კალაძემ დიდ დიღომში გახსნილ მერიის საზოგადოებრივ ცენტრში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მსახიობები, მომღერლები და ცნობილი თამადა გააფორმა. აღნიშნულ ცენტრს ხალხი საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს. დოკუმენტების თანახმად, აქ სულ 170 თანამშრომელია დასაქმებული.
არსებობს სახელფასო გადარიცხვების სია, საიდანაც დგინდება, რომ ყოველ წლიურად ამ მომღერლებს და მსახიობებს ჯამურად დიღმის სპორტული კომპლექსიდან 150 ათას ლარზე მეტი ერიცხებათ.
აუზის რეგისტრატორი ადასტურებს, რომ სამსახურში მომღერლები არ არიან. ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, რომლებიც დედაქალაქის მერიას დიდი დიღმის საცურაო აუზის თანამშრომლებად ჰყავს გაფორმებული, კომპლექსში დასაქმებულ სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით ანაზღაურებაც სამჯერ მეტი აქვთ.
სახელფასო გადარიცხვების დოკუმენტის თანახმად, თემურ თათარაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 1568 ლარს იღებს. წყარო ყვება, რომ თათარიშვილი ფიქტიურადაა დასაქმებული და ის არაფერს აკეთებს. მომღერალი ამტკიცებს, რომ დიღმის საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც ცურვის, კარატეს, ტანვარჯიშის და აკვააერობიკას ასწავლიან, დისტანციურად მუშაობს.
დოკუმენტების მიხედვით, თემურ თათარიშვილის გარდა, ამავე სპორტულ ცენტრშია დასაქმებული მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, ის მომღერლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომელია, წელიწადში მისი ხელფასი 21 ათას ლარზე მეტია (თვეში 1960 ლარი)
ამავე სპორტულ ცენტრშია დასაქმებული მსახიობი ანზორ, ანრი ბიბინეიშვილი, ის აქ გაფორმებულ მსახიობებსა და მომღერლებს შორის, თაკო გაჩეჩილაძის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადია – თვეში 1411 ლარი.
მსახიობი და პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ის წამყვანი გვიდასტურებს, რომ უკვე ერთ წელია აქ მუშაობს, ჯერ არც ერთი ღონისძიება არ ჩაუტარებია და ერთი წელი ხელფასს ფიქრში უხდიდნენ როგორ უნდა იყოს 1 ივნისს დაგეგმილი ბავშვთა საერთაშორისო დღე.
დიღმის სპორტულ ცენტშია დასაქმებული, ყოფილი მომღერალი თამუნა აბზიანიძე (ხელფასი 1176), ის “ქართლი ოცნების” აქტიური მხარდამჭერია და პარტიულ შეხვედრებიდან ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
დოკუმენტების მიხედვით, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრშია დასაქმებული უკვე ერთი წელია, ცნობილი თამადა კოტე მჟავია. მჟავია სამსახურში არ დადის.
ერთადერთი ვინც დიღმის სპორტულ კომპლექსში დასაქმებული მომღერლებიდან და მსახიობებიდან სამსახურში დადის, ზუკა ხუციაშვილია (ხელფასი 1724 ლარი), თუმცა სავარაუდოდ ფიქტიურად გაფორმებულ მის კოლეგებზე არ საუბრობს.
დედაქალაქის მერი, კახი კალაძე ირწმუნება, რომ თემურ თათარაშვილმა, თაკო გაჩეჩილაძემ, თამარ აბზიანიძემ ანრი ბიბინეიშვილმა მას სამსახურის დასაწყებად სივი გააგზავნეს, მათი მონაცემები მერიამ მოიწონა და კონტრაქტი გაუფორმა.