წლიდან წლამდე ხალხს ცხოვრება უძვირდება – ეს არის რეალობა, რომელიც სახელმწიფოს მთავარი მთვლელის სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს. წინა წელთან შედარებით ინფლაცია 4%-ია, მაგრამ ცალ-ცალკე პროდუქტებზე ცხოვრების გაძვირება კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს. 10%-ით მოიმატა სურსათის ფასმა, 26%-ით გაიზარდა ბოსტეულის ფასი, 20%-ით ზეთის ფასი – სწორედ ეს არის თითოეული ადამიანისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები.
პროდუქტების ყიდვისას ყველაზე მარტივად შესამჩნევია, როგორ იმატებს ფასები. “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ეს სიმძიმე არ იგრძნობა ეკონომიკური ზრდის ფონზე, თუმცა ივანიშვილის პარტიაში არ სურთ იმის აღიარება, რომ რიცხვები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, მოქალაქეებზე ვერ აისახება.
როგორია რეალობა? მოსახლეობის მეხუთედი სიღარიბეში ცხოვრობს და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ისინი, ვინც მუშაობენ, დაახლოებით, 1000 ლარამდე ხელფასს იღებენ. ამ ხელფასის ძირითადი ნაწილი სწორედ პირველადი საჭიროების პროდუქტებზე მიდის და შესაბამისად, საზოგადოების მოწყვლადი ნაწილი ყველაზე მძიმედ გრძნობს ფასების მატებას.