რუსეთი საქართველოს მმართველი პარტიის მეშვეობით, არჩევნების გაყალბებით და პირდაპირი აგენტურით იტაცებს, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “GLOBSEC 2025”-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა რუსეთი ჰიბრიდულ სტრატეგიას იყენებს, რაც ცივილური სამყაროს დაკვირვების ობიექტი უნდა იყოს. მე-5 პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰიბრიდული სტრატეგია საქართველოში გაიმარჯვებს, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ამავე მეთოდმა სხვა ქვეყნებიც მოიცვას.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ევროპას. მისი განცხადებით, “საჭიროა სწორი დახასიათება სიტუაციის. თქმა, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეს არის სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მიერ ბრძოლის გარეშე”.
”რუსეთი იტაცებს საქართველოს, არა ისე როგორც უკრაინაში, არამედ მმართველი პარტიის მეშვეობით, არჩევნების გაყალბებით, პირდაპირი აგენტურით საქართველოში და ეს არის ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც იტესტება საქართველოში. ყველა უნდა დააკვირდეს ამ ქვეყანას, რადგან თუ ეს სტრატეგია გაიმარჯვებს საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გაიმარჯვოს. ეს არის გამოწვევა ყველასთვის. მათ შორის ევროპის საგარეო პოლიტიკისთვის, გაფართოების პოლიტიკისთვის.
საჭიროა სწორი დახასიათება სიტუაციის. თქმა, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეს არის სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მიერ ბრძოლის გარეშე. ყველა ინსტიტუცია ისეა გაკონტროლებული როგორც რუსეთში. ერთი პარტია, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს. ეს უნდა იყოს ნათქვამი.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.