ადვოკატი: კოტე იოსელიანის გატაცება სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული ქმედებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე  კოტე იოსელიანის დაკითხვა დასრულდა – ენმ-ის ყოფილი წევრი ამბობს, რომ გამოკითხვა “ჩვეულებრივი ფორმალობა იყო”.

ენმ-ის ყოფილი წევრის თქმით, მას “ჩვეულებრივი შეკითხვები” დაუსვეს, როგორიც არის მაგალითად – რა ეცვა, სად წავიდა, რომელ საათზე, რამდენი ხანი და ა.შ..

”ეს იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისგან. ამ შეკითხვებზე გავეცი პასუხი, რა გეცვა, რომელ საათზე, სად წახვედი, რამდენი ხანი. ჩვეულებრივი შეკითხვები, რომელიც ადამიანს გაუჩნდებოდა. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველა დეტალის დადებას არაფერი არ სჭირდება, არ სჭირდება განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია.” – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

კოტე იოსელიანის უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლის გატაცების საქმე “სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული” იყო. ბექა ბასილაიას თქმით, “გამტაცებლები ერთი დიდი სტრუქტურის მონაწილე ჭანჭიკები იყვნენ”.

”ძალიან მარტივად არის ამ პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი. ჭავჭავაძეზე ღამის 4 საათზე რამდენი ადამიანი იმოძრავებდა. კამერები რომ ამოიღონ პერიმეტრზე და ნახონ მინივენის გადაადგილება, შემდეგ ამ მინივენს მიყვნენ, ნებისმიერს დააიდენტიფიცირებენ. ყველაფერი ის, რაც განხორციელდა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული ქმედება. სხვაგვარად შეუძლებელია, სცოდნოდათ ზუსტი დრო, როდის ბრუნდებოდა სახლში, დაედგათ ის სცენა, რომ ვითომ იქ გლოვოს კურიერი იდგა, მოეთხროთ მისი წინა დღეების გადაადგილებები. ეს გამტაცებლები იყვნენ ერთი დიდი სტრუქტურის მონაწილე ჭანჭიკები.” – განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

ფოტო – IPN

9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა – მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავამ დეტალურად მოყვა, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება. ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეომიმართვაში იოსელიანი ამბობს: “რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი”.

რამდენიმე საათში კოტე იოსელიანმა FB-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს 8 წლის წინ მოხდილი ბოდიში, კიდევ ერთხელ შვილების უსაფრთოების გამო მოუხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights