ივანიშვილის პარლამენტმა MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება გაავრცელა

ივანიშვილის პარლამენტმა აშშ-ს კონგრესში, 5 მაისს მიღებული MEGOBARI აქტის მიღებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა.

რეჟიმი განცხადებაში წერს, რომ MEGOBARI აქტი, “თავისი არსით საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია.

ივანიშვილის რეჟიმი განცხადებაში უარყოფს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ფაქტს, ისევე, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას, ასევე რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირებს – აღნიშნულს რეჟიმი “ცრუ ბრალდებებს” უწოდებს.

“სიცრუეს ეფუძნება ბრალდება საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ – საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს”. – წერია განცხადებაში.

რეჟიმის შეფასებით, MEGOBARI აქტი “ტექნიკურად გაუმართავია, არაერთ ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს” და “საგანგებო ანალიზს არ საჭიროვებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკვეთება მტრული სულისკვეთება”

“საქართველოში “მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის” შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა

[…] საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას “დიპ სტეიტი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ – აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც USAID-ის, NED-ისა და სხვა, მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ამასთანავე, 2020 წლიდან დღემდე “დიპ სტეიტი” ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც საჯარო წყაროებში მრავლად მოიპოვება

ე.წ. “მეგობარი აქტი” საქართველოსადმი „დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ “დიპ სტეიტისგან” დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს

საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − “დიპ სტეიტმა” საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა “დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა “მეორე ფრონტის გახსნის” თაობაზე.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “დიპ სტეიტს” წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყონ”. – წერია ივანიშვილის პარლამენტის განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share