ALDE-ს თანახმად, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის.
ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე.
“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ჩვენი წევრი პარტიის გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის დღევანდელ დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაკავების მუქარებს.
მოჩვენებით სასამართლო პროცესზე, დახურულ სხდომაზე, რომელზეც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ დასწრების უფლება და რომელზეც მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო მაუწყებელს მიეცა გადაღების უფლება – ასეთ პირობებში გამოცხადდა განაჩენი პოპულარული ლიბერალი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წინააღმდეგ მამაცურად დგომის გამო, რომლის მიზანიც არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლა.
საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების მუდმივი ეროზია სამწუხაროა. ჩვენ განვიხილავთ ამ უკანასკნელ ნაბიჯს, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს.
ქედს ვიხრით ქართველი ხალხის წინაშე მათი ურყევი ერთგულებისთვის, უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და უარყონ რუსეთის გავლენა – ისინი ამას 176 დღეა ქუჩაში აპროტესტებენ. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ამ გზაზე მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.