30 ივლისის გამთენიისას რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.
კამჩატკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის ზოგიერთ რეგიონსა და ჰავაიზე ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.
იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.
კუნძულ ჰოკაიდოზე გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, რადგან ცუნამის პირველმა ტალღებმა კუნძულს უკვე მიაღწია, თუმცა ტალღების სიმაღლე მცირეა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე 30-დან 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები ფიქსირდება.
ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და ჰაივაიზე, სადაც გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, ეს 1952 წლის შემდეგ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.
იმედია, ასეთი ძლიერი მიწისძვრისგან წარმოქმნილი ცუნამი არ იქნება დამანგრეველი და არ გამოიწვევს ისეთივე მასშტაბურ კატასტროფას, რაც 2011 წლის 11 მარტს მოხდა იაპონური ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ოკეანის 15-მეტრიანმა ტალღებმა წალეკა…
მაგრამ, თუკი იაპონური ფუკუსიმას ტრაგედია პირდაპირ ეთერში მთელმა მსოფლიომ იხილა, იმავე მსოფლიოსთვის ორმოცი წელი დამალული იყო კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრისგან გამოწვეული ცუნამის კატასტროფული შედეგები, რაც 1952 წელს მოხდა…
1952 წლის 5 ნოემბრის გამთენიისას საბჭოთა კავშირის კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან 50-იოდე კმ-ის დაშორებით, წყნარი ოკეანის 20-30 კმ-ის სიღრმეში მოხდა, რიხტერის შკალით, 8,3 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა, რომლის მიერ გამოწვეული ცუნამის 12-15 მ სიმაღლის ტალღებმა 35-40 წუთში მიაღწიეს კუნძულ პარამუშირზე მდებარე საპორტო ქალაქ სევერო-კურილსკამდე და…მთლიანად წალეკეს ის…
ცუნამის მეორე, კიდევ უფრო ძლიერი ტალღები ამ ქალაქს 20 წუთის შემდეგ დაატყდა თავს და პირველ ტალღას გადარჩენილი და სამშვიდობოზე გამოსული მოსახლეობაც იმსხვერპლა…
სხვადასხვა მონაცემით ამ ტრაგედიას სევერო-კურილსკში შეიძლება 14 ათასამდე სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე ამ ქალაქში მომუშავე ჩრდილოეთ-კორეელი მუშებიც შეეწირნენ. ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ლავრენტი ბერიას უწყებას ექნებოდა, მაგრამ სევერო-კურილსკის ტრაგედია იმ დონემდე გაასაიდუმლოეს, რომ ერთი აბზაცითაც კი არ ახსენეს მაშინდელ საბჭოთა გაზეთებში და მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა მის შესახებ ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის…
გასაგებია, რომ 1952 წლის დამანგრეველი ცუნამის კატასტროფული შედეგების დამალვის მთავარი ინიციატორი საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერი სტალინი იქნებოდა, რომელსაც არანირად არ აწყობდა ამის შესახებ მილიონობით საბჭოთა მოქალაქეს შეეტყო, თორემ იაპონიამ და აშშ-მა მთელ მსოფლიოს მაშინვე აუწყეს ამ ცუნამის მიერ საბჭოთა ქალაქის სევერო-კურილსკის წალეკვის შესახებ…
მაშინ 1952 წლის მიწისძვრისგან წარმოქმნილი ძლიერი ცუნამის ტალღები არა მარტო საბჭოთა კურილიის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს, არამედ – ჰავაის კუნძულებს, აშშ-ისა და კანადის დასავლეთ სანაპიროებს და თვით პერუმდე და ჩილემდეც კი მიაღწიეს, მაგრამ უკვე შემცირებული სიმაღლის ტალღებით და დიდი ნგრევა სხვა სანაპიროებზე არ გამოუწვევიათ.
როდესაც დღევანდელ, რიხტერის შკალით 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ადარებენ 1952 წლის 8,3 მაგნიტუდის მიწისძვრას, ბუნებრივია, არსებობს დიდი საშიშროება,რომ ამ დროს წარმოქმნილმა ძლიერი ცუნამის ტალღებმა იგივე მარშრუტი გაიმეორონ, როგორც 73 წლის წინათ.
კვირის პალიტრა