ხუხაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: თეორიული შანსები არსებობს, რომ ოპოზიციამ “ოცნებას” ძალაუფლების ნაწილი გამოგლიჯოს

“როდესაც მოწინააღმდეგეს ქვემეხები აქვს და შენ პისტოლეტზეც უარს ამბობ და აცხადებ, რომ ხმლით შეებრძოლები, არასერიოზული გამოდის” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა  თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე  დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა თქვა, დღეის მდგომარეობით პოლიტიკურმა პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, თუმცა მისივე განმარტებით, ოქტომბრამდე დიდი დროა და არსებობს იმის თეორიული შანსიც, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” “ძალაუფლების ნაწილი გამოგლიჯოს”.

”ერთი მხრივ, ის პოზიცია, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, პატივსაცემია, რადგან ეს არის სწორი, პრინციპული, მორალურად გამართული პოზიცია, მაგრამ ეს არ არის პრაქტიკული პოლიტიკის თემა. ეს არის პოლიტიკის დისიდენტური გაგება, როდესაც შენ მორალურ ძარღვზე გიჭირავს ყველაფერი და უკომპრომისოდ სადღაც მიდიხარ, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკაში ბევრი პარამეტრია გასათვალისწინებელი. როდესაც შენ მოწინააღმდეგეს ქვემეხები აქვს და შენ პისტოლეტზეც უარს ამბობ და ამბობ, რომ ხმლით შეებრძოლები, არასერიოზული გამოდის.

ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა აბაკუნოს ფეხები, კი ბატონო არ მიდიხართ არჩევნებზე, მაგრამ რას შვრებით. არანაირი გეგმა არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით, ხვალ რომ იყოს არჩევნები ვიტყოდი, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, მაგრამ ოქტომბრამდე დიდი დროა… ადგილობრივი არჩევნები არის ეტაპობრივი სვლის გზა. ერთ-ერთი რესურსია იმისა, რომ შენ შეეცადო, ძალაუფლების ნაწილი ხელისუფლებას გამოგლიჯო. ამის თეორიული შანსები არის” – განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights