მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა კვლევა, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. კვლევებმა აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებებია, – იუწყება „მთავარი“.
ამასთან, ირკვევა, რომ კლინიკა “ვივამედში” არ აღმოჩნდა ისეთი ტიპის აპარატი, როგორსაც მედიკოსები ითხოვდნენ. ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები ამბობენ, რომ უფრო მაღალი გარჩევადობის აპარატია საჭირო იმ დიაგნოზის დასაზუსტებლად, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ.
“ჩატარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა. მათივე კონსულტანტი ნევროპათოლოგის მიერ დადგინდა, რომ არის გადაცდომები, დარღვევები, თუმცა რა შინაარსისაა, რაზე მიუთითებს და რა დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა ეს ინფორმაცია, ჩვენ არ ვიცით. არცერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება, მშობლებს დაუმალოს ინფორმაცია”, – ამბობს პროფესორი ლალი ჯავაშვილი.
ამასთან, უკვე დაიწყო ჩანაცვლებითი კვებითი თერაპია, რისი მოთხოვნაც არსებობდა. ასევე, დადასტურებულია საკვების მიუღებლობით გამოწვეული ცილოვანი შიმშილის დიაგნოზი.
“არაერთგზის აქვს გაცხადებული ოჯახს, რომ აუცილებელია გაყვანა საზღვარგარეთ მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. პენიტენციური სამსახური არჩევანს არ აძლევს პაციენტს, ჩაიტაროს ალტერნატიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თვეების განმავლობაში ირღვევა ექსპერტიზის უფლება, სამართლებრივად მხოლოდ ექსპერტიზა და სასამართლო წყვეტს გადავადებული იქნება თუ არა სასჯელი ეს არის ადამიანის უფლების უპრეცენდენტო დარღვევა”, – ამბობს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი. ცნობისთვის, უკვე მე-10 დღეა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ალტერნატიული კომისიის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შესვლასა და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ