გურიის მოამბე

გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდი პარლამენტში შევიდეს

გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდი პარლამენტში შევიდეს – ამის შესახებ ექს პრემიერმა ისაუბრა.

მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” გახანგრძლივებული 12 მანდატს გამოიყენებს. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ”.

გიორგი გახარიას თქმით, “საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო”.

”დღეს, პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ უბრალოდ, დღეს, ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვცალია. ამიტომ, გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო.

დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ არ ვცვლით პოზიციას იმიტომ, რომ ამის დრო არ არის. ახლა ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის.
არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.

მე არ ვთვლი, რომ ბოიკოტი არის და გამომდინარეობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან…

მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ,” – ამბობს გიორგი გახარია.

“ქართული ოცნების” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტია, “გახარია – საქართველოსთვის“ გამოკლებულ წევრთა ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა. საგაზაფხულო სესიის დახურვამდე “არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის” საბაბით უფლებამოსილება გახარიას პარტიის 12 დეპუტატს შეუწყდა. პარტია პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს.

ცნობისთვის, წესისამებრ, როცა საარჩევნო სია გაუქმებული არ არის, გამოკლებული წევრის ადგილი სიის რიგითობის მიხედვით ივსება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights