„ოჩის ხვავი“ და „ილორა“
.
ძველი ეთნოგრაფიულ ჩანაწერების მიხედვით გურულ ფოლკლორში განსაკუთრებით კი სიმღერებში („ხელხვავი“, „ყანური“ და ა.შ.) ხშირად ვხვდებით გამოთქმას „ოჩის ხვავს“, ასევე „ღმერთო, მიე ოჩის ხვავი ამ ჩვენ კალოს“, „ოჩო ყანა დაგვილოცე“ და ა.შ.. ეთნოგრაფთა აზრით ეს ყველაფერი ქართველთა ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ასევე შესაძლებელია უკავშირდებოდეს ქატთულ წარმართულ ღმერთს ბოჩს. ფოლკლორის გარდა საინტერესოა ის, რომ გურიაში არსებობს ტოპონიმები -„ოჩოჩხა“, „ოჩოჩხინა“ და ა.შ. რომლებიც გურიის სხვადასხვა სოფლებში არაერთგზის მეორდება (თუმცა ენათმეცნიერთა აზრით აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე).
.
გურულ სიმღერებთან დაკავშირებით ნიკო მარი აღნიშნავს – „საინტერესო სტილისაა გურიაში შემონახული საერო გუნდური სიმღერები, მოტივირებული, სიტყვების გარეშე, ისინი დაკავშირებულია ყანაში მუშაობასა და სხვადასხვა ოჯახურ შემთხვევებთან, ქორწილთან, დასაფლავებასთან და ა.შ. როგორც ჩანს ამავე ტომს ჰქონდა ქრისტიანობამდელ წარმართულ კულტებთან დაკავშირებული სხვადასხვა რიტუალური გუნდური სიმღერები.“
.
ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ „ოჩი“ იგივე „ბოჩი“ უნდა იყოს – „ეფთჳმე მთაწმიდელის იმ ცნობითგან, რომელშიც ქართულ წარმართულ ღვთაებათა შორის ბოჩი-ც არის დასახელებული.“ აქვე ამბობს, რომ ბოჩი (ან ვოჩი) ჭანებს მამალი ცხვრის ე.ი. ვერძის აღსანიშვად აქვთ მიღებული და ეს იგივე მეგრული ოჩი უნდა იყოს (ვერძის და ოქროს საწმისის ქვეყანა კოლხეთი).
.
ბოჩი თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ქართველების უძველესი და უპირველესი ღმერთი იყო და „თაყვანის იცემოდა მრავალთა საუკუნეთა უწუნარეს არმაზისა.“ ხოლო შემდეგ „რომელსაცა პირველ არმაზისა თაყვანისცემისა ამას თაყვანს სცემდეს და შემდგომაცა არმაზის თაყვანის-საცემლად მიღებისა უყოფდეს დიდსა პატივსა ბოჩის.“
.
ბოჩს შვიდი ხელი ჰქონდა რომლითაც წყალობა და რისხვა მოჰქონდა კავკასიონის შიდ მწვერვალზე და მბრძანებლობდა კავკასიაზე – „ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. ბოჩისასა იტყოდნენ ამას „ესხნეს შჳდნი ჴელნი, რომლითაცა ჴელმწიფებდა თჳთოეულითა ჴელითა თჳთოულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან კავკასისათა და თჳთოეულსა ჴელსა მისსა აქვნდა თჳთო ფერი ჴელმწიფება მოფენად სარგებლობისა წყალობისა, გინა რისხვისა.“ შვიდი ხელი ნიშნავდა კავკასიაში მცხოვრებ თარგამოსიანთა შვიდ სანათესაოს „ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნესს ერთ საზოგადოობა და ჴელისა ქვეშე ქართლოსისა.“
.
ბოჩის მთავარი ტაძარი იყო ბიჭვინთაში – „ტაძარი მისი იყო ფრიადისა სიმდიდრითა შემკობილ სამზღვარსა ზედა კოლხიდისა და აფხაზიისათა ბიჭვინტას.“ ბატონიშვილი აღნიშნავს რომ ბიჭვინთაში ბოჩის ტაძრი – „ქრისტეს სარწმუნოებასა მოქცევისა შემდგომად შეიცვალა ეკკლესიად“.
.
აფხაზეთთან გურიის მხოვრებთა ქრიტიანობამდელი კავშირი გარკვეულწილად იმაშიც ისახება, რომ გურულების ერთერთი მთავარი სალოცავი იყო ილორის წმინდა გიორგი, ასევე გურიაში ყოველი წლის ყველიერის ხუთშაბათს საკულტო დღესასწაული „ილორობა“ იმართებოდა. ილორობა დღეს ყველაზე დიდი შესაწირი გახლდათ ხარი რომელსაც „ილორა“-ს ეძახდნენ და სპეციალურად ამ დღისათვის ზრდინენ, არსებობს მოსაზრება, რომ უძველეს დროში „ილორა“ სწორედ ის ღვთაება უნდა ყოფილიყო, რომელსაც ამ ხარს სწირავდნენ.
“ილორობას გურიაში გამოაცხობდნენ ძალიან დიდ ხაჭაპურს, რაც შეიძლება მეტი ყველით სავსეს – ძროხა კარგი მეწველი იქნებაო. გააკეთებდნენ ძროხის ცურის მსგავს ცომს, ამასაც ყველს ჩაურთავდნენ და გამოაცხობდნენ, საქონელს რქებზე სანთელს დაუნთებდნენ და ლოცულობდნენ” (ა. წულაძე)
.
– ივანე ჯავახიშვილი – „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“ (1992 წელი);
– Mapp Н.Я. – „История Грузии: культурно-исторический набросок; По поводу слова прот. I. Восторгова о грузинском народе“ (1906);
– თეიმურაზ ბატონიშვილი – „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“ 1848 წელი
– აპოლონ წულაძე – ეთნოგრაფიული გურია 1971

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა