ქართველები ნოეს კიდობანის ფონზე
.
არის რამდენიმე ძველი ევროპულ გრავიურა ქართველების გამოსახულებით ნოეს კიდობანის ფონზე, ყვავილებით მორთული ქალები, ფუტკრებით, ფიჭით და ა.შ. როცა ასეთ გრავიურა ქვეყნდება ბევრისათვის გაუგებარია არამარტო ნოეს კიდობანი არამედ ქართველების ჩაცმულობაც, რომელთანაც დაკავშირებით დღევანდელი მოსაზრება ძრითადად ჩოხის იქეთ არ მიდის. ევროპელი მისიონერები წერდნენ (მათ შორის ლუდოვიკე გრანჯერიო), რომ ქართველებს პოლონელების მსგავსი ქუდები და ტანსაცმელი ეცვათ (ნახევრად გახსნილი სერთუკები), ფეხსაცმელი კი სპარსულის მსგავსი. ასევე ევროპელები წერდნენ, რომ ქართველებს თმები გვერდებზე აპარსული ჰქონდათ ზემოთ კი დატოვებული კათოლიკე მისიონერების მსგავსად, ულვაშები კი დიდი.
.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ იმ დროის საქართველოში განსაკუთრებით კი დასავლეთში გავრცელებული იყო პოლონური და ესპანური მონეტები, რაც ევროპასთან და რეჩპოსპოლიტასთან მნიშვნელოვანი კავშირის დასტურია.
.
კიდობანთან დაკავშირებით საინტერსოა, რომ მიხეილ ჩიქოვანის ნაშრომში მოყვანილია გურული ლეგენდის ფრაგმენტი სადაც ამირანის და ნოეს კიდობანის ამბავი ერთადაა – „გურიაში (სოფ. ნაგომარი) სუფსის ნაპირას აჩვენებენ ერთ მაღალ მთას, სადაც რკინის პალო თითქოს ახლაც ასვია და ნოეს კიდობანი შეჩერდა. აკეთის მთაზე ნოემ მაგარი ჯაჭვით კიდობანი რკინის პალოზე დააბაო. ჩვენ გვგონია, რომ ამირანის ამ ვარიანტში წარღვნის ლეგენდის კვალია შემონახული.“
.
ალბად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან საუბარი ნოეს კიდობანის გურიაში შეჩერებაზე, თუმცა საინტერესოა არის ის, რომ გურიაში ძალიან ბევრ ადგილზე შემონახულია გადმოცემები მთის წვერზე არსებულ ქვებზე დაა სვეტებზე, მათში ჩაჭედილ რკინის რგოლებსა და იმაზე რომ ამ ჯაჭვებზე უხსოვარ დროში გემებს აბამდნენ, ასეთი გადმოცემები და ლეგენდები იმდენად ხშირად გვხვდება (აკეთში, გურიანთაში, მაკვანეთში, ლიხაურში, ზოტში, სურებში, საყორნიაზე და ა.შ.) რომ ალაბად ამაზე დაფიქრება ღირს.
.
გიორგი ყაზბეკი, რომელმაც სამუსულმანო საქართველოში 1875 წელს იმოგზაურა, აღწერს სოფელ ღორჯომიდან ხულოსკენ მიმავალ გზას – „გამცილებლები მიმტკიცებენ, რომ ამ კლდეში არის გაკეთებული ნახვრეტი, რომლის მეშვეობითაც ოდესღაც გემებს აბამდნენ. მატერკის შიგნით ზღვის შესახებ არაკი ამ ადგილებში იშვიათობა არ გახლავთ: დერცელში მე მიამბეს გემების ზუსტად ასეთივე სადგომზე სურების მთებში, რომლებიც ზღვის დონიდან 8000 ფუტზეა, პონტოში ასეთივე ბუნებრივ ღუზაზე საუბრობს მხითარისტი ვართაპეტ ბრჟიშკიანი.“
.
ქვაში ჩაჭედებულ რკინის რგოლზე წერს დუნკელ ველინგი, რომელმაც 1850-51 წელს მოინახულა გურიანთის ციხის ეკლესია – “არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე, სიმაგრე თუ მონასტერი, მის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ, მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული.”
.
გადმოცემების იდენტურობა და სიხშირე ნამდვილად იძლევა იმაზე დაფიქრების საფუძველს, ხომ არა აქვს ამ შემთხვევაში ადგილი წარღვნასთან დაკავშირებულ ქრისტიანობამდელი ქართველების რწმენას. ის რომ ეს რკინის ჯაჭვები და “გემების დასაბმელები” წაღვნასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.
.
რაც შეეხება ყვავილებით მორთულ ქალს საინტერესოა, რომ ევროპელები მეთვრამეტე საუკუნემდე ძირითადად ანტიკური ხანის ისტორიკოსების და გეგოგრაფების ნაშრომებიდან იცნობდნენ საქართველოს და ამ შემთხვევაში საინტერესოა მოსე ჯანაშვილის მითითება კოლხეთის მეფე აიეტის დის ცირცეას (კირკე) „მინდორზე“ საუბრობს მოსე ჯანაშვილი – „ცირცეა ღმერთქალი, ენამზიანი, მბზინავთმიანი. ფაზისი, გამოდიოდა-რა ამარანთის მთიდგან და რწყავდა-რა ცირცეას მინდორს, ერთოდა ზღვას. ვენახითა, ბალახითა და ტირიფებით იყო შემოსილი ეს ცირცეას მინდორი. ცირცეა აქ აგროვებდა წამლის გასაკეთებელ ბალახებს (მისი სახელი ემსგავსება მეგრულს ცირა – გასათხოვარი ქალი და გურულს ციცა)“.
.
– მიხეილ ჩიქოვანი – მიჯაჭვული ამირანი 1947
– Военно-тактическiй и стратегическiй очерки лазистаского санджака – Подполковник Г. Ш. Казбег 1875;
– Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
– „წერილი მამა ლუდოვიკე გრანჯერიოსი იეზუიტების საზოგადოების გენერალუფროსს კლავდიო აქვავივას. მიწერილი სამეგრელოს სოფელ მოქვიდან 2 მარტსა 1615 წ.“ გაზეთი „ჯვარი ვაზისა“ 1906 წელი #16;
– მოსე ჯანაშვილი, “საქართველოს ისტორია : ტ. 1 : უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.” (1906 წელი);


მოამზადა კახა ჩავლეშვილმა