რუსებმა მანქანაში ოჯახი ჩაცხრილეს – სახლის სარდაფში მოწყობილი “წამების ოთახი” და ომის დანაშაულები უკრაინაში

ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ ჰუსარივკაში რუსმა ოკუპანტებმა წამების ოთახი მოაწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ფედერაციის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციამ კერძო სახლის ტერიტორიაზე მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დასახიჩრებული ცხედრები იპოვა.

“4 აპრილს რუსი სამხედროების დანაშაულების დოკუმენტირებისას გამომძიებლებმა კერძო სახლის სარდაფში სამი დასახიჩრებული და ნაწამები ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა ვინაობა დგინდება. გამოძიების ინფორმაციით, ცხედრების ექსპერტიზამ ხანგრძლივი შეურაცხყოფისა და წამების კვალი აღმოაჩინა. ხალხი ცოცხლად დაწვეს. ერთი ბავშვი აწამეს. დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სარდლობა ეზოში დიდი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული”, – ნათქვამია განცხადებაში. 

პოლიცია განცხადებაში უთითებს, რომ ამავე სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში მედიკოსად მუშაობდა. ექსპერტიზის დროს გამომძიებლებმა სხეულსა და სახეზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს. მამაკაცს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. მამაკაცის გულმკერდის არეში ტყვიით ჭრილობა აღენიშნებოდა.

ასევე მათი ინფორმაციით, გზატკეცილზე, მანქანაში მამაკაცის, ქალისა და მათი სამი წლის ბავშვის ცხედრებია ნაპოვნი. მათი გარდაცვალების მიზეზი საარტილერიო დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებები გახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share