რეიდები თბილისში – სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს სახლებში აკითხავენ ან ქუჩაში აჩერებენ და ნარკოლოგიურში შემოწმებაზე გადაჰყავთ. ბოლო ერთ საათში ნარკოლოგიურში, სულ მცირე, 3 ადამიანი გადაიყვანეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას შეყვარებულის სახლთან მიაკითხეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა.
ბექა პაპაშვილის მეგობარი გოგო ყვება, რომ პოლიციამ თავდაპირველად მას დაურეკა, მისამართი დააზუსტა, უთხრა, რომ ფოსტიდან უკავშირდებოდნენ, შემდეგ კი პაპაშვილი დიღომში გადაიყვანეს.
დამირეკეს, როცა სახლში ვიმყოფებოდი. მითხრეს, რომ საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია ჰქონდათ ჩემთვის გადმოსაცემი ეჭვი არ შემპარვია, რავიცი ვენდობი ადამიანებს და ჩვეულებრივად მივეცი მისამართი. არ იყო შანსი იმის, რომ ბექა ჩემთან ყოფილიყო. ჩავედით ქვევით, ჩვეულებრივად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები იყვნენ და უცებ რომ მივტრიალდი, დავინახე, როგორ იცვამდნენ კრიმპოლის მოსაცმელებს. შემდეგ გააცნეს ბექას ინფორმაცია და წაიყვანეს, – ამბობს პაპაშვილის მეგობარი.
დიღომში, საექსპერტო განყოფილებასთან, სადაც ახალგაზრდები შემოწმებაზე ჰყავთ მიყვანილი, ადვოკატები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.
ექსპერტიზაზე მიიყვანეს “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ჯორბენაძე, რომელსაც პოლიციამ ასევე ნარკოლოგიური შემოწმება მოსთხოვა.