიდუმლოებრივი ბუნების დაცვის უზრუნველყოფაა”, რასაც “შეუძლია, ჩინეთში მონათლული კათოლიკეები ანუგეშოს, დაამშვიდოს და გაამხნეოს.” ტაგლეს აზრით, მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული უარყოფითი რეაქცია “პროცესის ნაწილია” და განმარტავს, რომ “ყოველთვის საჭიროა, ხელების გასვრა იმ რეალობით, როგორიც ეს სინამდვილეშია”.

ტაგლე ასევე კლიმატის ცვლილების საკითხისადმი ყურადღების დათმობის მომხრეა.  იგი მტკიცე მხარდამჭერია გარემოს შესახებ პაპი ფრანცისკეს ენციკლიკა Laudato Si-ს, და ნათქვამი აქვს, რომ მნიშვნელოვანია, “დედამიწის ტირილისათვის” მოსმენა და “მცდარ ანთროპოცენტრიზმთან” ბრძოლა.

ამას გარდა, ჩიტო მხარს უჭერს Humanae Vitae-ს გადახედვის იდეას, რაც თანხვედრაშია ამჟამად კათოლიკე ეკლესიის გარკვეულ ნაწილებში არსებულ მიდგომასთან, რომელიც თანამედროვე პრობლემების ფონზე, აღნიშნული ენციკლიკის გადახედვასა და მისთვის მეტად “პასტორალური” მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობს.

კარდინალი ძუპი

საეპისკოპოსო დევიზი: Gaudium Domini Fortitudo Vestra – დაე უფლის სიხარული იყოს თქვენი ძალა

იტალიელ ეპისკოპოსებს შორის კარდინალი მატეო მარია ძუპი პაპობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასახელებული კანდიდატია, რომელიც კათოლიკე ეკლესიის მემარცხენე ფრთას წარმოადგენს და არჩევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პაპი ფრანცისკეს გზას ენერგიულად გააგრძელებს – შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ენერგიითაც. ძუპის მჭიდრო კავშირი აქვს აქტივისტ ანდრეა რიკარდის მიერ დაარსებულ Sant’Egidio-ს საერო საზოგადოებასთან, რომლის ძირითადი საქმიანობაც სოციალური მსახურების გაწევაა.

ძუპი, რომლის ოჯახსაც ახლო კავშირები აქვს ვატიკანთან, რომში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო, რომელიც ვატიკანის მაშინდელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯოვანი ბატისტა მონტინიმ (მომავალმა პავლე VI-მ) ვატიკანის გაზეთ L’Osservatore Romano-ს ყოველკვირეული ილუსტრირებული გამოცემის რედაქტორად დანიშნა. ხოლო მისი დედა, კარლა ფუმაგალი, პაპ პიუს XI-ის მდივნის, კარდინალ კარლო კონფალონიერის ახლო ნათესავი იყო. კარდინალი კონფალონიერი შემდგომში ეპისკოპოსთა კონგრეგაციის პრეფექტი და კარდინალთა კოლეგიის დეკანი იყო პაპ პავლე VI-ისა და იოანე-პავლე I-ის გარდაცვალების დროს.

1977 წელს, 22 წლის ასაკში, ძუპიმ რომის La Sapienza-ს უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ფილოსოფიის ხარისხი მოიპოვა, რის ფარგლებშიც მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მილანის მთავარეპისკოპოსის, კარდინალ ალფრედო ილდეფონსო შუსტერის ცხოვრების შესახებ ნაშრომი დაწერა. ამის შემდეგ მან პალესტრინას რომის ეპარქიის სემინარიაში დაიწყო სწავლა და პონტიფექსის ლატერანის უნივერსიტეტში სწავლობდა სამღვდელო მსახურებას, სადაც მან თეოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.

1992 წელს ძუპიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოზამბიკთან Sant’Egidio-ს შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმების დამყარებაში, რითაც იგი ქვეყნის საპატიო მოქალაქე გახდა.

პაპმა ბენედიქტე XVI-მ მას 2006 წელს ძუპის საპატიო ტიტული, მისი უწმინდესობის კაპელანი მიანიჭა, ხოლო 2010 წელს იგი რომის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამრევლოში გადაიყვანეს მსახურებისთვის. ბენედიქტემ ის რომის დამხმარე ეპისკოპოსად 2012 წელს დანიშნა.

3 წლის შემდეგ ძუპი პაპმა ფრანცისკემ ბოლონიის მთავარეპისკოპოსად დანიშნა, 2019-ში კი მას კარდინალის წოდებაც მიანიჭა.

მშობლიური იტალიური ენის გარდა კარდინალმა ძუპიმ ნაწილობრივ იცის ინგლისური, შესაბამისად, ენების არცოდნას, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მისი პაპობის შანსებზე.

ამის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ მატეო ძუპი წარმოსადეგი კარდინალია, რომელსაც მშობლიურ რომში მთელ პოლიტიკურ სპექტრთან აქვს კავშირები. Sant’Egidio-ს ასოციაციის მეშვეობით, მას ღარიბებსა და მარგინალურ ჯგუფებზე ზრუნვის მრავალწლიანი ისტორია აქვს და შეიძლება ითქვას, რომ იგი ვატიკანის მეორე კრების სულისკვეთების ნამდვილი მემკვიდრეა, რომელსაც მუდმივად სურს თანამედროვე სამყაროში ჩართვა და “ძირეული ცვლილებების” დანერგვა, რაც, მისი აზრით, ვატიკანის მეორე კრებამ კათოლიკე ეკლესიისთვის განიზრახა.

კარდინალი ძუპის მიდგომა “სიძულვილზე უარის თქმას”, “ავთენტიკური სოლიდარობის” დანერგვასა და რელიგიური პლურალიზმისა და “ძმობის” მიღებას ითვალისწინებს.

მისი აზრით, საჭიროა პერიფერიებამდე გასვლა, ღარიბებისა და მარგინალური ჯგუფების დახმარების მიზნით, მათ შორის, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირების, ბოშა ბავშვებისა და მიტოვებული მოხუცების დასახმარებლადაც, რის გამოც ძუპის მეტსახელად “ქუჩის მღვდელიც” შეარქვეს. ამასთანავე, იტალიელ პრელატს სურს, რომ უფრო მეტად იყოს მუსლიმებთან და ებრაელებთან დიალოგში ჩართული. იგი ასევე მიგრანტების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებასაც ემხრობა.

მატეო ძუპი, რომელიც მთავარეპისკოპოსად და კარდინალად ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული, სრულად იზიარებს მისი პონტიფიკატის სულისკვეთებას და ემხრობა მის მიერ დაწყებული გზის ბოლომდე მიყვანას.

ძუპისთვის საზოგადოება, აქტივიზმი და მისიონერული საქმიანობა პირველ ადგილზე დგას. სოციალურ სამართლიანობაზე ყურადღების გამახვილებამ ძუპი იტალიის მემარცხენე პოლიტიკის რიგებთან დააახლოვა იმდენად, რომ როდესაც ფრანცისკემ ძუპი კარდინალთა კოლეგიის რიგებში შეიყვანა, მედიაში ხუმრობდნენ, რომ იტალიის მოწინავე სოციალისტური პარტიის “კაპელანს” კარდინალად ნიშნავდნენ. ძუპის ასევე კავშირები ჰქონდა მოძრაობასთან, რომელიც იტალიის Lega-ს პარტიის პოპულისტ ლიდერს, მატეო სალვინის ეწინააღმდეგებოდა. ამას გარდა, ცნობილია, რომ მან ორი ულტრამემარცხენე, აბორტის მომხრე იტალიელი რადიკალის დაკრძალვაზე მათი საქებარი სიტყვები წარმოთქვა. მას ბოლონიის მიტროპოლიაში მიღებული ჰყავს კომუნისტი მღვდელიც, რომელიც წარსულში ევროპარლამენტში მანდატის მოპოვებას ცდილობდა.

ძუპი განსაკუთრებული გულმოდგინებით ემხრობა ჰომოსექსუალების მიმართ შემწყნარებლობას. თუმცა, მისი “პროგრესისტული” ხედვების მიუხედავად, იგი ასევე დიალოგის დამყარებას ცდილობს მათთან, რომლებიც ეკლესიის ტრადიციების შენარჩუნებას ემხრობიან. სულ მცირე, ორჯერ, ძუპის აღვლენილი აქვს ძველებური წირვა.

თავმდაბალი “ქუჩის მღვდლის” პერსონას მიღმა კარდინალი ძუპი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეპარქიის ხელმძღვანელია. ბოლონიის მთავარეპისკოპოსად მის დანიშვნამდე რამდენიმე წლით ადრე მიტროპოლიას $1.8 მილიარდის ოდენობის თანხა შესწირეს.

ყოველთვის ცალსახად ცხადი არ არის, თუ რა პოზიციებს იკავებს კარდინალი ძუპი დოქტრინულ და სხვა საკითხებთან მიმართებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში იგი თავის გზავნილს მსმენელის მიხედვით არჩევს, თუმცა, ცხადია, რომ მისი შეხედულებები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქორწინების უწყვეტობა, ჰომოსექსუალობა ან გენდერული იდეოლოგია, ჰეტეროდოქსული იქნება.

კარდინალი ვილემ ეიკი

საეპისკოპოსო დევიზი: Noli Recusare Laborem – ნუ იტყვი უარს შრომაზე

71 წლის ნიდერლანდელი კარდინალ-მღვდელი ვილემ ეიკი

71 წლის ნიდერლანდელი კარდინალი ვილემ ეიკი განსხვავებული შეხედულებების თანხვედრაში მოყვანის უნარით არის ცნობილი, რაც, სავარაუდოდ პროტესტანტი მამისა და კათოლიკე დედის მიერ აღზრდითაა განპირობებული.

ეიეკი ამსტერდამის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა, 1978 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სემინარიაში დაიწყო სწავლა, თუმცა, პარალელურად, ლეიდენის უნივერსიტეტში სამედიცინო ეთიკასაც გადიოდა და შინაგანი მედიცინის ექიმად მუშაობდა.

1985 წელს ეიკი მღვდლად აკურთხეს და კაპელანად მსახურობის პარალელურად მან მედიცინაში დოქტორანტურა მოიპოვა, რის ფარგლებშიც თეზისი დაიცვა ნიდერლანდებში არსებული ევთანაზიის პრაქტიკის საპასუხოდ.

1990-ში ეიკი თავისმა ეპისკოპოსმა რომში გაგზავნა, სადაც მან მორალურ თეოლოგიაში დიპლომი აიღო, ხოლო წმინდა თომა აკვინელის უნივერსიტეტში (Angelicum) ფილოსოფიის დოქტორანტი გახდა. ამის შემდეგ ის ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში მორალურ თეოლოგიას ასწავლიდა. ამასთანავე, იგი თანადამაარსებელია ასოციაციის, რომელიც სამედიცინო ეთიკის გავრცელებას უწყობს ხელს.

ეიკი ეპისკოპოსად 1999 წელს ეპისკოპოსმა ფრანცის ვიერცმა აკურთხა, რის შემდეგაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში გრონინგენ-ლეუვარდენის ეპარქიის მღვდელმსახური იყო.

ეპისკოპოსობის ძირითადი საქმიანობა ეიკმა ნიდერლანდების საზოგადოებაში მზარდ სეკულარიზაციასა და რწმენის დაკარგვაზე პასუხის გაცემას დაუთმო. 2001 წელს მას თავის ტვინის სისხლჩაქცევა განუვითარდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და საქმიანობა გააგრძელა.

ბენედიქტე XVI-მ ეიკი 2007 წელს უტრეხტის მიტროპოლიის მთავარეპისკოპოსად დანიშნა. საეპისკოპოსო მოვალეობების შესრულების განმავლობაში კი მან თანარედაქტორობა გაუწია კათოლიკური სამედიცინო ეთიკის სახელმძღვანელოს, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს იგი ნიდერლანდების საეპისკოპოსო კონფერენციის პრეზიდენტად აირჩიეს. 2012 წელს, პაპმა ბენედიქტემ ეიკს კარდინალი მღვდლის წოდება მიანიჭა.

ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ნიდერლანდების კათოლიკე ეკლესია ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურად მიიჩნეოდა. დღესდღეობით ქვეყანაში მაღალია სეკულარიზაციის ტემპი და სამრევლოების დახურვის შემთხვევები. ამ ფონზე კარდინალი ვილემ ეიკი ხალხსა და მსოფლიოში “ქრისტეს სინათლის” გავრცელებაზე მუშაობს. თავად ეიკი ვატიკანის მეორე კრებას მხარს უჭერს. მისი აზრით, კრების ჩატარება კათოლიკე ეკლესიისთვის საჭიროებას წარმოადგენდა და სჯერა, რომ ამაში სულიწმიდის ხელი ურევია.

კარდინალი ეიკს მტკიცედ ორთოდოქსული პოზიციები აქვს, რაც, მათ შორის, ორსულობისას ნაყოფის სიცოცხლის უფლების დაცვასაც გულისხმობს. მისი ინიციატივები მიზნად ისახავს ზიარების, კატეხიზაციისა და პერსონალური ევანგელიზაციისადმი სიყვარულის გამოცოცხლებას.

მორალური თეოლოგიისა და ექიმობის კუთხით გამოცდილებამ ეიკს ხელი შეუწყო, გამკლავებოდა ისეთ თანამედროვე საკითხებს, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, განსაკუთრებით ევთანაზიასა და ინ-ვიტრო განაყოფიერებას.

კათოლიკე ეკლესიის სწავლებასთან მიმართებით კარდინალი ეიკი ნათელი და არაკომპრომისული მიდგომით გამოირჩევა. იგი კათოლიკური ჭეშმარიტების მიმართ სიყვარულს გამოხატავს მაშინაც კი, როდესაც ის შეიძლება არაპოპულარული იყოს, როგორც ეს ეიკის მხრიდან Humanae Vitae-სა და ქორწინების ურღვევობის დოქტრინის დაცვაში გამოიხატა. ეიკი ასევე ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვას, თუმცა იგი ამას დამახასიათებელი ტაქტითა და დიპლომატიით აკეთებს.

მრავალს ეიკის დაჟინებ, რომ სამღვდელოება მხოლოდ ცელიბატი კაცებისგან უნდა შედგებოდეს, საკამათოდ მიაჩნია. ამავდროულად, ნიდერლანდელი კარდინალი თანაგრძნობას გამოხატავს მიგრანტების მიმართ და ხაზს უსვამს მათზე ზრუნვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც დევნას გაურბიან. თუმცა, ეიკს ნათქვამი აქვს, რომ ეკონომიკური მიგრანტების ვალდებულება საკუთარი მშობლიური ქვეყნების განვითარებაა. ამასთანავე, მისი თქმით, ლტოლვილებს ვალდებულებები აქვთ იმ ქვეყნების მიმართაც, სადაც ისინი ემიგრანტებად ჩადიან.

კარდინალ ეიკს ასევე განხილული აქვს ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებებიც. ამას გარდა, ეიკი აფასებს მოკრძალებას ლიტურგიის დროს, თუმცა ჯერჯერობით ტრადიციული ლათინური წირვის შეზღუდვის საკამათო საკითხში არ ჩარეულა.

Covid პანდემიის განმავლობაში ეიკი, სამედიცინო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას ემხრობოდა. მას მიაჩნდა, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე არსებული მოსაზრებებისა და სხვა მორალური მიზეზების მიუხედავად, ვაქცინების გამოყენება “მორალურ ვალდებულებას” წარმოადგენდა, რათა ხალხს საკუთარი თავი და სხვები ვირუსისგან დაეცვათ.

ნიდერლანდური ენის გარდა, კარდინალი ეიკი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და იტალიურ ენებზე. იცის სხვა ენებიც.

კარდინალი ჟან-მარკ აველინი

საეპისკოპოსო დევიზი: Fiat mihi secundum verbum tuum – მეყავნ მე სიტყვისამებრ შენისა

მარსელის მიტროპოლიის 66 წლის მთავარეპისკოპოსი, ალჟირელი კარდინალი ჟან-მარკ აველინი

საფრანგეთის ქალაქ მარსელის 66 წლის მთავარეპისკოპოსი, კარდინალი ჟან-მარკ აველინი, სავარაუდოდ პაპი ფრანცისკეს “ფავორიტი” კანდიდატი იყო. მიიჩნევა, რომ მეგობრული ხასიათის მქონე აველინი უფრო მეტად ჰეტეროდოქსულად განწყობილი პრელატია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მიგრაციისა და რელიგიათა შორის დიალოგს.

მისი ოჯახი წარმოშობით pieds-noirs-ების ეთნოკულტურულ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ფრანგული კოლონიური მმართველობის პერიოდში ალჟირში დასახლებულ ფრანგ და სხვა ევროპული წარმომავლობის ადამიანებს მოიცავს.

თავად აველინი 1958 წლის 26 დეკემბერს ალჟირის ერთ-ერთ დასახლებაში დაიბადა, სადაც ერთ დროს ფრანგული უცხოური ლეგიონის შტაბ-ბინა მდებარეობდა. ოთხი წლის ასაკში აველინის ოჯახს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია მას შემდეგ, რაც ალჟირის მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვებას სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა.

საფრანგეთში რეპატრიაციის შემდეგ მისი ოჯახი იძულებული გახდა, სასტუმროდან სასტუმროში ეცხოვრა. თავდაპირველად ისინი პარიზის ვილჟუიფის კომუნაში ჩავიდნენ, შემდეგ კი მარსელში, სადაც 1965 წელს დასახლდნენ.

სწორედ მარსელში დაიწყეს მათ სტაბილური ცხოვრება და მისი ბავშვობის ტრავმატული გამოცდილებიდან გამომდინარეობს, რომ აველინს განსაკუთრებით ანაღვლებს მიგრანტებისა და ზოგადად ქვეყნებიდან გამოქცეულთა საკითხი.

აველინი მარსელის ჩრდილოეთით მდებარე სამეზობლოებში გაიზარდა, რაც მეტროპოლისის ყველაზე გაღარიბებულ ნაწილს წარმოადგენდა. 1975 წელს მან მარსელში ბაკალავრიატის ხარისხი მოიპოვა, ხოლო ორი წლის შემდეგ ავინიონის სემინარიაში შევიდა სასწავლებლად.

სასემინარო სწავლება მან პარიზში დაამთავრა. იგი ასევე სწავლობდა პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტშიც, საიდანაც მან ბიბლიურ ბერძნულსა და ებრაულში, ასევე თეოლოგიაშიც, ხარისხი მოიპოვა. პარალელურად, იგი სორბონაში ფილოსოფიასაც სწავლობდა.

აველინი მარსელის მიტროპოლიაში მღვდლად 1984 წელს აკურთხეს. მან 1992 წელს მარსელის მაშინდელი მთავარეპისკოპოსის, კარდინალ რობერტ კოფის ინიციატივით მეცნიერებისა და რელიგიათა თეოლოგიის ინსტიტუტი (ISTR) დააარსა მარსელში, რომლის დირექტორიც 2002 წლამდე იყო. ინსტიტუტის მისია “მრავალი კულტურისა და რელიგიის” კონტექსტში ქრისტიანული რწმენის მოთავსება იყო.

1995 წლიდან ის სენ-ჟანის ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომელიც ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტთან დაარსებული “ხმელთაშუა ზღვის კათოლიკური ინსტიტუტი” გახდა. მისმა გამოცდილებამ მალე პაპი ბენედიქტე XVI-ეს ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც აველინი 2008 წელს რელიგიათშორისი დიალოგის პონტიფექსის საბჭოს წევრად დანიშნა.

2008-13 წლებში იგი მარსელის მიტროპოლიის გენერალურ ვიკარად მსახურობდა, ხოლო მღვდლად კურთხევიდან 30 წლის გასვლის შემდეგ, მთავარეპისკოპოსმა ჟორჟ პონტიემ აველინი მარსელის დამხმარე ეპისკოპოსად აკურთხა. 2019 წელს კი აველინმა პონტიე ჩაანაცვლა, როდესაც იგი პაპმა ფრანცისკემ მარსელის მეტროპოლიის მთავარეპისკოპოსად დანიშნა.

2022 წლის აგვისტოში აველინი ერთ-ერთი იყო იმ 21 კარდინალს შორის, რომლებსაც პაპმა ფრანცისკემ კარდინალის წოდება მიანიჭა. მომდევნო წელს კარდინალმა აველინმა მოახერხა პაპი დაერწმუნებინა, რომ საფრანგეთში ვიზიტით ჩასულიყო.

ფრანგულ მედიაში კარდინალ აველინს ხშირად პაპი ფრანცისკეს ფავორიტ პრელატად წარმოაჩენენ და მიიჩნევა, რომ საფრანგეთის ეპისკოპოსებს შორის იგი ყველაზე მეტად არის “ბერგოლიოსებრი”.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, პაპი ფრანცისკე და კარდინალი აველინი რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხშირად ოფიციალური განრიგის მიღმაც.

მარსელში გატარებული ბავშვობიდან გამომდინარე, სადაც განსაკუთრებით ძლიერია მუსლიმური თემი და სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, იგი ღრმად მგრძნობიარეა მიგრანტებისა და რელიგიათშორისი დიალოგის საკითხის მიმართ. უფრო მეტიც, პაპი ფრანცისკე განიხილავდა აველინის რელიგიათაშორისი დიალოგის დიკასტერიის პრეფექტად დანიშვნას, თუმცა გადაწყვიტა, მისთვის მარსელში სასულიერო საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცა.

სხვადასხვა რწმენას შორის დიალოგის შესახებ კარდინალი აველინის მსოფლმხედველობა შეესაბამება პაპი ფრანცისკეს ხედვებს, რაც მოქცევის მცდელობებისგან თავის არიდებასა და რელიგიათა სიმრავლის “საიდუმლოებაზე” ხაზგასმას გულისხმობს.

კათოლიკე ეკლესიის ყველაზე საკამათო საკითხების მიმართ, როგორებიცაა ქალი დიაკვნების ხელდასხმა, მღვდელმსახურების ცელიბატი, ხელახლა “დაქორწინებული” წყვილების ზიარება, აველინი ფრთხილ და წინდახედულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და არ ირჩევს აშკარა მხარეს. მას ურჩევნია, რომ სენსიტიურ საკითხებსა და პოლიტიკურ გადახრებზე ღიად არ ისაუბროს.

თუმცა, იმ საკითხებზე, რომლებიც პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატის დროს გახდა აქტუალური, აველინი უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კარდინალი ერიდება აგრესიული სიხისტის გამოვლენას. შესაბამისად, იგი ერთი შეხედვით, უფრო ჰეტეროდოქსული ფიგურაა, რომელიც ასევე მიდრეკილია კონსენსუსის მიღწევისკენ.

კარდინალი აველინი ემხრობა ეკლესიის დეცენტრალიზაციას და ხშირად ამბობს, რომ ეკლესიის “გრავიტაციის ცენტრი არა თავად ეკლესია, არამედ ღვთის ურთიერთობაა მსოფლიოსთან”. ქალაქ ლურდში გამართული ფრანგი ეპისკოპოსების კრების შემდეგ, აველინმა თქვა, რომ “ეკლესიას ქედმაღლობა შიგნიდან ჭამს”. მისი თქმით, “ნაცვლად იმისა, რომ როგორც ინსტიტუციამ მან ჯიუტად სცადოს თავის დაცვა, ეკლესია უნდა იყოს თანახმა ყველაფრის დაკარგვაზე, რათა ქრისტე მოიპოვოს. მისი ხსნა სახარებისკენ მოქცევაშია”.

თავის მხრივ, აველინის კრიტიკოსების აზრით, მისი ზოგიერთი შეხედულება საფრთხის შემცველი, გამორჩეულად ჰეტეროდოქსული და მოდერნისტულია. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი პოზიციები ინდიფერენტულობაში გადადის და შორდება კათოლიკური რწმენის, ღვთაებრივი გამოცხადებისა და ხსნისთვის ეკლესიის საჭიროების ტრადიციულ გაგებას.

ამის მიუხედავად, 2021 წელს კარდინალმა აველინმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, რათა ტრადიციული განწყობების მქონე კათოლიკეები გაემხნევებინა Traditionis Custodes-ის გამოცემის შემდეგ. აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ მან ძველებური ლათინური წირვაც აღავლინა. ამ მხრივ, ასევე ცდილობდა ტრადიციული მსოფლმხედველობის მქონე მეგობარ ფრანგ ეპისკოპოსსა და ვატიკანს შორის უთანხმოების მოგვარებას, რაც წარუმატებლად დასრულდა.

ამასთანავე, ფრანგი კარდინალი ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვასაც. იგი ერთ-ერთი ხელმომწერია ფრანგ ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ გამოცემული კომუნიკესი, რომელიც სიფრთხილეს გამოხატავს პაპი ფრანცისკეს Fiducia Supplicans-თან მიმართებით და ხაზს უსვამს, რომ უნდა მოხდეს ინდივიდების და არა წყვილების დალოცვა.

მომდევნო პონტიფექსად არჩევის შემთხვევაში კარდინალი აველინი, რომელმაც 2022 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან პრესტიჟული Légion d’honneur-ის ჯილდო მიიღო, სავარაუდოდ, პაპი ფრანცისკეს გზას გააგრძელებდა, თუმცა უფრო მსუბუქი, ნაკლებად იდეოლოგიური კუთხით.

კარდინალი რობერტ სარა

საეპისკოპოსო დევიზი: Sufficit tibi gratia mea – ჩემი წყალობა საკმარისია თქვენთვის

79 წლის გვინეელი კარდინალ-მღვდელი რობერტ სარა

79 წლის კარდინალი რობერტ სარა ვატიკანის ტრადიციული და ორთოდოქსული განწყობების მქონე ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის ხედვებმაც, პირადმა სიწმინდემ და ლიტერატურულმა ნაშრომებმა მას კათოლიკე მორწმუნეებს შორის დიდი პოპულარობა მოუტანა და მრავალი მიმდევარი გაუჩინა.

იგი 1945 წლის 15 ივნისს გვინეაში დაიბადა. მისი მშობლები ანიმიზმიდან ქრისტიანობაზე მოექცნენ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მას სახლის დატოვება და დაწყებით სემინარიაში სასწავლებლად კოტ დ’ივუარში გამგზავრება მოუწია.

1958 წელს გვინეის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სარა სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სწავლა დაამთავრა და 1969 წელს ქვეყნის დედაქალაქ კონაკრიში მღვდლად ეკურთხა. ამის შემდეგ მან რომის პაპ გრეგორის უნივერსიტეტში თეოლოგიის, ხოლო იერუსალიმის Studium Biblicum Franciscanum-ში სახარებაში დიპლომი მოიპოვა.

34 წლის ასაკში იგი კონაკრის მთავარეპისკოპოსად დანიშნეს, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი გახდა. ამის გამო პაპმა იოანე-პავლე მეორემ მას “ახალშობილი ეპისკოპოსი” შეარქვა. რობერტ სარას ეპისკოპოსობა აჰმედ სეკუ ტურეს მარქსისტული დიქტატურის ქვეშ მოუწია, რომელმაც იგი მოსაკლავი პირების სიაშიც კი შეიყვანა.

2001 წლის ოქტომბერში იოანე-პავლემ სარა ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციის მდივნად დანიშნა, სადაც ის თითქმის 10 წლის განმავლობაში მსახურებდა. სანამ თანამდებობაზე იგი გვინეას დატოვებდა, მას ქვეყნის ლიდერმა, გენერალმა ლანსანა კონტემ უმაღლესი ჯილდო გადასცა, თუმცა ამ ნაბიჯის მიუხედავად სარას არ შეუწყვეტია რეჟიმის კრიტიკა კორუფციისა და ცუდი ადმინისტრირების გამო.

პაპმა ბენედიქტე XVI-მ 2010 წელს რობერტ სარა პონტიფექსის საბჭოს, Cor Unum-ის, პრეზიდენტად დანიშნა და იმავე წელს კარდინალის წოდებაც მიანიჭა. მაშასადამე, კარდინალი რობერტ სარა მონაწილეობას იღებდა 2013 წლის კონკლავშიც, რომელმაც ბენედიქტეს მემკვიდრედ ფრანცისკე აირჩია.

2014 წელს ფრანცისკემ სარა ღვთაებრივი თაყვანისცემისა და საიდუმლოებების დისციპლინის კონგრეგაციის პრეფექტად დანიშნა, რა პოზიციაზეც ის 2021 წლამდე იმყოფებოდა.

კარდინალი სარა თავისუფლად საუბრობს ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტეს გადადგომის შემდეგ გამართული კონკლავის დროს სარა პაპაბილების სიაში არ ფიგურირებდა, თუმცა მაშინაც კი იგი რწმენის დაცვის მხრივ ზომიერ პირდაპირობასა და შეუპოვრობას ავლენდა. სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ის ცნობილი და გამორჩეული სხვა კარდინალებს შორის, რომლებსაც, ზოგიერთის აზრით, ამ მხრივ ნაკლოვანება აქვთ, განსაკუთრებით, როცა საქმე კათოლიკე ეკლესიის მორალურ სწავლებას ეხება.

ფრანცისკეს მიერ 2014 წელს კონგრეგაციის პრეფექტად დანიშვნის შემდეგ რობერტ სარამ უფრო მეტი უფლებამოსილებით დაიწყო საუბარი, რათა მეტი ყურადღება მიეპყრო მისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზრუნავზე: სიწმინდის დაკარგვასა და რწმენის დაცვის საჭიროებაზე იმ ეპოქის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, რამაც ეს ყოველივე უკუაგდო – რაც აფრიკელი ქრისტიანების ერთ-ერთი ცენტრალურ საზრუნავსაც წარმოადგენს.

პრეფექტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ლიტურგიასთან დაკავშირებით სარა “რეფორმის რეფორმას” ემხრობოდა, ანუ იმ ლიტურგიული ცვლილებების გადახედვასა და დახვეწას, რომელიც ვატიკანის მეორე კრებამ დანერგა. ამის მისაღწევად სარა, ერთი მხრივ, ნაკლოვანებებისა და გადაცდომების მოგვარებასა და, მეორე მხრივ, მეორე კრების ლიტურგიული განახლების ძირეული პრინციპის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

ხოლო 2019 წელს გამოცემულ წიგნში, სახელად “ჩვენი გულების სიღრმიდან”, რომელიც მან პაპ ბენედიქტე XVI-ესთან ერთად დაწერა, საუბარი იყო სამღვდელოებაში არსებულ კრიზისზე და წარმოდგენილი იყო მღვდელთა ცელიბატის წესის დაცვა. ამ წიგნის გამოცემა პაპი ფრანცისკეს მხრიდან ამაზონის სინოდთან დაკავშირებით სამოციქულო ქადაგების გამოქვეყნებამდე მოხდა, რომელზეც სპეკულირებდნენ, რომ ფრანცისკე, სავარაუდოდ, მღვდელმსახურებისთვის ცელიბატის წესს არასავალდებულოს გახდიდა.

შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, კარდინალ სარას არ შეუწყვეტია ვატიკანის ლიტურგიის ოფისის ხელმძღვანელობის დროს ეკლესიაში რელატივიზმისა და სეკულარიზმის კრიზისთან ბრძოლა.

პაპმა ფრანცისკემ სარას მანდატის ხუთი წლით გახანგრძლივების ნება დართო, რაც 2019 წელს ამოიწურა. როდესაც ის 2020 წელს 75 წლის გახდა, მან ფრანცისკეს კონგრეგაციის პრეფექტობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა, რაზეც პაპი 2021 წლის თებერვალში დათანხმდა. აღნიშნულ ცნობას კარდინალი სარა Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა: “მე ღვთის ხელში ვარ. ერთადერთი კლდე ქრისტეა. ჩვენ კიდევ შევხვდებით ძალიან მალე რომში და სხვაგან”.

გადადგომის შემდეგ კარდინალმა სარამ მრავალი საჯარო განცხადება გააკეთა და ძალზე გააქტიურდა სოციალურ მედიაში. X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) მის პირად ანგარიშს 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2021 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც Covid-შეზღუდვები გაუქმდა, კარდინალი სარა მრავალ ქვეყანას ესტუმრა, სადაც იგი, მათ შორის, აკადემიურ კონფერენციებსა იღებდა მონაწილეობას.

2023 წელს ნაირობის წმინდა ოჯახის ბაზილიკაში ჰომილიის დროს კარდინალმა სარამ მორწმუნეები გააფრთხილა, რომ: “ჩვენი რწმენა შესაძლოა, ეკლესიის შიგნითვე მყოფების მიერ იყოს შერყეული, რომლებიც ღვთის მიერ გამოცხადებული ჭეშმარიტების შეცვლის ძიებაში არიან… სწავლებაში ასეთი დაბნეულობები საფრთხეს უქმნის ჩვენს ქრისტიანულ საძირკველსა და თავად საზოგადოებრივ ქსოვილსაც”.

2021 წელს გადადგომის მიუხედავად, კარდინალ სარას სტატუსი არ დაუკარგავს. პირიქით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი, როგორც რწმენის დამცველის, რეპუტაცია და უკვე მრავალი წელია, რაც კათოლიკე ეკლესიის უფრო ორთოდოქსულ ფრთაში სარას მოწინავე კანდიდატად მიიჩნევენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share