“9 აპრილს ჩვენც ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ, მაგრამ გალესილი ნიჩბებით თუ აგვკუწავდნენ, ამას ვინ წარმოიდგენდა?! მიტინგს რომ ასე არბევ, ომში რაღას იზამ?! ეს არის ბრძანება, რომ აჩვენეთ სისასტიკე და შეაშინეთო… ეგ არის გათვლილი, რომ ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე, ყველას გვეშინოდეს და გვეშინია კიდეც!”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და სერიალ “ჩცდ”-ში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ქეთი ჩხეიძე:
“რა ვანდალიზმსაც ვხედავთ, მთლად ამდენი ვერ წარმომედგინა, მაგრამ, დაახლოებით, მსგავსს ვფიქრობდი… ქვეყანა, რომელსაც ასეთი პოზიცია უჭირავს – ყველაფერი ჩემია, ყველა ჩემი მონაა! იმ ადამიანების ერთობამ, რომელიც დღეს რუსეთს მართავს, ჩანს, თავის შედეგი მოიტანა…
ბოლოსდაბოლოს, ადამიანებზეა დამოკიდებული ყველა გადაწყვეტილება. თუ როგორ უნდა ჩატარდეს ოპერაცია, რა ბრძანებასაც გენერალი იძლევა, ჯარისკაცები ისე მოქმედებენ.
გვახსოვს, აფხაზეთშიც რა წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს და ეს არის შიშის დათესვის მეთოდი… გეშინოდეთ ჩემი, მე არ დავინდობ არც ბავშვს, არც მოხუცს, არავისო… არ ვიცი, ამ საშინელი ურჩხულის მოსპობა რამდენად შესაძლებელია, მაგრამ დღეს ეგ უკრაინამ თავის თავზე სიცოცხლის ფასად აიღო.
ჩვენც ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ 9 აპრილს, მაგრამ გალესილი ნიჩბებით თუ აგვკუწავდნენ, მაგას ვინ წარმოიდგენდა?! მიტინგს რომ ასე არბევ, ომში რას იზამ?! ეს არის ბრძანება, რომ აჩვენეთ სისასტიკე, შეაშინეთო… ეგ არის გათვლილი, რომ ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე, ყველას გვეშინოდეს და გვეშინია კიდეც.
მე შეიძლება მომინდეს – ჩეხოვის, ლერმონტოვის, დოსტოევსკის, პუშკინის, ჩაიკოვსკის შესახებ საუბარი, რადგან რუსეთი ეგეც არის! მაგრამ დღეს მაგათზე საუბარი რა შუაშია? არ შეიძლება მკითხო, შენთვის რუსეთი ლია ახეჯაკოვა არის თუ პუტინიო… ფაშიზმის დროს ვინმე კითხულობდა, ახლა გერმანია ჰიტლერია თუ მოცარტიო?
უბედურება ტრიალებს, ჩვენ თუ ომში ვართ, ომის დროს კარაქიანი პურის ჭამა არ გამოდის! ომს თავისი კანონები, თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განწყობა აქვს! რაღა ახლა ვიმღერო რუსული რომანსი? თორემ მე ძალიან მიყვარს! ახლა ამის დრო არ არის!
თავისუფლება იმ მონსტრთან, რაც არის ეს უდიდესი იმპერია, სხვანაირად არ მოიპოვება… ამას ამტკიცებს ეგ ხალხი – მოვკვდები, მაგრამ არ დაგემონებიო! “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!..” – აცხადებს ჩხეიძე.
კვირის პალიტრა