ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა “ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავისი სკოლის პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი გაავრცელა, სადაც მოსწავლემ საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით საკუთარი ფანტაზიით დახატა, რასაც ასეთი სტრიქონი დაურთო – “დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა, დავრგო“.
ქალბატონი ლალის პოსტი უამრავი ადამიანისთვის ემოციური აღმოჩნდა და გიორგი გოგუაძის ნამუშევარი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
იმისთვის, რომ ეს საყვარელი ბიჭუნა ახლოს გაგვეცნო Ambebi.Ge გიორგი გოგუაძის დედას, სოფიკო მაჭარაშვილ-გოგოუაძეს ესაუბრა. გიორგის ორი უფროსი და ჰყავს – ერთი სტუდენტია, მეორე – სკოლის წარმატებული მოსწავლე.
– გიორგის ნამუშევარი ბევრმა მოიწონა და მათთვის ემოციური აღმოჩნდა. მოგვიყებით როგორ შექმნა ბავშვმა ის?
– პირველკლასელებს სკოლაში ხელოვანებას ასწავლიან, ცოტა ხნის წინ, ხელოვნების მასწავლებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ჰქონდათ დაგეგმილი და ბავშვებს მათ მომზადებაში მშობლები დავხმარებოდით.
იმავე საღამოს გიორგის ვუთხარი, – დედიკო, მოდი, დავალების შესრულება დავიწყოთ-მეთქი. მაშინ, საქართველოს რუკა დამიხატეო. შემოვსაზღვრე საქართველო, ოღონდ, აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოვყავი. გიორგი ფერადი ქაღალდებით ყვავილებს ჭრიდა. ვკითხე – რას აკეთებ-მეთქი? – რას და ეს ყვავილები რუკას დავაკრათ, ლამაზი გამოვაო… დააკრა. მერე ცალკე გამოყოფილ აფხაზეთს და სამაჩაბლოს რომ შეხედა, აქ სხვა ფერის ყვავილებს ჩავსვამო. ვუთხარი, ეს ტერიტორია რუსეთმა წაგვართვა-მეთქი. აბა, მე რომ მანდ ყვავილები მინდა, დავრგოო?! აქედან წამოვიდა ყველაფერი – თუ დაგვიბრუნებენ ჩვენს მიწას, ყვავილებს მაშინ დავრგავთ-მეთქი.
მოკლედ, მისი სურვილი იყო, ნამუშვარზე ასეთი წარწერა – “დაგმიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები უნდა დავრგო“ – გაეკეთებინა. იმ საღამოს თოვლი მოვიდა, ვიფიქრე, სკოლაში რომ ვერ წავიდეს და ნამუშევარი ვერ წაიღოს-მეთქი? ამიტომ, იმ ღამესვე მასწავლებელს გადავუგზავნე. შემდეგ დირექტორს უნახავს და ამას მოჰყვა უკვე ამბავი.
– კი, ადამიანებში ემოცია გამოიწვია… როგორი ბიჭია გიორგი გაგვაცანით?
– მოაზროვნე ბავშვია, აქტიური, მოზღვავებული ენერგია აქვს, ერთ ადგილზე ვერ ვაჩერებ. ზოგჯერ ისეთ რაღაცას მეტყვის, ვფქირობ, – სად გაიგონა, სად ნახა. ერთხელ, მე და მამამისი რაიონში საქმეზე წავედით, ბავშვიც თან გვახლდა და მეუბნება, – ჩემი უფროსი დაიკო ხომ სწავლობს უნივერსიტეტში. დიდი რომ გავხდები, მეც უნდა ვისწავლო, მაგრამ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ (მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ), აქ უნდა ვიცხოვროო. ამას რა ქვია? – შემდეგ მკითხა. ამაღლება-მეთქი. მეგონა, სოფლის სახელს მეკითხებოდა, რომ მივხდი, ამას არ გულისხმობდა, ვუპასუხე: – ეს სოფელია, ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ-მეთქი. ჰოდა, სოფელი ჩემი სული და გულიაო. არ ველოდით ასეთ პასუხს, ძალიან გაგვიკვირდა.
მსგავს რაღცებს ხშირად ამბობს ხოლმე… კომპიუტერი და ტექნიკა უყვარს, ამ ყველაფერში მისი ასაკის მიუხედავად, კარგად ერკვევა. საუბარიც ადრე და გარკვევით დაიწყო. მისი ოცნება უფრო მანქანებს უკავშირდება. თითქმის ყველა მანქანის მოდელი იცის – ამ მოდელებს სულ პატარობიდან სცნობდა. მამაკაცური თვისებები აქვს. ყურადღებიანია. მაგალითად, თუ სადმე ეზოში ყვავილი იპოვა, გამოიქცევა და მომირბენინებს. აი, ასეთი ბიჭია ჩვენი გიორგი.
Ambebi.Ge ამაღლების სკოლის დირექტორს, ლალი ყაჭეიშვილსაც დაუკავშირდა.
“ყველანი ოკუპირებული ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ და მასწავლებლები მოსწავლეებთან ამ თემაზე შესაბამის საგანმანათლებლო მუშაობას, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად, სულ ვატარებთ. ბავშვს სამშობლო და მისი კარმიდამო უნდა შეაყვარო, ფესვებს არ უნდა მოგლიჯო და გააძლიერო – მთავარი ეს არის. ამიტომ, ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს საუბრები. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც პირვეკლასელებთან ვსაუბრობთ ამაზე-მეთქი.
ამასთან, სხვადასხვა თემაზე ხშირად ვაწყობთ გამოფენებს, პატარ-პატარა კონკურსებს, კონფერენციებს, რაშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. გიორგის ჰყავს საკმაოდ კარგი ოჯახი, განათლებული უფროსი დები – ერთი სტუდენტია, მეორე – მოსწავლე, მედლის კანდიდატი. ასე რომ, ბავშვს ოჯახიდანაც აქვს ხელშეწყობა. აწვდიან თემებს ისე, როგორც საჭიროა. ალბათ, ყველანი ვმუშაობთ იმ მიმართულებით, როგორც გითხარით, პატარებს საკუთარი ქვეყანა, მიწა შევაყვაროთ და კარგ მოქალაქეებად ჩამოვაყალიბიოთ.
– გიორგი გოგუაძე თქვენი საშუალებით ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და მისი შეყვარებაც შეძლო…
– ეს ნამუშვარი რომ ვნახე, ისეთი ძლიერი ემოცია იყო, რომ მაშინვე დავდე ჩემს გვერდზე. მინდოდა, რომ ყველას ენახა, რადგანაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და ემოციის გაზიარება სხვებისთვისაც მომინდა. ბავშვები ხალასები არიან და გიორგის ეს ნამუშვარიც ამაზე მეტყველებს.