ვახუშტი მენაბდე – ყველა, ვინც წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობს, პოტენციური პატიმარია – ამდენი პოლიტპატიმარი ერთდროულად, მგონი, არასდროს გვყოლია

პოლიტპატიმრები ხელისუფლების ხელში იარაღია, რათა დააშინოს წინააღმდეგობის მონაწილეები, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობს, პოტენციური პატიმარია.

“ბევრი სხვადასხვა მეთოდი სცადა ხელისუფლებამ, ზოგიერთს შეეშვა, ზოგიერთს კვლავ იყენებს. პოლიტპატიმრების საკითხი ისეთი საკითხია, რომელიც მან დაიწყო და დღემდე აგრძელებს, უბრალოდ, სხვადასხვა ინტენსივობით აკეთებს ამას.

ჩვენ დღეს საქართველოში გვყავს აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის პოლიტპატიმარი. ჯერ ერთი, ამდენი პოლიტპატიმარი ერთდროულად, მგონი არასდროს გვყოლია. “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც გვყავდა პოლიტპატიმრები, რამდენიმე ანგარიში არის ამაზე მომზადებული სანდო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ ერთდროულად ამდენი მაშინ არ იყო.

“ქართული ოცნება” ახლა ჩვენ გვამყოფებს ვითარებაში, როცა გვყავს ყველაზე მეტი პოლიტპატიმარი და ჩვენ თუ შევხედავთ ამ პოლიტპატიმრების ჯგუფებს, ძალიან საინტერესო ვითარებას მივიღებთ – ერთი ჯგუფია ადამიანები, ვინც დააკავეს აქციების დროს სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებით, მეორე ჯგუფია ადამიანების, რომლებიც უკვე პირველი დღეების შემდეგ სხვადასხვა ტიპის პროტესტში ჩართულობისას დააკავეს, რომელიც პირდაპირ შეიძლება საერთოდ არ არის კავშირში რუსთაველის გამზირის მოვლენებთან, მაგალითად, ჭიათურელი მაღაროელები. ჩნდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ახალი სეგმენტი და ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთი ამის მაგალითია.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გველის ე.წ. FARA-ს ამოქმედება, სულ რამდენიმე დღეში და ძალიან ბევრი ადამიანი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არ არის თანახმა, დარეგისტრირდეს FARA-ში, ამ აგენტების რეესტრში და ჩვენ ვიცით, რომ აგენტების რეესტრში თუ არ რეგისტრირდები, ხდები სისხლის სამართლის დევნის ობიექტი და შეიძლება ეს ხელისუფლებამ გამოიყენოს და (პოლიტპატიმრების) ახალი სეგმენტი გაჩნდეს.

ხელისუფლებას ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ აჩვენოს – შენ ხარ რიგითი მონაწილე? მე შენ დაგიჭერ!

მნიშვნელობა არ აქვს, შენ ლიდერი ხარ, რიგითი ხარ, პოლიტიკური მოძრაობის წევრი ხარ, შემთხვევით მოხვდი, უბრალოდ ერთხელ გამოხვედი აქციაზე… ყველა, ვინც წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობს, არის პოტენციური პატიმარი”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share