450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა ომის პირველ 11 დღეში ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და დასახლებული უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად – ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch ავრცელებს.
ორგანიზაციამ დაადგინა რუსეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალისა და ჭურვების გამოყენება ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, აშკარა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების დროს.
“ხარკოვის სამხარეო პოლიციის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 7 მარტამდე, სულ დაიღუპა 133 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი, ხოლო 319 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. ერთ-ერთი თავდასხმისას, რომელიც Human Rights Watch- მა დააფიქსირა, გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტთან რიგს ელოდა; მეორე თავდასხმისას კი ორი ადამიანი, რომლებიც ახალი გამოსულები იყვნენ თავშესაფრიდან წყლის ასაღებად. ხარკოვის მერიის სპიკერმა Human Rights Watch- ს განუცხადა, რომ 4 მარტის მდგომარეობით, ქალაქში დარჩა დაახლოებით 500 000 ადამიანი, ომამდელი მოსახლეობიდან 1,8 მილიონი იყო” – ნათქვამია განცხადებაში.
7 მარტს ჯანდაცვის სამინისტროს ხარკოვის ოფისის უფროსის მოადგილემ, ჟანა სტროგაიამ განუცხადა Human Rights Watch-ს, რომ დაზიანდა სულ მცირე 14 სამედიცინო დაწესებულება, მათგან 9 სერიოზულად. ამასთან, Human Rights Watch-მა დააფიქსირა რვა სკოლისა და ორი უნივერსიტეტის განყოფილების დაზიანება.
“რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ სარდაფები, მიწისქვეშა ავტოსადგომები და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ბომბის თავშესაფრებად, ძალიან ცივი იყო და თავშესაფარში მშვიდობიან მოქალაქეებს არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ძირითად საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები და წყალი. კაცმა სალტივკადან, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დიდი საცხოვრებელი უბნიდან, თქვა, რომ მისმა ოჯახმა ექვსი ღამე გაატარა სარდაფში, ნულ გრადუსამდე ტემპერატურაზე, ცოტა საკვებითა და წყლით. ”იმდენად ციოდა, რომ კრუნჩხვები დამეწყო,” – თქვა მან.” – წერს Human Rights Watch.