გურულების პირველი მანიფესტი

გურულების პირველი მანიფესტი
.
ჩემი აზრით გურიის მოძრაობა 1890-იანი წლების დასაწყისიდან იწყება და საწყის ეტაპზე ეს გახლავთ გურული სოფლის მასწავლებელების საგანმანათლებლო საქმიანობა, სწორედ “გურული სოფლის მასწავლებლები” (ეგნატე ინგოროყვა, არსენ წითლიძე, ისიდორე რამიშვილი, ლავრენტი წულაძე და ა.შ.) არის განსაკუთრებული ფენომენი გურულების თავგადასავალში. ჩემი აზრით გურიის მოძრაობა არც 1906 წლის დასაწყისში გურიის დარბევით არ დასრულებულა და მისი დათრგუნვა სრულად ვერც საბჭოთა პერიოდის რეპრესიებმა შესძლო.
.
1901-1902 წლიდან გურიის მოძრაობაში ერთვებიან სოციალდემოკრატები, შესაბამისად მოთხოვნებმა ძალიან კონკრეტული და მიზანმიმართული ფორმები მიიღეს, რაც გურიის მანიფესტების სახელითაა ცნობილი. ჩემთვის ცნობილი პირველი მანიფესტი შედგა 1902 წელს სოფელ მიქელ-გაბრიელში (სოფ. შრომა), სადაც შეკრებილი ხუთასზე მეტი გურულის მოთხოვნათა გასაცნობად ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ჩავიდა. მიქელ-გაბრიელში გურულებმა შემდეგი მოთხოვნები დაუყენეს სმაგინს:
.
1. დაწესებული გადასახების შემცირება და მიწით სარგებლობის გადასახადის მოსავლის 1/8-დან 1/10 დე დაწევა;
2. საძოვრების გამოყენებისათვის გადასახადების გაუქმება;
3. აქციზის გაუქმება არაყსა და სპირტზე;
4. გზისა და ეკლესიის მოვლისა და შეკეთების მიზნით სამუშაოების ყველასათვის თანაბარად დავალდებულება;
5. მიწათმოწყობის გასახადის ყველასათვის თანაბრად დაწესება;
6. დრამის გადასახადის გაუქმება;
7. ყველა ფენისა და წოდების ადამიანის გათანაბრება კანონის წინაშე;
.
მოთხოვნებში ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ არაყზე აქციზის გაუქმების მოთხოვნა, თუმცა ეს საკითხი ძალიან აწუხებდა მოსახლეობას, რადგანაც არაყის გამოხდა და რეალიზაცია მაშინდელი გურიის ეკონომიკის ერთერთი მთავარი დარგი გახლდათ.
.
სმაგინი მოთხოვნების მოსმენის შემდეგ ჯერ გაცეხლებულა, შემდეგ დამშვიდებულა და გურულებისათვის უთქვამს: „მე ვიცი, რომ ვიღაც უსაქმურები ღამით თქვენთან დადიან და გატყუებენ, უკუღმართად გიხსნიან მეფისა და მთავრობის კანონების არსს. თუ თქვენ მათ არ დაუჯერებთ მე გპირდებით, რომ ყველა თქვენს მოთხოვნას ყურადღებას მივაქცევ და რომლის შესრულებაც შესაძლებელია დავაკმაყოფილებ. თუმცა მიწის გადასახადების გაუქმება ან მათი დაკლება ჩემი საქმე არ გახლავთ და ამისათვის დაელაპარაკეთ მემამულეებს, ხოლო დრამის გადასახადს თუ დაწყნარდებით და თხოვნით მომმართავთ გავაუქმებო.“
.
გუბერნატორის წინადადება გურულებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და უარი უთხრეს, გურულების უარს გუბერნატორი განურისხებია და ასე დაუტოვებია გურია.
.
– Очерки революционного движения в Гурии – 1906 г. Варл. Каландадзе и Вл. Мхеидзе.
ნახატი გაზეთიდან – Кавказский край 1905г. N10
.
შეიძლება იყოს შუქპირი, რუკა and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights