შესაძლოა სილამაზის სტანდარტები ყველა დროს თავისი ჰქონდა, მაგრამ დედამიწაზე ქალის სილამაზის კონკურენტი არაფერი ყოფილა. თანამედროვე ევროპაში პირველი სილამაზის კონკურსი სულაც არ ჩატარებულა საფრანგეთში, როგორც ბევრს ჰგონია, ის 1888 წელს ბელგიაში, ქალაქ სპაში ჩატარდა ადგილობრივი ლამაზმანებისთვის. მეტისმეტად მკაცრმა მამაკაცების ჟიურიმ ქალების სილამაზეს მეტისმეტად პედანტური მოთხოვნები წაუყენა და პირველივე ჯერზე 350 გოგონადან მხოლოდ 21 დატოვა, 18 წლის გამარჯვებული გოგონა კი გულუხვად 5.000 ფრანკით დააჯილდოვა…
ევროპის ქვეყნებში ბელგიისთვის მაშინვე არავის მიუბაძავს. მიზეზი სერიოზული იყო: ეპოქა გამალებული ემზადებოდა მსოფლიო ომისთვის და ევროპის ქვეყნებიც დროდადრო აალებული ომის კერების ჩაქრობას ცდილობდნენ. ამ საქმეში ჯიუტები მხოლოდ ფრანგები გამოდგნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ პირველი “მის ევროპა” პარიზში ჯერ კიდევ 1905 წელს ჩაატარეს, მაგრამ კონკურსში ევროპის ყველა ქვეყანა არ მონაწილეობდა. ევროპა სრული შემადგენლობით პარიზის “მის ევროპაზე” მხოლოდ 1920 წელს გამოცხადდა. ამ წლის პირველი “მის ევროპა” კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი ლურჯთვალება არისტოკრატი, ეკატერინე თარხნიშვილი გახდა.
ეკატერინე თარხნიშვილი კასპის სოფელ ახალქალაქში სრულიად უჩინრად გარდაიცვლებოდა, კონკურსის ამბავი თავად რომ არ გაემხილა, ოღონდ სიცოცხლის ბოლოს, 1967 წელს. ალბათ, გასაგებია, რატომ ასე გვიან – იმ დროს ევროპული ბიოგრაფიის მქონე ქართველებს აღარ ხვრეტდნენ, აღარც გადასახლებაში გზავნიდნენ. ჰოდა, ერთხელაც მოხუცმა ქალბატონმა კასპის მუზეუმში “მის ევროპა 1905”-ის დოკუმენტაცია მიიტანა და იქაურობა მალევე დატოვა. მუზეუმის ხელმძღვანელობამ კი მასთან მუზეუმის თანამშრომელი, ლიანა ბალხმაშვილი გაგზავნა. Qქალბატონი ლიანა დღეს იმ ხნის არის, რა ხნისაც მაშინ ეკატერინე თარხნიშვილი იყო. ამბობს, ჩვენ შორის რა შედარებაა: ის ლოგინად ჩავარდნილიც კი თავისი არისტოკრატული მანერებით მოკრძალებას იწვევდაო.
– მას ცხოვრებამ ყველაფერი წაართვა, მაგრამ შინ მაინც ინარჩუნებდა თავის სამყაროს.
– დიახ და ამით ცოცხლობდა. რაც მთავარია, ამას ბუნებრივად თვლიდა მეუღლეც, რომელიც მისი მეორე ქმარი იყო. ეკატერინე პირველად პარიზში გათხოვილა ფრანგ სტუდენტ მიშელ სეგალზე. მისი სახელი ისეთი მოწიწებით ახსენა, რომ მივხვდი, ისევ უყვარდა. იმდენად სევდიანად მითხრა, პირველ ქმარს მამაჩემმა დამაშორაო, გული ჩამწყდა. თუმცა, როგორც ჩანს, მამა მაინც უზომოდ უყვარდა და მისი თავდადებაც ახსოვდა. მიამბო, 1903 წელს, 13 წლის ასაკში სკოლიოზი აღმომაჩნდა და საფრანგეთში, ნიცაში გადავსახლდით, სადაც ორი წელიწადი სანატორიუმში ვმკურნალობდი. იქიდან პარიზში გადავედით, რათა მესწავლაო. სწორედ პარიზში ჩატარდა 1905 წელს “მის ევროპა”, რომელშიც ეკატერინემ გაიმარჯვა. საფრანგეთში 1903-დან 1907 წლამდე ცხოვრობდნენ, ჯერ ნიცაში, მერე პარიზში. როცა ეკატერინემ კონკურსის შესახებ გაიგო, თურმე მამამისს მოსვენება არ მისცა, ვიდრე კონკურსში მონაწილეობის ნებართვა არ მიიღო. იმ დროს პარიზი უკვე მოდის მექად ითვლებოდა. მითხრა, 15 წლის ვიყავი, პარიზის მოდას მთელი არსებით ვისრუტავდი. შანსი ხელიდან არ გავუშვი და კონკურსში მონაწილეობა მივიღე, კონკურენტიც ბევრი მყავდაო.
– რომელი ქვეყნიდან?
– უმეტესად ფრანგი გოგონები, თუმცა ამბობდა, ძალიან ლამაზები იყვნენ იტალიელები, ავსტრიელები და ესპანელებიო. თუ ეკატერინეს ჯილდოთი ვიმსჯელებთ, კონკურსზე დიდი ფული დაიხარჯა. ბოლოს ყველა კონკურსანტი ცალ-ცალკე ეტლში ჩასხეს და პარიზის ქუჩები შემოატარეს, თანაც ეტლები იმგვარად მორთეს, როგორც კონკურსანტს მოუხდებოდა. რადგან ეკატერინე ლურჯთვალა იყო, ლურჯად შეღებილ და ყვავილებით მორთულ ეტლში იჯდა. თურმე ჟიურისთან ერთად ყველაზე ლამაზი კონკურსანტის გამოვლენა მაყურებელს მიანდვეს. როგორც დარბაზში, პარიზის ქუჩებშიც კონვერტები დაარიგეს, რომლებშიც გოგონების ეტლის ნომრები და ვინაობა იყო და პარიზელებს სთხოვეს, ყველაზე ლამაზი დაესახელებინათ და ყუთებში ჩაეგდოთ. სილამაზესთან ერთად გოგონას საოცარი თმა ჰქონდა. როცა ყველა კონვერტი შეიკრიბა, ჟიურის შეფასებასთან ერთად გადაითვალეს და აღმოჩნდა, რომ ეკატერინე თარხნიშვილს ვერავინ შეედარა. წარმოიდგინეთ, ეს რა სიხარული იქნებოდა 15 წლის გოგონასთვის! მითხრა, იტალიელი კონკურსანტი მილიონერის შვილი იყო და მეშინოდა, მამამისის ხათრით მისთვის არ მიეცა ჟიურის გამარჯვებაო.
– ეკატერინემ ჯილდოდ რა მიიღო?
– ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი ოქროს მედალიონი. 1907 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ამ ბედკრულმა ქალმა თავისი არისტოკრატობის გამო იმდენად რთული ცხოვრება გაიარა, ასეთი ძვირფასი მედალიონი ვერ შერჩებოდა. თუმცა, ვიდრე რუსეთი დაგვიპყრობდა, მეორედ გათხოვდა.
– ფრანგ სტუდენტს საქართველოში დაბრუნების გამო დაშორდა?
– ვფიქრობ, სწორედ იმიტომ წამოიყვანა მამამ, რომ ეკატერინე პირველი მეუღლისაგან გადაემალა. პირველ ქორწინებაზე მითხრა, ისეთი თავნება ვიყავი, 17 წლისამ შუაღამისას ტანსაცმელი ბოღჩაში გამოვკარი, ფანჯრიდან გადავიპარე და გავთხოვდიო. ჩემი მეუღლის თავქარიანობამ მამა ჭკუიდან გადაიყვანა, მომკიდა ხელი და საქართველოში დამაბრუნაო. სხვათა შორის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ მსოფლიო ომში მოწყალების დად წავიდა. მოწყალების დის უნიფორმა მან სამუდამოდ შეინახა. ასევე ინახავდა უძვირფასეს საოჯახო ალბომსაც.A მისი გარდაცვალების შემდეგ არ ვიცი, რა ბედი ეწია. მუზეუმს მხოლოდ ის ფოტოები შემორჩა, რაც თავად გადმოგვცა. მისი გადაწყვეტილება რომ არა, ვერასოდეს გავიგებდით, როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი პარიზში “მის ევროპის” რჩეული. მისი ამბავი საქართველოს ისტორიის ნაწილია.
კვირის პალიტრა