გურიის მოამბე

პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ბათუმიდან გადაიყვანეს

ირაკლი დგებუაძე  ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო და ცრუ მოწმე „მზია ამაღლობელის საქმეში“.

საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესცენტრიდან ამ დრომდე არ მიაწოდეს.

ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია „მზია ამაღლობელის საქმეში“ – ბათუმის პოლიციის უფროსის თქმით, სილის გაწვნის შედეგად მან ტკივილი განიცადა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.

პროევროპულ აქციებზე დაკავებული არაერთი სხვა პირი ადანაშაულებდა ირაკლი დგებუაძეს ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში. არცერთი ეს შემთხვევა პროკურატურას არ გამოუძიებია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights