“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ამ წუთებში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ანთებული ფანრებით გაივლიან რუსთაველის გამზირს.
მარშის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ “ქართულ ოცნებას“, რომ თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. პარლამენტის შენობასთან მოეწყობა ფოტოგამოფენა, იმ მედიის, რომელიც წლებია სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას.
2 კვირის წინ 22 ონლან მედია ერთი სლოგანის ქვეშ გაერთიანდა. დღეს კი მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მარშს მართავს.
იქამდე, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი გვიზის ციხეში, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, სხვადასხვა ცვლილებებით, საკნონმდებლო ცვლილებებით, შანტაჟით, მუქარით, ფუნქციონირების აკრძალვით, დაიხურა უამრავი მედია, განსაკუთრებით რეგიონული და ახლა ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს ქართველი ხალხის ბრძოლა უნდა დასრულდეს გამარჯვებით. ეს არ არის ჩვენი რეალური როლი, მეგაფონი, რომელიც ხელში მიჭირავს არ არის ის ნივთი, რომელსაც შეჩვეული ვარ, პირიქით, მირჩევნია, სცენის უკან ვიდგე და გავაშუქო მოვლენები და ადამიანებს ვუთხრა სიმართლე, მაგრამ მოგვიწია ამის კეთება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ თუ არ იქნება სინათლე, ჩვენი ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული და სინათლეში ჩვენ ვგულისხმობთ ინფორმაციას, რომელიც დღესდღეობით ადამიანისთვის აუცილებელი იარაღია,- განაცხადა ზურა ვარდიაშვილმა.
“ფანრების მარში” რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება და პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას შეუერთდება, სადაც ასევე ფოტოგამოფენა მოეწყობა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“ შეუერთდა.
პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.