ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლახან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან “კარგი” სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა მისი შეფასებით, არა ისეთი, რომელიც “მყისიერ მშვიდობას” მოიტანს.
“სატელეფონო საუბრისას პუტინმა მითხრა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმისთვის პასუხის გაცემა” – წერს ტრამპი
”ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა, და ასევე სხვა განსხვავებული თავდასხმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მიერ. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ ისეთი საუბარი არა, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, და ძალიან ძლიერად, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმისთვის პასუხის გაცემა.
ასევე განვიხილეთ ირანი, და ფაქტი, რომ დრო ეწურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული! პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და ამაზე, მჯერა, თანხმობაში ვიყავით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ირანთან საუბრებში და მას შეუძლია, სავარაუდოდ, სასარგებლო იყოს ამის სწრაფი მოგვარებისკენ მოყვანაში. ჩემი მოსაზრებაა, რომ ირანი აყოვნებს თავის გადაწყვეტილებას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, და უმოკლეს დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!” , – წერს ტრამპი.