თელავში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული პირები, თელავის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.
მოსამართლე, გრიგოლ ვატიტაძემ, გირჩი- მეტი თავისუფლების წევრს, ზურაბ ხომერიკსა და პოლიტიკოს ზაზა ბიბილაშვილს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, გაფრთხილება დააკისრა.
ზაზა ბიბილაშვილის ადვოკატის, საბა ცაგარეიშვილის განმარტებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი პირის ჩვენებისა და ერთი ვიდეოს გამოკვლევის საფუძველზე მიიღო.
“სასამართლომ ორივე ცნო სამართალდარღვევად და გაფრთხილება შეუფარდა. მე არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება სწორია, რადგან არცერთს კანონი არ დაურღვევია. ერთი მოწმე დაკითხეს და ერთი ვიდეო გამოიკვლიეს, სადაც დაკავება იყო ასახული. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან დაკავების ვადის, 48 საათის სრულად გამოყენება, არ იყო დასაბუთებული”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ორი პირი პოლიციამ თელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, 26 თებერვალს დააკავა.
ადმინისტრაციული წარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობდა.