ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”სულ რამდენიმე წინადადებით მინდა შეგაწუხოთ:
1. სპორტსმენი ქვეყანას რომ ასახელებს, ჯილდოს ცალსახად იმსახურებს. საკამათო აქ არაფერია. 1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კამანში მერი პაკელიანმა მთელი რაზმი გაანადგურა, თავადაც გმირულად დაიღუპა და, ჩემი აზრით, ხუთჯერ მეტ ჯილდოს იმსახურებს! ვეტერანთა სამსახური და მისი ხელმძღვანელობა ფეხდაფეხ დაყვება ვეტერანებს, დაუღალავად შრომობს და მე მათ, ჩემს საამაყო თანამებრძოლებს: კობას, ვოვას, მირონს, ნიკას, ჯანრის, ყველას მადლობას ვუხდი. ახლა ვეტერანთა სამსახურზე კი არა, რომელიც მართლა თავდადებულად იღწვის, სახელმწიფო პოლიტიკაზე ვსაუბრობ. სპორტსმენი აუცილებლად უნდა დააჯილდოვო, ეს უდაოა, მაგრამ ანწუხელიძე ათჯერ მეტად უნდა იყოს დაჯილდოვებული და ომის გმირები, რომლებიც დღესაც ცოცხალნი არიან, ათჯერ მეტად უნდა დაჯილდოვდნენ!!! ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა შვილთან ერთად 13 თვე და 13 დღე ომში გაატარა და არანაირად არ ულხინს, ჯილდოს და ფულად პრემიას არ იმსახურებს? მეტის თქმა აღარ მინდა.
2. ქართული ზნეობა ერის, სამშობლოსა და რწმენის ერთგულებაა. ხალხი რომ პატიმრებს აწამებს, კოდორს და ახალგორს გაყიდის და ეკლესიას თავს ესხმის, აი, ასეთი ხალხი ციხის ნაცვლად, პარლამენტში რომ აღმოჩნდება, თანაც, არაერთხელ, ამათ დანაშაულს მთელ ქვეყანას რომ დაავიწყებ, გააფერმკრთალებ და გააუფასურებ და ამ ყველაფერს კოჰაბიტაცით, დემოკრატიის გადარჩენით და სხვა ათასგვარი მელაკუდობით რომ ახსნი, ეს ქართული ზნეობაა?
3. მწამებელს და მიწების გამყიდველს რომ არ დასჯი და ამავდროულად, კომისიის სხდომაზე მიუსვლელობის გამო კაცს რომ დაიჭერ, ამით წამებულის მანტიით რომ მოსავ, ეს ასეა, თუ მე მეჩვენება?
4. ახლა რომ აცხადებ,- არჩევნებში იმონაწილეონ და გავათავისუფლებთო, ერთმა ევროდეპუტატმა მკითხა: ანუ ხალხს იმიტომ იჭერენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა აიძულონო?
5. არ ვიცი, რას აცნობიერებს და რას ვერ აცნობიერებს ხელისუფლება, ერთ რამეს კი ვხედავ: თუ სიმართლისთვის, სამშობლოსთვის და ღმერთისთვის იღწვი, სულ ტანჯვასა და გაჭირვებაში ამოგხდება სული! თუ ხელისუფლებას მოერგები და დაემორჩილები, გინდ სამშობლო გაყიდე, გინდ რწმენა შეურაცხყავი, გინდ ხალხი აწამე, მაინც კარგად იქნები… უნდა დავფიქრდეთ, რა მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდა თაობას.” – წერს ინაშვილი.