რატომ „ერჩოდნენ“ ხაჭაპურიძეს საბჭოთა ისტორიკოსები
.
სხვადასხვა მასალის გაცნობისას არაერთხელ შევხვდი გურიის და საქართველოს ისტორიის მკვლევარის გიორგი ხაჭაპურიძის ე.წ. “მწვავე” კრიტიკას, რაც მას თავს დაატყდა 1931 წელს მისი ნაშრომის „გურიის აჯანყება 1841 წელს“ გამოცემის შემდეგ. ხაჭაპურიძეს აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ უკვე გამოცემულ და ფართოდ გავრცელებულ ნაშრომში შესაძლებელი იყო იმის ამოკითხვა, რომ გურიის 1841 წლის აჯანყება იყო საყოველთაო ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და არა გლეხების ბრძოლა მათ „კლასობრივ“ მტერთან და რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ უკვე დაბეჭდილი და გავრცლებული წიგნის საწინააღმდეგოდ სერიოზული კამპანია აგორებულიყო.
.
დასახლებული ნაშრომი ერთი შეხედვით გაჟღენთილია იმ პერიოდის საბჭოთა პროპაგანდითა და ისტორიის ლენინური აღქმით, თუმცა ძლიან საინტერესოა ნაშრომის ის ნაწილები სადაც ხაჭაპურიძე საარქივო წყაროების ციტირებას ახდენს, რდგანაც სწორედ ამ მასალის გამოქვეყნება გახდა მისი კრიტიკის ძირითადი საფუძველი.
.
მაგალითად ხაჭაპურიძე ციტირებს გენერალ გოლოვინის წერილს მინისტრ ჩერნიშოვისადმი – „აჯანყება გურიისა, რომელიც სულ ახლახან ცალკე სამთავროს წარმოადგენდა, კერძო კი არა, საყოველთაო იყო, იგი არ განისაზღვრებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი უბრალო ურჩობით. ამბოხების დამწყებთ, რომელთა შორის ისეთი თავად-აზნაურებიც არიან, რომელთაც სამხედრო ოფიცრების ჩინები აქვთ, გამოაცხადეს იმპერატორის ჯარების და გურიაში მყოფ ყველა რუსთა გაჟლეტის აუცილებლობაო“. ანუ გურიის 1841 წლის აჯანყება მემამულეების საწინააღმდეგო გლეხთა აჯანყება კი არა არამედ ეროვნულ გამათავისუფლებელი ხასიათის იყო.
.
ცალკე აღებული გლეხებიც კი ხაჭაპურიძის მიხედვით თურმე რუსებს ებძოდნენ და არა ადგილობრივ თავად-აზნაურობას – „გლეხები ბოლომდე განაგრძობენ გურიიდან რუსთა განსადევნად ბრძოლას, ოზურგეთის გარემოცვის დროს ისინი გენერალ ბრუესილოვს უგზაენიან მღვდელ მაქსიმე ქიქოძეს წინადადებით, რომ რუსებმა დასტოვონ გურია“.
.
ხაჭაპურიძე გურიაში დაიბადა და გაიზარდა, ნაშრომიდან ჩანს, რომ იგი პირადად იცნობდა 1841 წლის აჯანყების უკვე ძალიან ასაკოვან მონაწილეებს და მათგანაც ჰქონდა შეგროვებული ინფორმაცია. ზოგადად ნაშრომი ძალიან საინტერესოა და არაერთ მნიშნელოვან წყაროს და ინფორმაციას იძლევა (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ კი საბჭოთა პროპაგანდისაგან რეალური ფაქტების გამოცალკევებას შეძლებთ).

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა