რა წარმომავლობა აქვს შემოსავლებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს. თინათინ რუხაძის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი წლიური ხელფასი ნახევარ მილიონს აღწევს.
- თინათინ რუხაძეს 2023 წელს ეროვნული სასახლის დირექტორის პოსტზე მუშაობისას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გადაუხადეს, 514 ლარი ჩაერიცხა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟიურის წევრობისთვისაც, თუმცა მისი მთავარი, კოლოსალური შემოსავალი, სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პარალელურად, ორი კერძო კომპანიის მრჩევლობიდან აქვს მიღებული.
ვის ეკუთვნის და რას საქმიანობენ კომპანიები, რომლებმაც რჩევებისთვის თიკა რუხაძეს წელიწადში 418 ათასი ლარი გადაუხადეს?
შპს “ბიზნეს კონსალტინგ კომპანი’’თავად თიკა რუხაძის საკუთრებაა – კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ჩინოვნიკი დეკლარაციაში წერს, რომ საკუთარ კომპანიაში მრჩევლად იყო დასაქმებული და დირექტორმა მფლობელს რჩევებისთვის 158 500 ლარი გადაუხადა.
შპს “ბიზნეს კონსალტინგ კომპანის’’ დირექტორი 21 წლის დიმიტრი ჩხეიძეა, რომელსაც კულტურის მინისტრმა, კანონის თანახმად, ამ კომპანიის წილი სამართავად გადასცა. („კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი“, მინისტრის კუთვნილი წილის მმართველად დანიშვნის მომენტში, ჯერ კიდევ 20 წლის იყო).
ვინ არის ბიჭი, რომელმაც თიკა რუხაძეს, საკუთარი ბიზესის მრჩევლობაში სოლიდური თანხა გადაუხადა?!
- თიკა რუხაძე ამბობს, რომ სახელმწიფო აიპის, “მოსწავლე ახლაგაზრდობის სასახლის” დირექტორად დანიშვნის შემდეგ, საკუთარი ბიზნესის მმართველად, მეგობრის, ნინა ყიფიანის 20 წლის ვაჟი დანიშნა – მას აძლევდა რჩევებს და ის უხდიდა კომპანიიდან 158 ათას 500 ლარს წლიურად.
- ნინა ყიფიანი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, თიკა რუხაძის გამინისტრებისთანავე, გასული წლის ოქტომბერში გახდა. მანამდე 8 წლის განმავლობაში, ამავე სასახლეში, იმავე თიკა რუხაძის მოადგილე იყო. დედა საკუთარ თანამდებობაზე, შვილი კი საკუთარი კომპანიის მმართველად, ოცნების მინისტრმა, ერთდროულად გაამწესა.
- “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის” დირექტორი, პარალელურად, რჩევებს აძლევდა, კიდევ ერთი მეგობარის ნინო, ზუზუ ნოდიას კომპანიასაც, რომელმაც მეგობარს რჩევებისთვის ერთი წლის განმვალობაში 260 ათასი ლარი გადაუხადა.
- თინათინ რუხაძის რჩევები მეგობარ ნინო ზუზუ ნოდიას, თვეში 21 ათას 666 ლარი უჯდებოდა.
ირკვევა ისიც, რომ კომპანია, საიდანაც რჩევებისთვის, თინათინ რუხაძემ, მხოლოდ ერთ წელიწადში 260 ათასი ლარი მიიღო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 2 მილიონ 700 ათასით არის დაფინანსებული. შპს “თიხარტს” სახელმწიფო უწყებები კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას უკვეთავენ, თანაც ყველა შემთხვევაში უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით.
- კულტურის მინისტრის მეგობრის კომპანიის აღმავლობის ხანა 2021 წლიდან, თბილისის მერიის მსხვილი დაკვეთით იწყება – ამ კომპანიოას 756 720 ლარი კალაძის უწყებამ საახალწლო გალაკონცერტისთვის გადაუხადა.
- 2021 წლიდან დღემდე გაფორმებული თითქმის ყველა კონტრაქტი უკვე 6 ციფრიანია. 11-დან 6 კონტრაქტი კი თბილისის მერიასთან არის გაფორმებული.
თინათინ რუხაძე აქციების 25%-ს კიდევ ერთ კომპანიაში, “ალმონდ ჯორჯიაში ფლობს”. ნუშის პლანტაციების მფლობელი შპს-ს მეურნეობა, საგარეჯოში 27 ჰექტარზეა გადაჭიმული.
- “ალმონდ ჯორჯიაშიც” კულტურის მინისტრის სამეგობროს ვაწყდებით. ნინა ყიფიანი ეროვნული სასახლის დირექტორად, ყიფიანის უმცროსი ვაჟი დიმიტრი, მინისტრის წილის მმართველად, უფროსი კი ნუშის პლანტაციებში, დირექტორად და აქციების 25%-ის მფლობელად გვევლინება.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – “ქართული ოცნების” კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, ბიზნესთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 2024 წლის ბოლომდე, ის “ნაციონალური მოძრაობის” შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად, 19 წლის განმავლობაში ანტინარკოტიკული ფონდის დამფუძნებელიც იყო.
- დოკუმენტების თანახმად რუხაძემ, მერაბიშვილთან და კიდევ 6 პირთან ერთად დაფუძნებული ფონდი 2024 წლის 30 ოქტობერს, კობახიძის კაბინეტის კულტურის მინისტრად წარდგენიდან 3 კვირის შემდეგ დატოვა.