დასავლეთ საქართველოში თხილის ინტენსიური ხმობის პროცესი გრძელდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ თხილის ხმობა გამოწვეულია 3 დაავადებით: ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე Pseudomonas.
უწყებაში განმარტავენ, რომ ჩატარებული ანალიზების და რეკომენდაციების გადამოწმების მიზნით, საჭირო გახდა საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობა. მათივე ცნობით, ამ მიზნით საქართველოში უახლოეს პერიოდში იგეგმება იტალიის – ტურინის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი, რომელიც ადგილზე კვლევებს 6 თვის ვადაში განახორციელებს.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021–2024 წლებში დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა) დაფიქსირდა თხილის სწრაფი ხმობის შემთხვევები.
ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ თხილის ხმობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), ასევე სხვა პათოგენური დაავადებები. დამატებით ნიმუშებში აღმოჩნდა ბაქტერიული კიბო ( Pseudomonas avellanae), რომლის ინტენსიური კვლევა ხორციელდება როგორც კლასიკური ბაქტერიოლოგიური, ასევე მოლეკულური (PCR) მეთოდებით.
2025 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარებული დნმ ანალიზის შედეგად დაზიანებული ნარგავების ნიმუშებში დადასტურდა ბაქტერიული სიდამწვრე Pseudomonas-ის არსებობა.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზების და რეკომენდაციების გადამოწმების მიზნით, საჭირო გახდა საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობა.
სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის იანვრიდან ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს იტალიის – ტურინის უნივერსიტეტის პროფესორ ვლადიმირო გარნაჩასთან, რომელსაც აქვს როგორც მრავალწლიანი გამოცდილება, ისე უახლეს ლაბორატორიულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და პრობლემის მართვის პრაქტიკული ცოდნა. ნიმუშების აღებისა და დამატებითი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაზუსტების მიზნით, საქართველოში მისი ვიზიტი დაგეგმილია მიმდინარე წლის უახლოეს პერიოდში. სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს პერიოდი განისაზღვრა 6 თვის ვადით, რომელიც მოიცავს: ანალიზების ჩატარებას, ხელმეორედ ანალიზების აღებასა და გადამოწმებას“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროში.
რომელი 3 დაავადების გამო ხმება თხილი დასავლეთ საქართველოში
მათივე ცნობით, 2025 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ნიმუშების აღებისა და კვლევის მიზნით ცენტრმა განხორციელდა დამატებითი საველე ვიზიტები გურიასა და სამეგრელოში.
„აგვისტოს დასაწყისში სამეგრელოსა და გურიის ოთხ ლოკაციაზე (ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი) ჩაატარა საინფორმაციო სემინარები თხილის ხმობის (ფსევდომონა, ვერტიცილიოზი და სხვ.) პრევენციის თემაზე, რომელსაც 80-ზე მეტი ფერმერი, აგრონომი და ექსტენციის თანამშრომელი დაესწრო.
ამასთან ერთად, მიმდინარეობს ფერმერების ინფორმირება და ვრცელდება სარეკომენდაციო პაკეტები, რომლებიც მოიცავს როგორც პრევენციულ, ისე სამკურნალო ღონისძიებებს. პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ატარებენ ექსპერიმენტულ კვლევებს სხვადასხვა პრეპარატების ეფექტიანობის შესაფასებლად, რაც მიზნად ისახავს პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტას.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელია: ფერმერებმა პრობლემის პრევენციის მიზნით სამუშაოები დაიწყონ მიმდინარე წლის საშემოდგომო პერიოდის დადგომისთანავე“, – განუცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ საქართველოს ნაწილში თხილი ხმება. ჩვენთან საუბრისას ფერმერები გურიიდან აცხადებენ, რომ თხილის ხმობის პროცესი ბოლო პერიოდია ინტენსიურად მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღების დეტალური კვლევა იგეგმება. მომსახურების შესყიდვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აპირებს. ცენტმა 12 აგვისტოს გამარტივებული შესყიდვა მოითხოვა. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა. შესყიდვის ღირებულება 15 000 ევროს შეადგენს.