საჯარო უწყებებში ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირზე, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაოს- “კონსტიტუციის 78-ე მუხლი”

“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი” საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკისა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ასეულობით ათასი ლარი იმ პირთა ანაზღაურებაში იხარჯება, რომლებიც რეალურად სამუშაო ფუნქციებს არ ასრულებენ.

ორგანიზაციის თქმით, მიუღებელია ბიუჯეტის ხარჯვა პარტიული ერთგულებისა და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით.

“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი” აცხადებს შეშფოთებას საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკისა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო.

ხელმისაწვდომი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირთა ანაზღაურებაში, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაო ფუნქციებს. საუბარია ძირითადად შოუბიზნესის წარმომადგენლებზე – მომღერლებსა და მსახიობებზე – რომლებიც სამსახურში ფიზიკურად არ ჩნდებიან, თუმცა მაინც იღებენ მაღალი ოდენობის ხელფასებს. მათი ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, სამჯერ აღემატება იმ თანამშრომლების შრომის ფასს, ვინც უშუალოდ და ყოველდღიურად უზრუნველყოფს საჯარო სერვისების მიწოდებას.

იმ ფონზე, როდესაც ბოლო ნახევარი წლის მანძილზე, საჯარო სამსახურებიდან კადრების მასობრივი გათავისუფლებები სწორედ ბიუჯეტის ოპტიმიზებას და თანხების დაზოგვის მიზნით განხორციელდა, როდესაც საზოგადოებრივი სერვისების ხარისხი ყოველდღიურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და საჯარო სექტორის რეალური თანამშრომლები იღებენ არასაკმარის ანაზღაურებას, სრულიად მიუღებელია ბიუჯეტის ხარჯვა პარტიული ერთგულებისა და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით. მსგავსი მიდგომა არღვევს სამართლიანობის პრინციპს და ამცირებს სახელმწიფო სამსახურისადმი ნდობას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ:

  • საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პრივილეგირებულ ჯგუფებს;
  • ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს გამჭვირვალედ, სამართლიანად და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით;
  • განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება არ უნდა წარმოადგენდეს დევნის საფუძველს საჯარო სამსახურში,” – წერია განცხადებაში. 
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share