გერმანიის ელჩი-“ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“…ეს გამოგონილია…რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება”

დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა საქართველოსთვის სიგნალია, რომ ჩვენი პერსპექტივიდან თქვენ ევროკავშირს შორდებით და რა თქმა უნდა, ეს სანქციაა, ეს შედარებით მსუბუქი სანქციაა. [დიპლომატიურ პასპორტებზე რეგულაციის ამოქმედება] გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში მოხდება, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასულ წელს მიიღო და ახლა მსგავს ნაბიჯს ცალკეული ქვეყნებიც ეტაპობრივად გადადგამენ.

„ჩვენც ამ ნაბიჯს მივყვებით, რადგან ეს გასულ წელს ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო, შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის.

ეს თითოეულ სახელმწიფოში უნდა იყოს ინტეგრირებული ჩვენს საკუთარ სავიზო რეგულაციებში. ასე რომ, ზოგჯერ ამას ცოტა დრო სჭირდება, თუმცა ეს გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში იქნება. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ამიტომაც ვუყურებთ საქართველოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად. ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, იზომება ევროკავშირის სტანდარტებით და რასაც მთელი გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, არის ის, რომ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირს.

საქართველო უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს და მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიღებით, სხვა ქმედებებით, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და დეზინფორმაციის გავრცელებით და დეზორიენტაციით ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირზე ცუდად საუბრობენ. ასე რომ, თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რატომ საუბრობთ ასე ცუდად მასზე? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.

ხოლო საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ ერთმანეთთან პრობლემა გვაქვს, რაღაც სიგნალები უნდა მივცეთ. დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა საქართველოსთვის სიგნალია, რომ ჩვენი პერსპექტივიდან თქვენ ევროკავშირს შორდებით და, რა თქმა უნდა, ეს სანქციაა. ეს შედარებით მსუბუქი სანქციაა“, – განაცხადა მან.

პეტერ ფიშერის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებებია და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ქვეყანა.

„ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოხდა. ჩვენ აღვნიშნეთ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული და სისტემატური ძალადობა და იქ ჩვენ გლობალურად ვამბობთ, რომ გვინდა ხალხს მივცეთ სიგნალი, რომ მათგან გლობალურად აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვას ველით.

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენი ევროკავშირისგან დისტანცირებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ სფეროებში. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო ბელარუსად იქცევა, რადგან საქართველო ძალიან შორს წავიდა, ძალიან ახლოს იყო ევროკავშირთან, მიაღწია კანდიდატის სტატუსს. დღევანდელ დღეს ვხედავ, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და გამოხატავენ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ამიტომ არ ვიცი, რა ტრაექტორიას აირჩევს საქართველო. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ეს ცუდი ტრაექტორია იქნება.

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით. ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. არ გვინდა, ქართველებს ვუთხრათ, რა გააკეთონ.

ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“. ეს არ არსებობს. ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“, – განუცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share