ზურაბ ფარჯიანი-ირანი-ისრაელი. შუალედური შედეგები

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კონფლიქტი მდორე სტადიაში გადავიდა ან საერთოდ მორჩა, ამიტომ შეგვიძლია რაღაც შუალედური შეჯამება გავაკეთოთ. ვინ რა მოიგო და რა წააგო.
მაშ ასე:
● ირანმა დაკარგა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი და, ფაქტობრივად დაუცველი გახდა ნებისმიერი რეგიონული სახელმწიფოს თავდასხმებისგან. რეგიონული ჰეგემონიის პრეტენზიები და იმპერიული ამბიციები, სერიოზულად შეუკვეცეს.
■ამასთან ირანმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავიც კი ვერ ჩამოაგდო. რაც ასევე მინუს 1 ქულაა პრესტიჟზე.
● სავარაუდოდ, ირანის სამხედრო პოტენციალის აღდგენის ნებისმიერ მცდელობას ისრაელი შემდგომშიც ჩაახშობს. დაკარგული სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა ფარულადაც შეუძლებელი იქნება – ირანში ისრაელის აგენტების რაოდენობისა და ქვეყნის სახელმწიფო აპარატის კორუმპირებულობის გათვალისწინებით.
● ომმა აჩვენა, რომ ათწლეულების განმავლობაში ირანის უსაფრთხოების აპარატში და თავდაცვაში ჩადებული უზარმაზარი თანხები ფუჭად დაიხარჯა. ამან წესით უნდა დააფიქროს ირანის მმართველი ელიტაც და მოსახლეობაც. ფასი ძალიან მაღალია და შედეგები უმნიშვნელო.
● როგორც რეგიონული სამხედრო და იდეოლოგიური ძალა, ირანი დიდი ხნით გამოთიშული იქნება რეგიონული „დიდი თამაშიდან“.
● რეგიონში ირანის მარიონეტული ქსელი მნიშვნელოვნად დასუსტებული ან უბრალოდ განადგურებულია. “ჰამასი” და “ჰესბოლა”, სირია, ყველაფერი, რაც ამდენი წლის განმავლობაში შენდებოდა – დაიკარგა. „მოკავშირეები“ მომავალში კარგად დაფიქრდებიან, რამდენად ღირს იმ ქვეყნის მოკავშირეობა, რომელიც საკუთარ თავსაც კი ვერ ეხმარება. ლიბანს უჩნდება შანსი მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყანა გახდეს, ისევე როგორც სირიას და ერაყს. ღაზა და იემენი ალბათ ისევე გაგრძელდება. აქ რამე ძირეულად პოზიტიურის მოლოდინი არ მაქვს.
● ლიკვიდირებული ირანელი გენერლები და უსაფრთხოების აპარატის თანამშრომლები, დარტყმები სამხედრო ბაზებზე, საწყობებზე და სახელმწიფო და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტებზე აუცილებლად დაასუსტებს რეჟიმს.
● რეჟიმის ცვლილება მოკლე დროში მეეჭვება, მაგრამ ფაქტია რესურსები შეუმცირდებათ, ასე რომ მოსახლეობის მომდევნო გამოსვლებისას შეიძლება ისე გულადები არ იყვნენ. მით უმეტეს, რომ “დროშის გარშემო მობილიზაციის” ეფექტი ჩაცხრება და ხალხს და ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს ბევრი კითხვა გაუჩნდება.
● რუსეთი – თავად ირანის მერე ყველაზე მეტად წაგებული კონფლიქტის სწრაფად და ირანის მარცხით დასრულებით, რუსეთია. ნავთობის ფასი დაბლა ჩამოვიდა, ირანი დასუსტდა, რუსეთის შუამავლობა არავის დაჭირდა, მისი “მოკავშირეობა” კი რეალობაში დიდი არაფერი ხეირი აღმოჩნდა. მოსკოვში სასწრაფოდ ჩაფრენილ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს პუტინმა მხოლოდ “საუკეთესო სურვილები” (наилучшие пожелания) გაატანა უკან თეირანში.
უკრაინაში ომამდე, განსაკუთრებით სირიისა და ყაზახეთის მერე, რუსები ძალიან იბრიქებოდნენ, რომ რუსეთი „უსაფრთხოების ექსპორტს“ ახდენდა რეგიონში. ახლა კი, ყარაბაღის, სირიის, უკრაინის და უკვე ირანის მერე არ მგონია ვინმეს მოუნდეს რუსეთისგან ამ “პროდუქტის” ყიდვა.
● ჩინეთი – არც დიდად მოიგო, არც წააგო.
● აშშ და ტრამპი – ყველა ვარიანტში win-win.
● ზოგადი სიტუაცია – თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა და ირანის ბირთვული შესაძლებლობების აღდგენა არ მოხდება, რეგიონი შეიძლება დამშვიდდეს და დაკარგოს გლობალური „დენთის კასრის“ სტატუსი. ადგილობრივი კონფლიქტები დარჩება, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაპირისპირებაში გადაზრდის რისკები შემცირდება.
● ისრაელი შეინარჩუნებს რეგიონული ჰეგემონის სტატუსს, ნავთობის მონარქიები შეძლებენ სამხედრო ბიუჯეტის ნაწილის შემცირებას და შედეგად, “დასავლეთის” სამხედრო, სადაზვერვო თუ დიპლომატიური რესურსები შესაძლოა სხვა მიმართულებით წავიდეს, მათ შორის უკრაინაში.
● უკრაინაზე მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვიქნებოდი – ირანის მარცხი არ ნიშნავს რომ ხვალ და ზეგ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაგრამ ფაქტია რუსეთის გათვლები, რომ ირანში კონფლიქტი მეტ-ნაკლებად დიდი ხნით გაგრძელდებოდა და მსოფლიოს ყურადღებას გადაიტანდა, ჯერჯერობით არ გამართლდა. რაც კარგია. დანარჩენი აგერ ნატო-ს სამიტია ჰააგაში და იქ უფრო გამოჩნდება.
■ შესაძლო გრძელვადიანი ნეგატივი:
თუ ირანი შეძლებს ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას და ამ ეტაპზე რამე საიმედო “ღია” ინფორმაცია, თუ რეალურად რა ზიანი მიადგათ ირანის ბირთვულ პროექტებს არ არსებობს, მაშინ მთელი „RISING LION“ და „MIDNIGHT HAMMER“ ოპერაცია არსებითად სტრატეგიული წარუმატებლობა აღმოჩნდება.
ექსპერტების რაღაც ნაწილი დარწმუნებულია, რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლეს ირანის ბირთვული მასალებისა და წარმოების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება. ასევე საუბრობენ ირანის დაახლოებით 400 კგ 60%-იანი U-235 მარაგზე, რომელიც, შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა 10-მდე ატომური ბომბისთვის. რეალურად რა ხდება, ამ ეტაპზე მაინც გაურკვეველია. იმედი ვიქონიოთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ისე დაზიანდა, ვეღარ მოახერხოს წამოდგომა.
ცხადია, თეირანი უსაფრთხოების გარანტიად ბირთვული არსენალის მოპოვებას შეეცდება, და მას ამის საშუალება არ უნდა მიეცეს.
● საქართველო – ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights