გურიის მოამბე

ზახაროვას თქმით, ტრამპის მუქარები რუსეთთან ურთიერთობის “ნორმალიზებაზე კარგად ვერ აისახება”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარები რუსეთის მიმართ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების “ნორმალიზების პროცესზე კარგად ვერ აისახება”.

ზახაროვას თქმით, ქვეყნებს შორის ნორმალიზაციაზე საუბრის დროს “საფრთხეების საკითხები რუდიმენტივით უნდა გადაიდოს”.

“ვერცერთი მუქარა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, ნორმალიზების პროცესებზე დადებითად ვერ აისახება. ეს უბრალოდ თეორიული პასუხია პრაქტიკულ კითხვაზე. თეორიული იმიტომ, რომ ეს ბუნების კანონია”. – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვა ირწმუნება, რომ რუსეთისთვის და მისი პარტნიორებისთვის დაწესებული “უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები” “უბრალოდ გარკვეულ რუტინად იქცა”. მისივე მტკიცებით,  “ცხადი გახდა, რომ დასავლეთი ამ ნოტაზე გაიჭედა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებებზე კრემლმა რეაქცია უკვე გამოხატა.

“განცხადება გავრცელდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვაშინგტონში გაჟღერებული განცხადება გაითვალისწინა”. – თქვა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის განცხადებების პასუხად კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა “სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა”.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებული იყო და ამის გამო მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებდა.

“მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო – დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედვთ” – თქვა ტრამპმა

ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ “თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთის წინააღმდეგ] მეორად სანქციებს დააწესებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights