კორუფციასთან ბრძოლა, ბრძოლის იმიტაცია, თუ დარტყმა ღარიბაშვილის კაბინეტიდან დარჩენილ ერთადერთ მინისტრზე

სუს-მა 21 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს ამ დონის ჩინოვნიკის, თუნდაც უკვე გადამდგარის, დაკავების პირველი შემთხვევაა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება კორუფციასთან აქტიური მებრძოლის იმიჯის შექმნას ცდილობს. ნაწილის აზრით კი, ამას შეიძლება გაგრძელებაც მოყვეს და სხვა ჩინოვნიკების დაკავებაც ვიხილოთ. არ გამოირიცხზება ის ვარიანტიც, რომ ეს პირდაპირი დარტყმაა ეკონომიკის ახლანდელ მინისტრ ლევან დავითაშვილზეც, რომელიც პრემიერის შეცვლის შემდეგ ფაქტიურად მთავრობის ერთადერთი წევრია, რომელმაც თანამდებობა შეინარჩუნა.

მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიქაუტაძე იყო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრი, ეკონომიკის სამინისტრო კი მაშინაც და ახლაც ლევან დავითაშვილს აბარია, ის ამავე დროს ვიცე-პრემიერობის პოსტსაც იკავებს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ყოფილი ჩინოვნიკის დაკავების რეალური მოტივი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ, „შიდა კლანური დაპირისპირებაა” ღარიბაშვილისა და კობახიძის ფრთებს შორის.

რატომ გადადგა მიქაუტაძე და რას ამბობდა დავითაშვილი

მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის იყო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრი და მოქმედი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოადგილე.

მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2024 წლის 11 თებერვალს დატოვა. მაშინ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს თავად მიქაუტაძის სურვილი და გადაწყვეტილება იყო და ის კერძო სექტორში ინაცვლებდა.

ამავე დღეს დავითაშვიმა „იმედთან” სრული სიცრუე და სპეკულაციები უწოდა სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ გამოძიება მიდიოდა კორუფციის ფაქტებზე.

„მისი სურვილი იყო, ამ ეტაპზე კერძო სექტორში გაეგრძელებინა მუშაობა. ამაზე ჩვენ გარკვეული ხანი გვქონდა საუბარი. ასე რომ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ მის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა, ან ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა გუნდში. ეს არ იყო. პირიქით, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავითაშვილმა ,,იმედი ლაივის” ეთერში მიქაუტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

დროდადრო გარკვეული მედიასაშუალებებით მიქაუტაძის უკანონო შემოსავლებზე სიუჟეტები კეთდებოდა, რომელმაც კამპანიური ხასიათიც კი მიიღო, რასაც 2023 წლის ნოემბერში თავად მიქაუტაძეც გამოეხმაურა და მას „დისკრედიტაციის უსახური მცდელობა და აბსურდული ბრალდებები” უწოდა პირადად მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

მიქაუტაძე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მას და მის ოჯახს „წლების განმავლობაში” (2005-2017 წლებში) ჰქონდა მსხვილი ბისნესი და მაღალი შემოსავალი, ხოლო „მოგვიანებით ეს ბიზნესი გაყიდეს”, საიდანაც, მისი თქმით, მიიღეს 2 მლნ ლარის ფულადი ქონება”.

„რაც შეეხება კომპანიებს, ჩემი მეუღლე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანიაში „ვიუ ფოინთი”. მან საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში – თანხის ოდენობაა 2,2 მლნ აშშ დოლარი. იგი ასევე ფლობს 50-პროცენტიან წილს თბილისში მდებარე სასტუმრო „ბეთლემში”. ეს ქონებაც საბანკო კრედიტითაა ნაყიდი – მისი ოდენობა 915 000 ევროა”, -წერდა მიქაუტაძე.

ამავე განცხადებაში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობდა, რომ მედიასაშუალებებმა წარმოაჩინეს ისე, „თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებისას მიიღო დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც ასე არ არის”.

სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რომეო მიქაუტაძე დააკავეს სუს-ისა და ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

„ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.

„ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარილებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა.

„უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით.

„მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

„გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთჯერადი აქტი, თუ კორუფციასთან აქტიური ბრძოლის ნაწილი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე  იმ სცენარებზე საუბრობს, რაც შეიძლება მოჰყვეს მიქაუტაძის დაპატიმრებას.

„როგორც წესი, მინისტრის მოადგილეეებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ეს მისი პრეროგატივაა. ლილუაშვილის დანიშვნა იმიტომ ვერ შედგა, რომ მინისტრის მოადგილეების ვინაობაზე ვერ შეთანხმდნენ. მინისტრის მოადგილე, თუნდაც რომეო მიქაუტაძე, ღარიბაშვილის მიერ იქნებოდა დანიშნული, მაშინ ის გახლდათ პრემიერ-მინისტრი და რამდენად იყო ამ ყველაფრის საქმის კურსში თავად ღარიბაშვილი, ან რამდენად იყო ამ საქმეში ჩართული მაშინდელი და ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად მასშტაბური ხასიათის აღმოჩნდა ეს დარღვევები, რომ უბრალოდ გაშვება არ შეიძლებოდა და ამაზე მოხდა რეაგირება – ეს ერთი ვარიანტი.

„მეორე ვარიანტთ, შეიძლება ეს იყოს კორუფციასთან ბრძოლის რაღაც ახალი ეტაპი და ხელისუფლებამ არჩევნების წინ, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი აიმაღლოს და ნდობა მოიპოვოვოს, რომეო მიქაუტაძე არ აღმოჩნდეს პირველი და უკანასკნელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიდან, ვისთანაც მიმართაც შეიძლება დაიწყოს გამოძიება და მათაც მოეკითხოთ კანონის შესაბამისად. უახლოეს პერიოდში დავინახავთ ესაა ერთჯერადი შემთხვევა, თუ ესაა ანტიკორუფციული ღონისძიებების სერიის დასაწყისი”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, თუ მიქაუტაძის დაკავებაა არაა ერთჯერადი აქტი, რამდენად მივა ღარიბაშვილამდე საკითხი, რთული საპროგნოზოა.

„რთულია პროგნოზი, რადგან ღარიბაშვილი მაინც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო, სხვათა შორის, „ქართული ოცნებისთვის” ყველაზე რთულ პერიოდშიც და საზოგადოებაში მას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, მაგრამ არანაკლები თუ მეტი არა, ჰყავს მომხრეები, რომლებსაც მოსწონდათ, როგორც მისი მმართველობის სტილი, ისე პირადად ის, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი, შესაბამისად, თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც მე სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, ამან შეიძლება თავად „ქართულ ოცნებაში” რყევები გამოიწვიოს, საზოგადოებაში კითხვები გააჩინოს, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ადრე არა, როდესაც ადამიანს მთავრობის ხელმძღვანელობა ორჯერ ანდეს. ამის ძალიან მცირე ალბათობა კი არის, მაგრამ უფრო იქითკენ ვიხრები, რომ, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს ალბათ არ შეეხებიან, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თუ მიქაუტაძის საქმემ გაგრძელება ჰპოვა და გამოძიების ყურადღების არეალში სხვა მაღალი თანამდებობის პირები მოხვდნენ, რომლებიც იმ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყვნენ. მას ჩვენების მიცემა მოუწიოს. დაპატიმრებები შეიძლება არ გაგრძელდეს, მაგრამ შეიძლება ვიხილოთ რამდენიმე თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლება”, – განაცხადა ზააალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე  აცხადებს, რომ ეს არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ ბრძოლის იმიტაციას ჰგავს. მისივე აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიქაუტაძის დაპატიმრებით ეკონომიკის მინისტრზე განახორციელეს დარტყმა, რადგან, სურვილის შემთხვევაში, დავითაშვილის გადაყენება არავითარი პრობლემა არ იყო.

„კორუფციას რომ არ ებრძვიან, ეს გასაგებია. თუ იმიტაციას ქმნიან, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან, ესეც შეიძლება, ასეთი რამ ხდება. თუ დავითაშვილი არ უნდოდათ, ისე ვერ მოხსნიდნენ? შინაგან საქმეთა მინისტრი გაუშვა და დავითაშვილის გაშვება რა პრობლემა იყო?! შეიძლება იმიტაციას ქმნია, რომ იწყება კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ, რომ ბევრი ლაპარაკია კორუფციაზე ოპოზიციაში, საზოგადოებაში და ა.შ.

„ასეთ დროს ხდება ხოლმე კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შერჩევითი ხასიათის ნაბიჯები, რაც გააკეთა სააკაშვილმა, შევარდნაძემაც თავის დროზე. ავტორიტარულ რეჟიმებში ეს ჩვეულებრივი რამაა, რადგან ასეთი გახმაურებული სიტუაციაა – ვიღაცეებს იჭერენ, რომ ვითომ აი, კორუფციას ებრძვიან, რათა ილუზია შექმნან, თორემ არც კორუფციას ებრძვიან და არც არაფერს, შეიძლება პიროვნული ინტერესებიცაა”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია სხვა დაპატიმრებებიც ვიხილოთ, ძაბირაძემ გვითხრა: „არ ვიცი. თუ ეს კამპანიაა დაწყებული, დაპატიმრებები იქნება, თუ ასეთი კამპანია არაა და ერთჯერადი აქტია, ამასაც ვნახავთ”.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights